
„მზად ვარ ვალდებულება ავიღო და ბრიტანული ჯარები განვათავსო უკრაინის ტერიტოტიაზე დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მშვიდობის შესანარჩუნებლად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების არსებობის საკითხზე რუსეთს გადაწყვეტილების მიღების არანაირი უფლება არ აქვს.
გამოცემა The Time-ის ინფორმაციით, კირ სტარმერი არ აკონკრეტებს, ექნებათ თუ არა სამშვიდობო ძალებს უფლება, თავდასხმის შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნან რუს ჯარისკაცებს.
„ჩართულობის წესები" სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განიხილება. გამოცემის ცნობით, 20 მარტს, ლონდონში „მსურველთა კოალიციის" ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების შესაძლო განლაგების დეტალებს განიხილავენ.
The Times წერს, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, თურქეთი, კანადა და ავსტრალია, უკრაინაში 30 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას განიხილავს. სხვა ქვეყნები მზად არიან, იარაღითა და ლოჯისტიკით დაეხმარონ.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების არსებობის საკითხზე რუსეთს გადაწყვეტილების მიღების არანაირი უფლება არ აქვს.
„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს მოკავშირეთა ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე, მაშინ რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი", - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის სამშვიდობო გეგმაზე. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. შემდგომში იგი წარედგინება შეერთებულ შტატებს. მაკრონმა აღნიშნა, რომ მიზანი არ არის „მასობრივი ჯარების" შექმნა, რადგან ევროპაში ყველაზე დიდი არმია უკრაინის შეიარაღებული ძალებია.
„ეს ეხება რამდენიმე ათასი ადამიანის განლაგებას თითოეული ქვეყნიდან ძირითად ადგილებში, რათა ჩაატარონ საწვრთნელი პროგრამები და გამოავლინონ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა მაკრონმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ამ ეტაპზე რთული სათქმელია ამ ოპერაციაში ვინ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მისი ვარაუდით, გერმანია, ესპანეთი და იტალია არ ჩაერთვებიან.
„ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმის თქმა, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მისიაში. როგორც მე ვიცი, იტალიამაც კი თავი შეიკავა, რომ აღარაფერი ვთქვათ ესპანეთზე. ეს ისეთი საკითხია, რომელიც ჯერ კარგად დამუშავებული და გამოკვეთილი არაა.
საერთოდ საკითხავია შედგება თუ არა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება? რადგან პუტინმა დონალდ ტრამპს უარი უთხრა. მგონი ტრამპი ახლა წყობიდანაა გამოსული და სანქციების გამკაცრებაზე მიდის საუბარი, რათა რუსეთი შეთანხმებაზე დაიყოლიონ. ამიტომ ჯერ სამხედრო კონტიგენტზე ლაპარაკი ნაადრევია.
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და სხვათაშორის, დინამიკა შეინიშნება. ეს სამშვიდობო ოპერაცია ფრანგულ-ბრიტანული იდეაა და როგორც მე ვიცი, საფრანგეთი აწვება უფრო მეტად. გერმანიის ახალი მთავრობა არ ვიცი რას იზამს, თუმცა, არამგონია მან ამაში მონაწილეობა მიიღოს. ასე რომ, ამ მხრივ სიტუაცია ამ ეტაპზე გაურკვეველია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".