
აშშ-სა და უკრაინის დელეგაციები 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვდებიან. დასავლური გამოცემები წერენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი „მხოლოდ მინერალების გადაცემის ხელშეკრულებას არ დაჯერდება". შეხვედრამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერება დაასრულა.
დასავლური გამოცემები წერენ, რომ ტრამპის მიზანია შეცვალოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დამოკიდებულება სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ. ოფიციალური პირების განცხადებით, მათ შორის კიევისგან მოითხოვს მზადყოფნას წავიდეს კომპრომისზე - რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა. ოფიციალური პირების თქმით, ტრამპს სურს, რომ ზელენსკიმ გარკვეული ნაბიჯები გადადგას უკრაინაში ახალი არჩევნების დანიშვნისკენ, - წერს NBC.
„საუდის არაბეთში შეხვედრებით, ჩვენ მოუთმენლად ველით პროგრესს უკრაინასთან, რომელიც, იმედია, საბოლოოდ დაასრულებს ამ სასტიკ ომსა და სისხლისღვრას", - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზიმ, როცა ჟურნალისტებმა ტრამპის მოთხოვნებზე ჰკითხეს.
აშშ-ს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ წიაღისეულის შეთანხმება უკრაინასთან გაფორმდება. „დიახ. მე მგონია, რომ ხელშეკრულება გაფორმდება - ვფიქრობ, ეს მოხდება".
„ჩვენ იქ ვართ 350 მილიარდი დოლარით. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა გაეკეთებინა", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა თეთრ სახლში გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ბაიდენის დროს ფული ამერიკისგან ისე წაიღო, როგორც „ტკბილეული ბავშვისგან".
„ეს იყო ბავშვისგან ტკბილეულის აღება, რაც მან გააკეთა. ის ჭკვიანი და ძლიერი ბიჭია და ბაიდენის დროს ამ ქვეყნიდან ფული ისე წაიღო, როგორც ტკბილეული ბავშვისგან. ასეთი მარტივი იყო. მე უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია", - განაცხადა ტრამპმა.
„პაუზა თითქმის დასრულებულია"
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა დაზვერვის გაზიარება უკრაინასთან, რათა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტრამპთან და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწვევისას ეთანამშრომლა.
გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „თითქმის დაასრულა" უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერება და კარგ შედეგებს ელის საუდის არაბეთში ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებებიდან, - ინფორმაციას „Reuters"-ი ავრცელებს.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერების შეწყვეტას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „თითქმის დავასრულეთ".
შეგახსენებთ, რომ დასავლურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას „Starlink"-ის გათიშვით ემუქრებოდა. ყველაფერი კი ტრამპის თანამოაზრე ილონ მასკის პოსტით დაიწყო, სადაც ის აცხადებდა, რომ „Starlink"-ის სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.
ზემოთ აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუდოსლავ სიკორსკი, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის „Starlink"-ის მიწოდებისთვის პოლონეთი იხდის და თუ მასკის კომპანია არასანდო აღმოჩნდა, ის სხვა კომპანიების მოძიებას დაიწყებს.
მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სიკორსკის საპასუხოდ „X"-ზე პოსტი გამოაქვეყნა:
„ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა. არავინ დამუქრებია უკრაინას „Starlink"-ის გათიშვის თაობაზე.- დაწერა რუბიომ და გააზიარა სიკორსკის განცხადება.
მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წუხელ „პატარა კაცი" უწოდა და დამშვიდებისკენ მოუწოდა:
„ჩუმად იყავი, პატარა კაცო, თქვენ იხდით ღირებულების მცირე ნაწილს. „Starlink"-ის შემცვლელი არ არსებობს", - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი, სოციალურ პლატფორმა „X"-ზე წერს.
რას უნდა ველოდოთ პირველი შეხვედრიდან
„რეზონანსთან" ანალიტიკოსმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლოა გარკვეულ თამაშს თამაშობს, ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპი პუტინის მიმართულებით გარკვეულ „რევერანსებს აგზავნის" და ამბობს, რომ შესაძლოა უკრაინა აიძულონ ტერიტორიებზე უარის თქვას.
„როგორც ვხედავთ, ამერიკის ადმინისტრაცია საკამოდ რთულ თამაშს თამაშობს. შეიძლება ვთქვათ, რომ ტრამპი უკვე გარკვეულ თამაშს თამაშობს პუტინთანაც და უფრო მეტ რევერანსებს მისი მიმართულებით აგზავნის. ამიტომ შესაძლებელია უკრაინას აიძულონ ტერიტორიებზე უარის თქმა.
ზელენსკი აქამდე საუბრობდა, რომ შეიძლება დავთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერთ მანამ, სანამ ტერიტორიები არ დაბრუნდებაო."
„არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აშშ-მა დააძალოს უკრაინას, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, სადაც რუსეთის ტერიტორიებად აღიარებს ხერსონს, დონბასს, ზაპოროჟიეს და ასევე ყირიმს.
„რაც შეეხება არჩევნებს, გამორიცხულია, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისა და პუტინის ერთობლივი კაპრიზია, უკრაინაში არჩევნები ჩაატარონ", - აღნიშნა გოგოლაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენკის წუხელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედოვნებს საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრა წარმატებულად ჩაივლის.
„გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობასთან დაახლოების მიზნით - ვეწვევი საუდის არაბეთს. კიდევ უფრო მომზადებული გახდა ჩვენი გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში. შედეგების იმედი გვაქვს და ეს ეხება როგორც მშვიდობასთან დაახლოებას, ასევე მხარდაჭერის გაგრძელებას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ლავროვის თქმით, რასაც რუსეთი ტრამპის ადმინისტრაციისგან ისმენს დამაიმედებელია.
„შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც აქამდე მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ზოგადად, დამაიმედებელია. თეთრი სახლის მეპატრონემ აღიარა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება და მასში უკრაინის ჩაბმის მცდელობა იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თანამედროვე სამყაროს მრავალპოლარულობაზე და ყველა სახელმწიფოს - როგორც დიდი, ასევე პატარა სახელმწიფოების ინტერესების პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს. გაეროში ამერიკელმა დიპლომატებმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, რუსეთთან და ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად მხარი არ დაუჭირეს გენერალური ასამბლეის ოდიოზურ რეზოლუციას, რომელიც კიევმა და მისმა ევროკავშირელმა მფარველებმა წარადგინეს", - აღნიშნა ლავროვმა.