მარიამ ვეკუა
07.03.2025

ევროპელი ლიდერების საგანგებო, ისტორიული სამიტი 6 მარტს შედგა. ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30 მილიარდ ევროზე მეტს გადასცემს, ხოლო კონტინეტის უსაფრთხოებისთვის ხარჯებს გაზრდის. ევროპა მზადაა, „შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს". ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროპისთვის ახლა „გარდამტეხი მომენტია". კრემლი კი აცხადებს, რომ მასაც მშვიდობა სურს, თუმცა „საკუთარს არ დათმობს".

ბრიუსელში, 10-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ცნობილი გახდა, რას აპირებს ევროკავშირი. შეხვედრა პირველად 27 თებერვალს დაანონსდა, თუმცა ოვალურ კაბინეტში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პოლიტიკური პროცესები უფრო დაჩქარდა.

„ევროპა აშკარა საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ მას საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს", - აღნიშნა შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირი უკრაინას 30.5 მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ ევროკავშირი უკრაინის ერთგულ მხარდამჭერად რჩება და მის სუვერენიტეტს აღიარებს.

„ევროკავშირი თავიდანვე უკრაინის გვერდით დგას, რადგან ის იცავს თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის წინააღმდეგ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია დოკუმენტში.

გამოცემა „პოლიტიკო" წერს, რომ ევროკავშირი ფოკუსირებული იყო კოლექტიურ ძალისხმევაზე ფრაგმენტული თავდაცვის სექტორის შესაქმნელად, თუმცა სახელმწიფოებს უკრაინის საკითხის გარშემო კონკრეტული ვალდებულებები არ აუღიათ.

ანტონიო კოსტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი მზადაა უკრაინას დამატებით 15 მილიარდი ევრო გადასცეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი სახელმწიფოებზეა საუბარი.

„ყველამ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა. დაუყოვნებლივ, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გაზარდონ დახმარება გაზრდილი ფისკალური სივრცის წყალობით. რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა 15 მილიარდ ევრომდე დაპირება. დღეს ჩვენ ასევე დავავალეთ საბჭოს, რომ სასწრაფოდ იმუშაოს შემდგომ ინიციატივებზე უკრაინის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების გადასაჭრელად", - აღნიშნა კოსტამ.

ევროპული საბჭოს განცხადებაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ჩამოყალიბებულია შემდეგი პუნქტები:

1.უკრაინის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკება არ შეიძლება.

2.არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, რომლებიც ევროპულ უსაფრთხოებაზე იმოქმედებს ევროპის ჩართულობის გარეშე.

3.უკრაინის, ევროპის, ტრანსატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება გადაჯაჭვულია.

4.ნებისმიერი ზავი ან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც პროცესის ნაწილი, რომელიც მშვიდობას განაპირობებს.

5.ნებისმიერ ასეთ შეთანხმებას თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავებას.

დოკუმენტს მხარი 26-მა სახელმწიფომ დაუჭირა, უნგრეთმა კი თავი შეიკავა.

მშვიდობა ძალის მეშვეობით

საგანგებო სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი გაზრდის ხარჯებს თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროპა უნდა გახდეს უფრო სუვერენული და საკუთარ თავზე პასუხისმგებელი ერთიანობა.

„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე ცვალებად გარემოში წარმოადგენს ეგზისტენციალურ გამოწვევას ევროკავშირისთვის. ამ კონტექსტში, ევროკავშირი დააჩქარებს საჭირო ინსტრუმენტებისა და დაფინანსების მობილიზებას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშრი აღმოფხვრის მის კრიტიკული შესაძლებლობების ხარვეზებს და გააძლიერებს ევროპული თავდაცვის ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზას, რათა უკეთ შეძლოს აღჭურვილობის მიწოდება საჭირო რაოდენობით და სწრაფი ტემპით.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოებისა და ხარჯების ხაზრდის აუცილებლობას.

„ევროპული საბჭო ითვალისწინებს კომისიის განზრახვას წარადგინოს წინადადება ევროკავშირის ახალი ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილი სესხებით 150 მილიარდ ევრომდე და იწვევს საბჭოს, სასწრაფოდ განიხილოს ეს წინადადება", - აღნიშნულია დოკუმენტში

დოკუმენტის საინტერესო ნაწილს წარმოადგენს, ის სფეროები, რომელიც ევროკავშრის პრიორიტეტების სიაშია:

საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, ზუსტი ღრმა დარტყმის შესაძლებლობების ჩათვლით, რაკეტები და საბრძოლო მასალები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სტრატეგიული გამაძლიერებლები, მათ შორის სივრცისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებული, სამხედრო მობილურობა, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და რადიოელექტრონული ბრძოლა.

ორბანი ისევ უარზეა

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ყველა ლიდერმა მხარი დაუჭირა ევროპის თავდაცვის გაძლიერებასა და კიევის მხარდაჭერას, უნგრეთის პრეზიდენტმა ბლოკის მიერ უკრაინის დახმარების წინადადებები „დაბლოკა".

ხუთშაბათს გვიან საღამოს, სამიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „უნგრეთი იზოლირებულია, რადგან 26 > 1-ზე".

„უნგრეთს განსხვავებული სტრატეგიული მიდგომა აქვს უკრაინასთან დაკავშირებით", - განაცხადა კოსტამ.

შეგახსნებთ რომ უნგრეთი პრემიერ მინისტრს ხშირად აკრიტიკებენ მისი პრორუსული პოზიციების გამო, განსაკუთრებით ევროკავშირსა და ნატოში მისი პოლიტიკის ფონზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდნენ ევროპელი ლიდერები თუ ორბანი მათ ინიციატივებს შეეწინააღმდეგებოდა, კაია კალასმა განაცხადა:

ალი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ასევე განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს. მე არ ვისაუბრებ უნგრეთის სახელით, ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ 27 ლიდერის ერთობა გვქონდეს და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნგრეთს შეუძლია თავისი სახელით ისაუბროს", - განაცხადა კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში.

კრემლის პასუხი

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ევროპელი ლიდერების შეკრებიდან მეორე დღეს რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და უკრაინას ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.

რუსეთის პრეზიდენტი ევროპელი ლიდერების განცხადებებმა განარისხა. მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონი ბირთვული ინიციატივით გამოვიდა და ევროპელმა ლიდერებმა სამიტისთვის მზადება დაიწყეს, პუტინმა განაცხადა:

„დღემდე ზოგიერთი ვერ ისვენებს. ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს, და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს", - განაცხადა პუტინმა.პუტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს ხანგრძლივი მშვიდობა სურს, თუმცა „საკუთარს არ დათმობს".

„მშვიდობის ისეთი ვარიანტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და რომელიც ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით უზრუნველყოფს სიმშვიდეს ჩვენი ქვეყნისთვის. სხვისი არაფერი გვინდა, მაგრამ საკუთარს არ დავთმობთ. ისეთი ვარიანტი გვჭირდება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში", - განაცხადა პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×