ქართველების განელებული ინტერესი "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ
თიკო ოსმანოვა
20.01.2017

 40-მდე დაღუპული და 70-მდე წასული - ასეთია სირიასა და ერაყში მებრძოლი ქართველების სტატისტიკა, თუმცა ეს მხოლოდ არაოფიციალურად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის მონაცემებით კი, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.

კავკასიოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, ქართველების ინტერესი "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ შენებულია, შესაბამისად მისი აზრით, არაბულ ქვეყანაში მებრძოლი ქართველების მასობრივი გადასვლა აღარ ხდება და ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

"მე ვიხრები იმ აზრისკენ, რომ შემცირდა, განსაკუთრებით ასლან ბათირაშვილის სიკვდილის და იმ ნაბიჯების შემდეგ, რომელიც გადაიდგა ქართველი სპეცსამსახურების მხრიდან. ასევე, თვითონ სირიაში შექმნილმა ვითარებამ გაანელა ჩვენი მოქალაქეების ენთუზიაზმი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაში ხდება ბრძოლების წარმართვა.

"ასევე აღსანიშნავია, რომ ბათირაშვილის და ბევრი კავკასიელი საველე მეთაურის სიკვდილის შემდეგ ლიდერობა ხელში შუააზიელებმა და არაბებმა ჩაიგდეს. აქედან გამომდინარე, კავკასიელებისთვის ნიშა შეიზღუდა. თუმცა, ქართველები შუა აზიაში სამუშაოდ მაინც მიდიან, შემდეგ გადადიან თუ არა სირიაში ან ერაყში, რთული სათქმელია, ამიტომ არ ვიცით ამჟამად სირიაში სულ რამდენი ქართველი იბრძვის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას არეშიძე.

კავკასიოლოგ სულხან ბორძიკაშვილის განმარტებით, მხოლოდ პანკისიდან სირიაში 50-მდე ქართველია წასული.

აღსანიშნავია, რომ სირიაში საბრძოლველად პანკისის გარდა წასულები არიან აჭარიდან და ქვემო ქართლიდანაც. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ყველა მათგანზე ფლობენ ინფორმაციას და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები გატარდება.

ცნობისთვის, საზღვარგარეთ უკანონო ფორმირების შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა ისჯება კანონით. შესაბამისად, სირიაში საქართველოდან წასულ მოქალაქეებზე, დაბრუნების შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნა დაიწყება.

"მარტო პანკისიდან დაახლოებით 50 ქართველი მებრძოლია წასული და სულ 25 დაღუპული. ძირითადად სირიაში, თუმცა კონკრეტულად რომელ ქალაქებში, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, ბოლოს 17-18 წლის ბიჭები რომ წავიდნენ, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქში იბრძოდნენ.

"ქართველები ძირითადად "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან, თუმცა, მაგალითად მანგოშვილმა, რომელიც დუისიდან იყო, საკუთარი დაჯგუფება შექმნა და ისე იბრძოდა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ", - გვითხრა ბორძიკაშვილმა.

ცნობისთვის სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებები ყოველდღიურად მიმდინარეობს. სამშაბათს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად დაიკავეს. რაც შეეხება დასავლეთ მოსულს, მას ჯერ კიდევ "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.

ერაყის სამთავრობო ძალები ახლა მდინარე ტიგროსზე გადასვლას ცდილობენ, რათა ქალაქის დარჩენილი ნაწილი დაიკავონ. მოსული ერაყის ბოლო მსხვილი დასახლებული პუნქტია, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. ქალაქისთვის ბრძოლა უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. ერაყის სამხედრო მეთაურობა მოსულის აღებას რამდენიმე თვეში გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×