მარიამ ვეკუა
06.03.2025

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებებმა კრემლი გააღიზიანა. მაკრონმა ხუთშაბათს თქვა, რომ რუსეთი ევროპისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ახალი ინიციატივით გამოვიდა - მოითხოვა დებატები, რათა საფრანგეთმა საკუთარი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებაც უზრუნველყოს. მალევე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა და არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა „გაქრობა" უწინასწარმეტყველა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ მშვიდობამდე გზა უკრაინის კაპიტულაციაზე არ გადის და აღნიშნა, რომ რუსეთი დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვისაც.

„პირველი დღიდან გადავწყვიტეთ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის დასანქცირება. და კარგად მოვიქეცით, ვინაიდან საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც... მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და, შესაბამისად, ჩვენზეც."

მაკრონის განცხადებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და საფრანგეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობელი ვარ ემანუელ მაკრონის მკაფიო ხედვისთვის და მშვიდობის მისაღწევად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისთვის. მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა - ის არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან დაშლას," - დაწერა ზელენსკიმ "იქსზე".

ემანუელ მაკრონმა ფრანგების აღშფოთებას „ლეგიტიმური" უწოდა, რადგან უკრაინაში ომი ინტენსიურად გრძელდება, მაშინ როცა „აშშ ნაკლებად უჭერს მხარს უკრაინას და ეჭვები ჩნდება, თუ რა მოხდება შემდეგ".

თქვა, რომ რუსეთმა უკრაინა უკვე გლობალურ კონფლიქტად აქცია. ტრიბუნასთან გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებზეც:

„პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, არჩევნების მანიპულირებას ახდენს რუმინეთსა და მოლდოვაში, ციფრულ თავდასხმებს აორგანიზებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა მათი მუშაობა შეაფერხოს... როგორც ჩანს, ამ აგრესიას საზღვრები არ აქვს. ამ საშიში სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნება," - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა: „რუსეთი საფრთხეა", „არ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა".

„დღეს აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა. უკრაინას აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება, რაც ჩვენს ინტერესებშიც შედის, ისევე როგორც ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებში. ამ მხრივ, ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობრებთან ერთად," - განაცხადა მაკრონმა.

ახალი ინიციატივაც წამოაყენა - მოითხოვა დებატები იმაზე, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.

„გადავწყვიტე, გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი [ბირთვული] შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვის თაობაზე... რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში," - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის განცხადებებმა კრემლი გააღიზიანა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა საბოლოოდ გაქრება.

„მაკრონი არ წარმოადგენს საფრთხეს, ის სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და არავის დააკლდება," - წერს მედვედევი "იქსზე".

მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა. მან მაკრონს „მეზღაპრე" უწოდა, ხოლო მის ინიციატივებსა და განცხადებებს - „არარეალური".

„ის ყოველდღიურად აკეთებს რაღაც განცხადებებს, რომლებიც სრულიად მოწყვეტილია რეალობისგან და ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებას. აი, მეზღაპრეა, რა," - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, შესაძლებელია მაკრონმა, ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უახლოეს დღეებში ერთობლივი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართონ.

„განიხილება შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი მაკრონი ზელენსკისთან და ინგლისელ კოლეგასთან ერთად ვაშინგტონში დაბრუნდეს," - განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ისტორიულ სამიტზე გადაწყდება, გაზრდის თუ არა ევროპა თავდაცვის ხარჯებს და გაუგზავნის თუ არა უკრაინას ახალი დახმარების პაკეტს.

„რეზონანსთან" ანალიტიკოსმა თენგიზ ფხალაძემ მაკრონის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ დებატების გახსნა ბირთვული იარაღის ევროკავშირისთვის უსაფრთხოების გარანტიად გამოყენების შესახებ ლოგიკური დ პრაგმატულია.

„მაკრონმა განაცხადა, რომ გახსნის დისკუსიას ბირთვული იარაღის ევროკავშირისთვის უსაფრთხოების გარანტიად გამოყენებაზე. ვფიქრობ, ესაა შესაბამისი რეაქცია, საპასუხო რეაქცია რუსეთის ქმედებებზე, რადგან რუსეთი ევროპას აშანტაჟებს.

„იმ დებატების ფონზე, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აწარმოებს აშშ-სთან, და იმ განცხადებების ფონზე, რასაც ტრამპი აკეთებს, რომ ევროპამ დღეს უფრო მეტად უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე, ევროპული ქვეყნებიც ფიქრობენ იმ ნაბიჯებზე, რომ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება და კონტრიბუცია ევროპულ უსაფრთხოებაში.

„რაც შეეხება საფრანგეთს, ის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შეიარაღებული ძალები ჰყავს. მხედველობაში მაქვს როგორც პერსონალი, ისე შეიარაღება, ტექნიკური აღჭურვილობა და შესაძლებლობები - მათ შორის, ბირთვული შეიარაღება. აქედან გამომდინარე, მაკრონი ხსნის დებატებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საფრანგეთის ეს შესაძლებლობები საერთო ევროპულ უსაფრთხოებას მოხმარდეს. ასე რომ, მისი ეს განცხადებაც ძალიან ლოგიკური და პრაგმატულია, რუსეთის იმ ნაბიჯების ფონზე, რასაც რუსეთი დღეს დგამს."-განაცხადა ფხალაძემ.

ფხალაძემ ასევე ისაუბრა ევროპული სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსების მნიშვნელობაზეც:

„რაც შეეხება სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსებას, ეს ახალი ესკალაციის მიზეზი, ვფიქრობ, მაშინ გახდება, თუ ეს სამშვიდობო ძალები უკრაინაში არ განთავსდება. თუკი რეალურად შედგება შეთანხმება (თუ გაფორმდება, ცხადია) ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, აქ უნდა იყოს გარანტორი, რადგან ვიცით, რომ რუსეთი ძალიან მარტივად არღვევს მსგავს შეთანხმებებს. ამის მაგალითია საქართველოც - ჩვენ გავაფორმეთ რუსეთთან 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, თუმცა, ამ გარანტიების არარსებობის გამო, რუსეთი ამ შეთანხმებას დღემდე უხეშად არღვევს.

„ანალოგიურად, უკრაინაშიც არაერთხელ დაარღვია შეთანხმებები და ბოლოს, 2022 წელს, საბოლოოდ ფართომასშტაბიანი ოპერაცია განახორციელა და ომიც დაიწყო.

შესაბამისად, ამ ტიპის გარანტიების გარეშე, რუსეთს უბრალოდ დრო მიეცემა „სულის მოთქმისთვის", რათა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს."-დასძინა ფხალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×