აკაკი გვიმრაძე
18.08.2016

 წარმოებულია ჩინეთში - ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მსგავსი წარწერა უნდობლობას იწვევდა, ითვლებოდა, რომ ჩინური პროდუქტები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობდა. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ჩინელი მწარმოებლები ხარისხს მუდმივად აუმჯობესებენ და საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო კონკურენტუნარიანნი ხდებიან.

ამის არაერთი მაგალითი გვაქვს: კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიები "ჰუავეი" და "ლენოვო" დღეს უკვე მსოფლიოს საუკეთესო ბრენდებს კონკურენციას უწევენ, ინტერნეტგიგანტები "ალიბაბა" და "ბაიდუ" აზიის დაპყრობის შემდეგ ამერიკის ბაზარზე იმაგრებენ პოზიციებს, სპორტული ეკიპირების მწარმოებლების, "ლი ნინის", "361"-ის, "ანტას", ფორმებში არაერთი ქვეყნის ნაკრებია შემოსილი რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე.

თუ განვითარება მსგავსი ტემპით გაგრძელდა, ალბათ მოვა დრო, როდესაც "მეიდ ინ ჩაინა", მომავალში ხარისხის ისეთივე გარანტი იქნება, როგორიც "მეიდ ინ ჯაპან", ან "მეიდ ინ სვიზერლენდ".

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენში ჩინეთის შესახებ ისეთი წარმოდგენაა შექმნილი, რომელიც ალბათ უფრო 10 წლის წინანდელ ვითარებას ასახავს და არა დღევანდელ რეალობას. არადა, ამ ქვეყანაში მოვლენები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ გვგონია.

საერთოდაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ დროის განსაზღვრება განსხვავებულია ევროპაში და განსხვავებულია ჩინეთში. იქ სურათები, პეიზაჟები, ხედები, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, შენობები, სერვისები, პროდუქტების ხარისხი ძალიან სწრაფად იცვლება, ადამიანები სულ უფრო გაუმჯობესებულ პროდუქტებს მოიხმარენ და მათი გემოვნება და მოთხოვნები მზარდია.

ჩინელებმა გემო გაუგეს ღვინოს, ყველს, ყავას, შოკოლადს... ყველა იმ მსუნაგობებსა და სიამტკბილობას, რაც დასავლურმა სამყარომ შექმნა და სულ უფრო მეტად მოიხმარენ ამ პროდუქტებს. ჩინეთში იყიდება ყველაფერი, რაც დასავლური ცივილიზაციის ფუფუნების მწვერვალია - ავტომობილებით დაწყებული და ტანსაცმლით დამთავრებული.

ყოველ მომდევნო წელს, როდესაც ჩავდივარ ჩინეთში, ყოველთვის რაღაც განსხვავებულს და შეცვლილს ვხედავ...იქ, სადაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ სამშენებლო მოედანი იყო, დღეს ცათამბჯენები, ან სხვადასხვა დანიშნულების მასშტაბური კომპლექსებია განლაგებული.

მიწის დეფიციტისა და მოსახლეობის სიმრავლის გამო ჩინელები ცდილობენ ცის მაქსიმალურად ათვისებას, შესაბამისად მრავალსართულიან შენობებს წმინდა პრაქტიკული დანიშნულება აქვს და ნაკლები კავშირი აქვს კოხტაპრუწობასა და თავის გამოჩენის სურვილთან. შეიძლება ასეც ითქვას, რომ უდიდესი ჩინური ქალაქები ზეცისკენ მიიწევენ, ისინი სიმაღლეში იზრდებიან და ვითარდებიან.

აქ ყველგან იგრძნობა განახლება, ტრანსფორმაცია და ეს პროცესი სწრაფია. დღევანდელ ჩინეთს შევადარებდი ახალგაზრდა (ქვეყნის ასაკს არ ვგულისხმობ), დიდი პოტენციალის მქონე და უაღრესად მოტივირებულ სპორტსმენს, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს, რომ ყოველ წელს სულ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენოს და ახალი სიმაღლეები დაძლიოს.

საინტერესოა რა იქნება 10 წლის შემდეგ...

