ექსპერტთა შეფასებით, სეპარატისტთა ახალი სამხედრო კამპანიის მიზანი მარიუპოლის აღება და ყირიმთან სახმელეთო კავშირის დამყარებაა
ვახტანგ შამუგია
04.06.2015

 უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ადგილობრივი და დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, მეამბოხეთა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა 3 ივნისს, გამთენიისას, ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს დასახლებულ პუნქტ მარინკაზე. ეს დასახლებული პუნქტი დონეცკიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შტაბის ცნობით, უკრაინელ სამხედროებს 1 500-ზე მეტი პრორუსი სეპარატისტი უტევს. ბრძოლებში აქტიურადაა ჩართული მეამბოხეთა მძიმე ტექნიკა და არტილერია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის მარინკაში არსებული სიტუაცია კრიტიკულია. დაჭრილია სამთავრობო ჯარების 50-მდე მებრძოლი, არიან დაღუპულებიც. სოფელ მარიანკაში უკრაინის არმიის 28-ე ბრიგადაა განთავსებული.

პრორუსი სეპარატისტებისა და რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობებით კი, უკრაინელი არტილერისტების მიერ 2 და 3 ივნისს დაიბომბა ქალაქი დონეცკი და მისი შემოგარენი, აგრეთვე, დონეცკის საერთაშორისო აეროპორტი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი დებალცევო. ამავე წყაროს ცნობით, დაიღუპა 16 ადამიანი, სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო 20-მდე პირმა. დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა როგორც მშვიდობიან მოქალაქეებში, აგრეთვე მეამბოხეთა რიგებში.

ვრცელდება ინფორმაცია ბრძოლებზე დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. მასზე კონტროლი უკრაინელმა სამხედროებმა ამ წლის დასაწყისში დაკარგეს.

დონბასში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა. მისი თქმით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსალეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებები ახალი ძალით განახლდა. ამ ყველაფრის უკან, მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დგას. ის საერთაშორისო თანამეგობრობისაგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ითხოვს, რათა მოხდეს სიტუაციის დარეგულირება.

"პუტინის ბოევიკებმა ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში ახალი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. ალბათ სწორედ ამიტომ რუსეთმა 2 ივნისს ჩაშალა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, დღეს კი ტერორისტებს სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება მისცა. ეს კიდევ ერთი გამოწვევაა მსოფლიო საზოგადოებისთვის. მე ველოდები, რომ "დიდი შვიდეულის" სამიტზე საერთაშორისო საზოგადოება შესაბამის და ადეკვატურ პასუხს გასცემს რუსეთის აგრესიას", - განაცხადა იაცენიუკმა უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შტაბის ცნობით, ბრძოლებისას, უკრაინელი სამხედროების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი რუსული არმიის მოქმედი ოფიცერი, თუმცა დაჭრილი სამხედროს მდგომარეობა მძიმე იყო და იგი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ 3 ივნისსვე პრორუსმა სეპარატისტებმა ინტენსიური საარტილერიო იერიში მიიტანეს დასახლებულ პუნქტ შიროკინოზე, რომელიც ქალაქ მარიოპულთან მდებარეობს.

თავის მხრივ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ედუარდ ბასურინმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია სოფელ მარიანკაზე განხორციელებული იერიშის შესახებ.

"მარიანკა არის ნეიტრალური ტერიტორია და ჩვენ მასზე იერიში არ მიგვიტანია. რაც შეეხება მარიოპულის მიმართულებას, იქ მიმდინარეობს ბრძოლები, თუმცა უკრაინელების პოზიციებს ჩვენ არ ვუტევთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან გაკეთებულ საგანგებო ბრიფინგზე ედუარდ ბასურინმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინელმა არტილერისტებმა მიიტანეს მასიური იერიში ფრონტისპირა დასახლებულ პუნქტებზე, რასაც მოჰყვა ნგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

ჯერ კიდევ მაისის ბოლოს რუსი ბლოგერების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელდა უკრაინასთან მოსაზღვრე როსტოვის ოლქში რუსული არმიის ჯავშანტექნიკისა და სამხედრო ძალების მობილიზების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. ერთ-ერთი ფოტო გადაღებულია დასახლებულ პუნქტ მატვეევ კურგანში, რომელიც სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ს დაშორებითაა. ფოტოზე ნაჩვენებია სარკინიგზო სადგურზე გაჩერებული ეშელონი, რომელზეც 40-მდე "ტ-72" ტიპის ტანკია.

ბლოგერებმა აგრეთვე დააფიქსირეს მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარების ბატარეებისა და საბრძოლო მასალებით დატვირთული სატვირთო მანქანების გადაადგილება უკრაინის მომართულებით. საგულისხმოა, რომ ჯავშანტექნიკაზე წაშლილია საბორტე ნომრები, რომლის მიხედვითაც ხდება იმის იდენტიფიცირება, თუ რომელ სამხედრო ნაწილს ეკუთვნის ესა თუ ის ჯავშანმანქანა.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ზაფხულისათვის საბრძოლო მოქმედებების ახალი ძალით განახლებას ბევრი პოლიტოლოგი თუ სამხედრო ანალიტიკოსი წინასწარმეტყველებდა. ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა, საარტილერიო იერიშები პერიოდულად ხორციელდებოდა როგორც სეპარატისტების, აგრეთვე სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საერთაშორისო დამკვირვებელთა ცნობით, 12 თებერვალს მინსკში მოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ, საერთო ჯამში, დონბასში 200-მდე მეტი ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

ქართველი სამხედრო მიმომხილველი გიორგი ინაური ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების ფართომაშტაბიან განახლებას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს. მისი აზრით, ძირითადი შეტევა ზღვისპირა ქალაქ მარიოპულის მიმართულებით განხორციელდება, რადგანაც მას პრორუსი სეპარატისტებისათვის, ისევე როგორც რუსეთისათვის, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მისი აღების შემთხვევაში მოსკოვი პირდაპირ სახმელეთო კავშირს დაამყარებს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან.

"ამ ეტაპზე მარიანკაზე განხორციელებული მოულოდნელი მძლავრი იერიში ან ე.წ. "თვალის ასახვევი" ცრუმანევრი იყო, ან სამთავრობო ჯარების ძალების მოსინჯვა. არავისთვის საიდუმლო აღარაა, რომ ლუგანსკელ და დონეცკელ სეპარატისტებს საკმაოდ სერიოზული სამხედრო პოტენციალი გააჩნიათ. ეს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმზეც გამოჩნდა.

"უკრაინულმა არმიამ დიდი დანაკარგები ნახა როგორც პირად შემადგენლობაში, აგრეთვე მძიმე ტექნიკაში, მაგრამ მას კვლავ შესწევს სეპარატისტთა წინააღმდეგ მოქმედების უნარი. ამ უკანასკნელთა "პროგრამა მინიმუმია" სამთავრობო ჯარებისაგან დონეცკისა და ლუგანსკის მიმდებარე ტერიტორიიდან, როგორც მინიმუმ, 20-30 კმ მანძილით "გაწმენდა", რათა უკრაინულმა არტილერიამ ვერ შეძლოს მეამბოხეთა ძირითად დასაყრდენ პუქტებზე იერიშის მიტანა", - თქვა ინაურმა "რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ზაფხული საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად კარგი დროა, რადგანაც ამ დროს ბუნებრივი საფარი კვლავ იფოთლება, ნალექის ოდენობა კლებულობს, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს სამხედრო ოპერაციის წარმატებით ჩატარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×