კორნელი კაკაჩია თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი უხერხულ მდგომარეობაში აგდებს აშშ-ის პრეზიდენტს
ნინო ქეთელაური
19.01.2017

 პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ტრამპისა და აშშ-ს ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის პოზიცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ახალი პრეზიდენტი რაც უნდა ეცადოს, აშშ-ს პოლიტიკის შეცვლა გაუჭირდება.

"მართალია, ტრამპი პრეზიდენტია, მაგრამ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მისი ადმინისტრაციის სხვა წევრებს. მათ შორის, თავდაცვის მინისტრის, ასევე სახელმწიფო მინისტრის განცხადებებს, რომლებიც მის პოზიციასთან საკმაოდ წინააღმდეგობრივია.

მაგალითად, თავდაცვის მინისტრი პირიქით, ნატოს მომხრეა და მისი სტრუქტურების გაძლიერებას უჭერს მხარს. მთლიანობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წევრების შეხებულებები განსხვავდება როგორც ზოგიერთ, ასევე გლობალური პოლიტიკის საკითხებთან მიმართებით.

"რაც მთავარია, ტრამპის ამ განცხადებაში იკვეთება, რომ გარკვეულწილად ის დღეს არის ე.წ იზოლაციონისტების, თუ რეალისტების სკოლის წარმომადგენლების ზეგავლენის ქვეშ და ცდილობს, აშშ წაიყვანოს ნეო იზოლაციონიზმისკენ, რაც, როგორც უნდა ეცადოს, არა მგონია, გამოუვიდეს. იმიტომ, რომ აშშ არ არის პატარა სახელმწიფო, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია.

"ამის მცდელობები ბევრ ადმინისტრაციას ჰქონდა, მათ შორის, ობამამაც იგივე პრინციპით დაიწყო, რომ არ სურდა ომებში ჩარეულიყო და ავღანეთიდანაც ჯარი გამოეყვანა, მაგრამ საბოლოოდ ყველამ ვიცით როგორც დაამთავრა. რეალურად, წინასწარ რაც დაანონსებილი ჰქონდა, ამ ყველაფერზე უარის თქმა მოუწია და ის დღემდე რუსეთისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი ინიციატორია", - ამბობს კორნელი კაკაჩია და აღნიშნავს, რომ აშშ-ს ოფიციალური პოზიციის გაგება და შეფასება ინაუგურაციდან 100 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"უმჯობესია, პირველი 100 დღის განმავლობაში დავაკვირდეთ, თუ როგორი იქნება აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, როდესაც მთელი კაბინეტი შეუდგება მუშაობას.

ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ.

"რაც მთავარია, მისი იდეები პოპულარული არ არის, როგორც ევროატლანტიკურ მოკავშირეებში, ისევე შიგნით ადმინისტრაციაში. ის სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის როგორც კონგრესიდან, ისე სენატიდან. შეიძლება ითქვას, რომ ის ცოტა უჩვეულო მდგომარეობაშია.

"ამ ყველაფერს კიდევ ემატება ისიც, რომ აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის პოზიციას იცავს ვლადიმერ პუტინი, რომელიც კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აგდებს მის პოზიციას", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×