სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ შეცვალა ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება
    ია აბულაშვილი
    19.09.2009

    აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს იან ფიშერს სატელეფონო საუბრისას შეატყობინა, რომ აღნიშნული გეგმის რეალიზაციას რისკების შეფასების მიზნით აჩერებს, თუმცა თავდაცვითი სისტემების განუთავსებ- ლობის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ს ადმინისტრაციას მიღებული არ აქვს.
    ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა პრაღაში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-მ უარი თქვა პოლონეთსა და ჩეხეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებაზე.
    "ბარაკ ობამამ ადგილობრივი დროით 00.21 საათზე დამირეკა, ასევე პოლონეთს მიაწოდეს ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენეტის გადაწყვეტილების შესახებ", - აცხადებს იან ფიშერი.
    როგორც აღმოჩნდა, ამერიკა მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების ადგილს ცვლის. აშშ-ს სარდლობის შტაბის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჯეიმ კარტრაიტის განცხადებით: "აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არა პოლონეთსა და ჩეხეთში, არამედ კავკასიასთან ახლოს განათავსდება".
    აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესახებ ახალი გადაწყვეტილება რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს. "ჩვენ აქ რუსეთის ინტერესებს ვითვალისწინებთ", - აცხადებს ობამა და ამ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
    გავლენიანი ამერიკული გაზეთები წერენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მოერიდა რუსეთის გაღიზიანებას და ევროპაში ჰაერსაწინაამდეგო სისტემების განთავსების გეგმებიდან იმ პუნქტების ამოღებას აპირებს, რომელიც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.
    ამერიკული გამოცემა "ნიუ იორკ ტაიმსი" წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობამ ობამას ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც ღალატი.
    "ჯორჯ ბუშმა კავშირები დაამყარა პოლონეთთან, ჩეხეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რუმინეთთან და ისინი ყველაზე ერთგულ ევროპელ მოკავშირეებად აქცია. ახლა კი ობამამ თავის უარით გააცამტვერა ხვალინდელი დღის იმედი, რომელიც ბუშის დროს გაჩნდა. ობამას ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას უთმობს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას, რაც ამავდროულად ასუსტებს ადმინისტრაციის შესაძლებლობებს ევროკავშირზე ზემოქმედების კუთხით. ბუშის გუნდი ახერხებდა, შუბლით "დატაკებოდა" ევროპელებს, მხარს უჭერდა ნატოში საქართველოს და უკრაინის მიღებას, რომელსაც მუდმივად ლობირებდნენ პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები", - წერია გამოცემაში.
    საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციაში საუბარია, მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის იმ ელემენტების პროცესის შეჩერებაზე, რომელიც ევროპაში უნდა განთავსდეს.
    "ჯერჯერობით გამოცხადებულია დროებითი შეჩერება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც ადმინისტრცია დაასრულებს საფრთხეების გადახედვას. ობამამ მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია იწყებს საფრთხეების ხელახლ შეფასებას, თუ რამდენად ადეკვატურია დღეს არსებულ რეალურ საფრთხეებთან. ჯერჯერობით ამ პროცესთან გვაქვს საქმე", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
    მისი თქმით, ყველა სახელმწიფო, განსაკუთრებით აღმოსვლეთ ევროპის უპირველესი მიზანია, ჰქონდეთ მყარი გარანტიები რუსეთის მხრიდან წამოსული შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, ხოლო აგვისტოს მოვლენებმა საფრთხის განცდა გაუძლიერა აღმოსვლეთის ევროპის ქვეყნებს. ირაკლი მენაღარიშვილი არ იზიარებს "ღალატის" და "უკან დახევის" ეპითეტებით შემკულ მოსაზრებას და ეს ხელოვნურად შექმნილ თემად ეჩვენება.
    "ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეჭვი შევიტანოთ აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებებში. რუსეთი არ გახლავთ ის ქვეყანა, რომელთანაც ვაჭრობა და გარიგება შეიძლება, მათი შეპირების ფასი ყველამ კარგად იცის. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შექმის პოლიტიკაზე კი არ ამბობს უარს, არამედ ამ სისტემის საუკეთესო კონფიგურაციაზე ფიქრობს", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
    ექსპერტის სამხედრო საკითხებში, გიორგი მელითაურის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ პოლონეთში ეს სისტემა არ განთავსდებოდა, რადგან ამის შესახებ თავად პოლონეთის ხელისუფლება აცხადებდა.
    "ამიტომაც გასაკვირი არ არის, ანალოგიური რამ ჩეხეთის შემთხვევაშიც მომხდარიყო. საერთოდ, ეს კომპლექსური ღონისძიებაა და აზრი არა აქვს ამ სისტემის მხოლოდ ერთ ქვეყანაში განლაგებას. საკითხის შეჩერების მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ მოხდა შეთანხმება მოსკოვთან, რომლის მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ ამერიკას ეს სისტემები არ განეთავსებინა, რომელიც თითქოსდა საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. მოხდა ვაჭრობა და ამის შემდეგ ამერიკამ მიიღო რუსეთის თანხმობა, ავღანეთში ოპერაციების წარმოებისას გამოეყენებინა რუსეთის სატრასნპორტო კორიდორი. გარკვეული მოლაპარაკება შედგა, ალბათ, ირანთან დაკავშირებითაც, კერძოდ, ბირთვული ტექნოლოგიების გავრცელების შეზღუდვის თაობაზე. ამერიკა იძულებული იყო, გადაედგა ეს ნაბიჯი და ამ გზით მიეღო დივიდენდები ავღანეთთან დაკავშირებით. რუსეთისათვის და, კერძოდ, პუტინისათვის ეს პრესტიჟის საქმეა. ეს არის ვაჭრობა დიდ პლიტიკაში და როდესაც საუბარია ზესახელმწიფოების გლობალურ ინტერესებზე, პატარა ქვეყნები ყოველთვის ამ ინტერესების მსხვერპლნი ხდებიან", - განაცხადა გიორგი მელითაურმა.
    "მას შემდეგ, რაც ობამა მოვიდა ხელისუფლებაში, მას ბევრი პრობლემა დახვდა. მთავარი პრობლემა არის ეკონომიკური კრიზისი, უსაფრთხოების საკითხები კი დიდი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ასევე არსებობდა რუსეთის საფრთხე, ეს ყველაფერი აიწონ-დაიწონა და ობამას ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე სჯობს, შეაჩეროს პროექტები აღმოსავლეთ ევროპაში. ამერიკის პოლიტიკა რუსეთთან "გადატვირთვის" რეჟიმში მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუ ამ ორი ქვეყნის ინტერესები გადაიკვეთება, ამერიკას ექნება მორალური უფლება, განაახლოს პროექტები. ამერიკას თავის დაწყებული პროექტები ბოლომდე მიჰყავს, მით უმეტეს აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული. ეს ნაბიჯი კი შეიძლება ნაწილობრივ გულს ფხანს რუსეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს უარს ამერიკის მხრიდან. ეს არის ტაქტიკური სვლა სტრატეგიული მიზნებისათვის", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter