
საუდის არაბეთში უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა, თუმცა მის შედეგებზე მხარეები არაფერს საუბრობენ. მოლაპარაკების მთავარი შესაძლო თემები ენერგო ინფრასტუქტურაზე დარტყმების შეჩერება და 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა იყო, თუმცა ჯერ არ გასაჯაროვებულა დამატებითი დეტალები. ამის პარალელურად, აშშ-ში უკრაინის ელჩი ამბობს, რომ უკრაინას დაუყონებლივ ცეცხლის შეწვეტა სურს, მაგრამ კრემლი დროს წელავს.
ანალიტიკოს გიორგი კობერიძეს მიაჩნია, რომ უკრაინას სულის მოთქმა სჭირდება. თუმცა მისივე აზრით, რუსეთი მოლაპარაკებისა და მშვიდობისთვის მზად არაა:
„უკრაინისთვის ახლა სულის მოთქმა აუცილებელია. რუსეთს კი გულწრფელად სჯერა, რომ ომს იგებს. შესაბამისად, ისინი არა მარტო მაქსიმუმს ითხოვენ, არამედ აპირებენ ომის გაგრძელებას იქამდე, სანამ სასურველ შედეგებს არ მიიღებენ".
დახურული შეხვედრების ქრონოლოგია და განცხადებები
რუსული „რია ნოვოსტის" ცნობით, ორშაბათს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გამოცემა წერდა, რომ მხარეები შეხვედრის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 მარტს გამოაქვეყნებდნენ.
სამშაბათს კი აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა, თუმცა ერთობლივი განცხადება ამის შემდეგაც არ გამოქვეყნებულა. რუსული მხარის ინფორმაციით კი, ეს უკრანის პოზიციის გამო მოხდა.
საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა, ხოლო ვაშინგტონს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკლ ენტონი წარმოადგენდნენ.
მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის, კერძოდ ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი იყო.
კარასინის განცხადებით, მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყო.
„ყველაფერი იქნა განხილული, ეს ვრცელი დიალოგი იყო, მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის სასარგებლო იყო. ბევრი საკითხი იქნა განხილული. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გადაწყვეტილა, ყველაფერის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ ის, რომ მსგავსი საუბარი შედგა, ვფიქრობ, დროულია, ახალი ადმინისტრაციისა და ახალი პოლიტიკოსების გათვალისწინებით, რომლებიც ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრაზე იმყოფებოდნენ", - განაცხადა კარასინმა.
იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალშ მოლაპარაკებებში სხვა ცელკეული ქვეყნები და გერო ჩაერთონ.
„ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველეს ყოვლისა გაერო-ს და ცალკეული ქვეყნების ჩართულობით. ზოგადად, შთაბეჭდილება დარჩა, რომ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი საჭირო და აუცილებელია. ამით ამერიკელებიც არიან დაინტერესებული", - აღნიშნა კარასინმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შინაარსი არ გამოქვეყნდება.
„საუბარია ტექნიკურ მოლაპარაკებებზე, ტექნიკურზე. ეს არის მოლაპარაკებები დეტალებში ჩაძირვით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ტექნიკური მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება. ეს ერთი და მეორე - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ხორციელდება დედაქალაქში გაკეთებული მოხსენებების ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე სახის გაგებაზე საუბარი", - თქვა პესკოვმა.
სამშაბათს კი საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. გამოცემა „ბლუმბერგის" ცნობით, უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა განიხილეს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ასევე, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერება.
მხარეები არ ასაჯაროვებენ მოლაპარაკებების დეტალებს, თუმცა ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებებისას დაფიქსირებული პოზიციებისა და გაკეთებული განცხადებების ანალიზი. ასევე არის მინიშნება, რომ ახლო მომავალში მხარეების წარმომადგენლების მხრიდან მოლაპარაკების მსვლელობასთან დაკავშირებით „პოზიტიური განცხადებები" გაკეთდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ „ბლუმბერგთან" ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის სრულად შეწყვეტას. მისი თქმით, ზავის დადებაზე რუსეთის თანხმობის მიღებაა საჭირო, რადგან „ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება". სხვა საკითხებთან ერთად, მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და კიევი ცდილობენ რაც შეიძლება მალე დაასრულონ შეთანხმება იშვიათი წიაღისეულის შესახებ.
რატომ სურს უკრაინას ომის დაუყონებლივ დასრულება, რუსეთს კი გაჭიანურება
გიორგი კობერიძის აზრით, რუსეთს სჯერა, რომ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგეს გამოფიტავს და გამარჯვებული გამოვა.
„შეთანხმებისთვის საჭიროა ორი ან მეტი მხარის ერთგვარი თანხმობა. ობიექტურად რომ ვთქვათ, რუსეთი მხრიდან მშვიდობაზე ლაპარაკი არაა. ის უკრაინის კაპიტულაციას, უკრაინის სამხედრო ძალების დემილიტარიზაციას და რაოდენობრივ შეზღუდვას ითხოვს ისევე, როგორც იმ ტერიტორიების აღიარებას, რომელიც მას ანექსირებული აქვს. რეალურად ეს მშვიდობას კი არა, ანექსიას ნიშნავს.
„რაც შეეხება უკრაინას, ის ამ ყველაფერზე წინააღმდეგია და მისი პოზიციები ძველებურადაა. მას სურს ტერიტორიების გადახედვაზე ლაპარაკიც არ იყოს, სხვა დანარჩენზე კი მოლაპარაკება შეიძლება. შესაბამისად, ორმხრივი კომპრომისების არარსებობის პირობებში ძალიან რთულია შეთანხმების მიღწევა. სწორედ ამიტომ რუსეთი ცდილობს იმგვარად შეფუთოს პროცესი, რომ აი, მე მშვიდობა მინდა და უკრაინას არა. ესაა მისი მიზანი.
„სხვათა შორის, ძველი საბჭოთა მოლაპარაკების ტაქტიკაა, რომ მოითხოვე მაქსიმუმი, ან მიიღე მინიმუმი, რაც შენ რეალურად გინდოდა, ან მიიღე ის, რომ მოწინააღმდეგეს უთხრა - მე მშვიდობის მომხრე ვარ, შენ კი არა. ეს პროცესი ზუსტად ამ გათვლას ემსახურება.
„აშშ ახლა შედარებით სუსტად არის წარმოდგენილი, რადგან გამოდის, რომ მისი მხრიდან უნდა გადავიდეს მთელი ზეწოლა უკრაინაზე, რაც საკმაოდ აზიანებს პროცესს, ვინაიდან დასავლეთის შიგნით ერთგვარ კონსოლიდაციასაც არღვევს და რუსეთის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. თუმცაღა ამ თემაზე მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, როგორც მოკლე, ისე საშუალო და გრძელვადიან ვადებში, მე ძალიან რთულად მესახება. ეს არა იმიტომ, რომ, დავუშვათ, მოლაპარაკება თავისთავად ვერ შედგება, არამედ იმიტომ, რომ მოლაპარაკება რუსეთს არ უნდა.
„რუსეთის ხელისუფლებას სჯერა, რომ ისინი ომს არ აგებენ. მათ პირიქით, ჰგონიათ, რომ იგებენ. შესაბამისად, ისინი არა მარტო მაქსიმუმს ითხოვენ, არამედ აპირებენ ომის გაგრძელებას იქამდე, სანამ სასურველ შედეგებს არ მიიღებენ. ასე რომ, ომის დასრულებას სჭირდება მრავალმხრივი სურვილი, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.
„რაც შეეხება იმას, თუ რატომ სურს უკრაინას დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთს გაჭიანურება, უკრაინისთვის ახლა სულის მოთქმა აუცილებელია. რუსეთს კი, როგორც ვთქვი, გულწრფელად სჯერა, რომ ომს იგებს. არადა ფრონტის ხაზი ამას აღარ აჩვენებს. პრაქტიკულად, ამ წლიდან რუსეთის მხრიდან მაღალი ინიციატივები აღარ გვაქვს. უკრაინის ტერიტორიებზე მაქვს საუბარი, სადაც უკრაინული ინიციატივებია. ასევე, ვხედავთ, რომ დიახ, უკრაინელები კურსკის ოლქიდან გამოვიდნენ, მაგრამ ბელგოროდში კვლავ ახორციელებენ შეტევებს. რუსებს კი რა უპირატესობაც ჰქონდათ 2024 წელს, დღეს ასეთი შესამჩნევი აღარაა.
„თუმცა კრემლი ფიქრობს, რომ უკრაინას და საერთოდ ამ პროცესებს გამოფიტავს. მან კარგად იცის, რომ თუკი უკრაინამ სულის მოთქმა მოახერხა, ამას ძალიან კარგად გამოიყენებენ, მოძლიერდებიან და კიდევ უფრო მეტად მოახდენენ გადაჯგუფებას ამა თუ იმ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".