საქართველოში ჩინეთის საელჩოს დახმარებით ქართულ მედიას მოგვეცა შესაძლებლობა ორი კვირის განმავლობაში გვემოგზაურა 4 ქალაქში: დედაქალაქი პეკინი, ჩინეთის განახლების სიმბოლო შანხაი, უძველესი დედაქალაქი სიანი და აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ლანჭოუ. ოთხივე ეს რეგიონი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია და კარგად წარმოაჩენს ამ უდიდესი ქვეყნის მრავალფეროვნებასა და მრავალსახეობას.

პეკინი (ბეიჯინგი)

მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს სიდიდით მე-3 ქალაქი (2015 წლის ოფიციალური მონაცემებით ბეიჯინგში 21 705 000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა რეალურად რაოდენობა 24 მილიონს აღწევს) პლანეტის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მემკვიდრეობას ინახავს.

"ჩრდილოეთის დედაქალაქი" (ესაა ბეიჯინგის მნიშვნელობა) საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩინეთის სახესა და რეალობას, აქ ისტორიისა და თანამედროვეობის ყველაზე რეალისტური ნაზავია. ამ ქალაქში შეგიძლიათ შეიგრძნოთ ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

ეს არის უაღრესად საინტერესო, მრავალფეროვანი, უმდიდრესი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ქალაქი, სადაც ჩასვლისას ყოველთვის ახალი რამის აღმოჩენა შეიძლება. უბრალოდ ხანდახან უნდა გადაუხვიოთ ტურისტულ მარშრუტებს და მიჰყვეთ რომელიმე შემთხვევით მიმართულებას, რის გამოც ნამდვილად არ ინანებთ, რადგანაც ნებისმიერი მარშრუტის არჩევისას აუცილებლად შეგხვდებათ რაიმე ისეთი, რაც თქვენს ინტერესს გამოიწვევს.

ჩინეთის დიდი კედელი, აკრძალული ქალაქი (ჩინელი იმპერატორების მთავარი სასახლე კომპლექსი, დაწყებული მინის და დამთავრებული ცინის დინასტიით), ზაფხულის სასახლე, ჰუტონგები (ძველი ბეიჯინური უბნები), ტიანანმენის მოედანი და სხვა, ეს ის ადგილებია, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

შანხაი

ეგრეთ წოდებული ჩინური სასწაულის საუკეთესო მაგალითი - ეს არის ზღაპარი იმაზე, თუ როგორ გადაიქცა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მეთევზეთა სოფელი 25-მილიონიან მეგაქალაქად, გლობალურ ფინანსურ და სატრასპორტო ცენტრად, მსოფლიოში უმსხვილესი საზღვაო პორტით. ქალაქი, რომელიც განთქმულია თავისი ცათამბჯენებითა და ევროპული არქიტექტურით, განლაგებულია მდინარე იანძეს დელტაში, ხოლო აღმოსავლეთით მას აღმოსავლეთ-ჩინური ზღვა აკრავს. შანხაის ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე ხუანპუ.

შანხაი ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქია ჩინეთში - აქ ალბათ ყველაზე მეტი რაოდენობით შეხვდებით ინგლისურად მოსაუბრე მოსახლეობას, რაც პირდაპირ კავშირშია ქალაქის ისტორიასთან.

ჯერ კიდევ პირველი ოპიუმის ომის დროს შანხაიში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის არმია იდგა, ხოლო მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ხელმოწერილი ვანსიას ხელშეკრულებით დასავლურმა ქვეყნებმა მიიღეს ექსტერიტორიული უფლებები, სწორედ ამის შედეგია ის ევროპული არქიტექტურა და უბნები, რომლებიც დღეს შანხაის ერთ ნაწილს ამშვენებს.

