
ევროპის გადაიარაღების გეგმამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის შექმნის საფუძველი - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკომიიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით 800-მილიარდიანმა თავდაცვის პაკეტმა სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სამყაროში გეოპოლიტიკური ძვრები არყევს ალიანსებს, ხოლო ამ პოლიტიკური პროცესების ფონზე ევროკომისიის მუშაობას „ეფექტური" უწოდა.
„ტურბულენტური დროის მიუხედავად, ეს კომისია ეფექტურად მუშაობს. პირველივე დღიდან ჩვენ დავრჩით იმ კურსზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში და რომელიც სამ საყრდენს ეფუძნება - კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. მანდატის მიღებიდან 100 დღის შემდეგ მხარს ვუჭერთ ევროპულ არჩევანს პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში საყურადღებო იყო ის ნაწილი, როცა მან ევროპის ახალი თავდაცვის კავშირის შექმნაზე აქცენტი გააკეთა.
„მიმდინარე კვირამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოუტანა ევროპის გადაიარაღების გეგმას (REARM Europe) - 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის. ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი. მთელი ძალით წავწევთ წინ ევროპის გადაიარაღების გეგმას.
„ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სრული პოტენციალი კონკრეტული საფრთხეების წინაშე და თუ შევძლებთ, გავერთიანდეთ სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია ან კანადა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა."
რას გულისხმობს ევროპის გადაიარაღება
ევროპის გადაიარაღება გულისხმობს ევროპის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისიწინებით. ეს კონცეფცია მოიცავს სამხედრო ხარჯების გაზრდას.
შეგახსნებთ რომ ევროკომისიის პრეზიენტის გადაიარაღების გეგმა 5-პუნქტიანია და ეს პუნტები ასე გამოიყურება:
1.თავდაცვისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოთავისუფლება;
2.ახალი ინსტრუმენტი, რომელიც თავდაცვაში ინვესტირების მიზნით წევრი ქვეყნებისთვის 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გამოყოფას უზრუნველყოფს;
3. ევროკავშირის ბიუჯეტის შესაძლებლობების გამოყენება;
4.დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება
5.ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება.
ევროპა ნატოს ალტერნატივას ქმნის?
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ევროპას აქვს დიდი პოტენციალი თავად უზრუნველყოს კონტინენტის უსაფრთხოება. გოგოლაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია.
„ევროპამ, სავსებით შესაძლებელია საკუთარი რესურსებით საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს, რადგან ამის პოტენციალი აქვს. აღვნიშნავ, რომ ამაზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად მრავალი დისკუსიისა, შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ევროპას აქამდე იმედი ჰქონდა, რომ ნატო ყოველთვის დაიცავდა კონტინენტის უსაფრთხოებას. ეს ლისაბონის ხელშეკრულებაშიცაა ჩაწერილი, სადაც ნატო ევროპის „უსაფრთხოების ქოლგას" წარმოადგენს.
თუმცა ახლა ახალი რეალობა დადგა - აღარ ენდობიან შეერთებულ შტატებს ამ ადმინისტრაციის პირობებში და, რა თქმა უნდა, დაიწყებენ ახალი ევროპული არმიის შექმნას, ასევე, თავდაცვის პოლიტიკის უფრო მჭიდრო კოორდინაციის ინსტრუმენტების ჩამოყალიბებას. ეს, მართალია, არც ერთი და არც ორი დღის საქმეა, მაგრამ, ვიცით, რომ ამ ეტაპზე ზუსტად ამას აპირებენ - თავდაცვის ხარჯების გაზრდას," - აღნიშნა გოგოლაშვილმა.
კითხვაზე, ცდილობს თუ არა ევროპა ნატოს ალტერნატივის შექმნას და რა რეაქცია ექნება ამ ინიციატივაზე „ტრამპის ამერიკას", გოგოლაშვილი გვპასუხობს:
„დიახ, ევროპა ნატოს ალტერნატივის შექმნას ცდილობს და ვფიქრობ, შექმნიან კიდეც - ექნებათ თავიანთი კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი, შესაბამისი მუხლი და, შესაძლოა, ერთიანი არმიაც, რადგან სხვადასხვა ქვეყნის გენერალური შტაბების ხელმძღვანელები უკვე ხვდებიან ერთმანეთს და კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაც შეეხება ამერიკას, ვფიქრობ, დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას საერთოდ არ აინტერესებთ, რა ხდება ევროპაში. ამ ინიციატივას, შესაძლოა, პოზიტიურადაც შეხვდნენ. თავისთავად, ის ფაქტი, რომ გამოაცხადეს - 2026 წელს ამერიკა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს ეგიდით დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში ევროპასთან ერთად, უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ სერიოზულად ამბობს უარს ნატოს ვალდებულებების შესრულებაზე" - დასძინა გოგოლაშვილმა.