შანხაიში საბაზრო ეკონომიკური რეფორმები მხოლოდ 1992 წელს დაიწყო და ფაქტობრივად ამ 25 წლის განმავლობაში მოხდა ის ეკონომიკური საოცრება, რაზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. დაიწყო არნახული სამშენებლო ბუმი, რომელმაც თანამედროვე ქალაქის სახე შექმნა და რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

თანამედროვე და შეიძლება ითქვას, მომავლის სუპერტექნოლოგიებს, ახალ გამოგონებებს, თამამ იდეებსა და გადაწყვეტილებებს ყველაფერს შანხაიში შეხვდებით. 632 მეტრიანი შანხაის კოშკი და სუპერსწრაფი მატარებელი, რომელიც 431 კმ-საათში სიჩქარეს ავითარებს პუდუნის საერთაშორისო აეროპორტამდე (30 კილომეტრიან მანძილს საშუალოდ 7 წუთსა და 20 წამში ფარავს) თანამედროვე შანხაის არსს გამოხატავს.

სიანი

შანხაიდან თითქმის 2-საათიანი ფრენა და ჩვენ უკვე ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ ცენტრში, ქალაქ სიანში ვართ, რომელიც 13 დინასტიის განმავლობაში ქვეყნის დედექალაქი და ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი იყო, ხოლო დღეს შანსის პროვინციის დედაქალაქს წარმოადგენს.

სიანი რადიკალურად განსხვავდება შანხაისაგან, აქ ყველაფერს სიძველის, გარკვეულწილად ხელუხლებლობის და ნამდვილი ჩინურის იერსახე აქვს. აქ ნაკლებად შეხვდებით ინგლისურ წარწერებს, ისევე, როგორც ინგლისურად მოსაუბრე მოსახლეობას.

ამის მიუხედავად სიანი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული მიმართულებაა, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

ეს არის ლეგენდებით მოსილი მხარე, რომელიც აბრეშუმის გზაზე მიმავალი ქარავნებისათვის მთავარი დანიშნულების წერტილი იყო. სწორედ სიანშია აღმართული ნულოვანი კილომეტრის აღმნიშვნელი მონუმენტი, როგორც საწყისი წერტილი დიდი აბრეშუმის გზისა. ამის შესახებ ინფორმაციის მიღება აბრეშუმის გზის მუზეუმში შეიძლება, რომელიც სწორედ ამ მონაკვეთშია განლაგებული.

თუმცა, სიანის მთავარი ტურისტული მარგალიტი, რაღა თქმა უნდა იმპერატორ ცინ შიხუანდის მავზოლეუმია ლეგენდარული ტერაკოტას არმიით.

გრანდიოზული მასშტაბის მავზოლეუმში ცინის დინასტიის პირველ იმპერატორ შიხუანდთან (რომელმაც გააერთიანა ჩინეთი) ერთად დასაფლავებულ იქნა 8099 მეომრის და მათი ცხენების სრულზომიანი სტატუა. მავზოლეუმის მშენებლობა 38 წელი გაგრძელდა და მის აგებაზე დასაქმებული იყო 700 ათასამდე სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი.

მავზოლეუმი შემხვევით იქნა აღმოჩენილი 1974 წელს ადგილობრივი გლეხების მიერ. სწორედ ამ უძველესი ისტორიული ძეგლის სანახავად მოიწევენ ტურისტები სიანში მთელი ჩინეთიდან და მსოფლიოდან, რასაც ქალაქისა და მთელი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლები მოაქვს.

ლანჭოუ

ჩვენი მოგზაურობა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჭოუში დასრულდა, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად მოიაზრება და შესაბამისად ბოლო წლებში აქ დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია მიმდინარეობს, რამაც ლანჭოუ თანამედროვე ქალაქად უნდა აქციოს.

ქალაქი იმითაცაა ცნობილი, რომ ის გაშენებულია მდინარე ხუანხეს (ყვითელი მდინარე) ნაპირებზე, რომელიც მსოფლიოში სიგრძით მე-6 ადგილზე იმყოფება (5464 კმ.).

ლანჭოუ ჩინეთის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ჰაბია, რომელიც თავისი თანამედროვე აეროპორტით, სარკინიგზრო მაგისტრალითა და საავტომობილო გზებით სტრატეგიული სატრანსპორტო მარშრუტების გადაკვეთის წერტილია და მეორე საჰაერო მიმართულებაა ჩინეთში (ურუმჩის შემდეგ), რომელიც საქართველოს დედაქალაქს დაუკავშირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×