ნატალია ჯვარიძე
06.03.2025

ვაშინგტონმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ყველა სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა შეაჩერა. ანალტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, მთავარია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის" სისტემები არ გაუთიშოს, რაც ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს, დახმარების შეწყვეტა კი მოკლევადიანი აქტია და მალევე აღმოიფხვრება.

„მთავარია ამერიკელებმა არ გათიშონ ილონ მასკის „სტარლინკის" სისტემები, რომელიც მართლა წამროადგენს დახურული ქსელების ყველაზე საიმედო მომენტს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა", - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

გამოცემა „ეკონომისტის" ჟურნალისტმა ოლივერ კეროლმა „იქსში" დაწერა, რომ აშშ-მა უკრაინა საჰაერო განგაშის შესახებ ინფორმაციის წყაროს გარეშე დატოვა.

„აკრძალვა შეეხო იმ მონაცემების გაზიარებას, რომელიც „ჰაიმარსის" გამოყენებისთვის არის საჭირო. უკრაინა აგრეთვე აღარ იღებს ინფორმაციას რეალურ დროში შორ მანძილზე დარტყმების განსახორციელებლად. ტრამპს მადლიერება სურდა. მოგვიწევს ამის შესახებ დაწერა მკვდარი უკრაინელების საფლავებზე", - დაწერა კეროლმა.

ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, ამერიკის ამ გადაწყვეტილებას გარკვეული ეფექტი ფრონტზე ექნება, თუმცა სავარაუდოდ, ევროპელები ამის კომპენსირებას მოახდენენ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფრონტზე უკრაინელები სიტუაციას აკონტროლებენ.

„ვაშინგტონმა სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა შეწყვიტა, ასევე კოსმოსური ტიპის თანამგზავრებიდან მიღებული ონლაინ რეჟიმის ინფორმაციების გაცვლა, რაც, რა თქმა უნდა, დროებით გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. თუმცაღა ამერიკა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია კოსმოსური და თანამგზავრული დაზვერვის ელემენტები. აქ არის ბრიტანეთი, საფრანგეთი, ასევე ნატოს გაერთიანებული სარდლობა, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. ის მხოლოდ ნატოს გაერთიანებული სარდლობის მეთაურს და ნატოს გენერალურ მდივანს ემორჩილება. აქედან გამომდინარე, ამის კომპენსირება მოხდება. მე როგორც ვიცი, ბრიტანელებმა და ფრანგებმა უკვე დაიწყეს ამის ერთგვარი კომპენსაცია. მათ ანექსირებულ ყირიმში გარკვეულწილად განახორციელეს თავიანთი სადაზვერვო-სანავიგაციო თვითმფრინავების შავი ზღვის აკვადორიაში შეყვანა და იქ მორიგეობის დაწესება.

„მთავარია ამერიკელებმა არ გათიშონ ილონ მასკის „სტარლინკის" სისტემები, რომელიც მართლა წარმოადგენს დახურული ქსელების ყველაზე საიმედო მომენტს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. თუმცაღა როგორც ჩანს, ილონ მასკი ამის გაკეთებას არ აპირებს, რადგან ეს კავშირგაბმულობის სისტემა მთლიანად გადაიხადა პოლონეთის რესპუბლიკამ. აქედან გამომდინარე, ილონ მასკი თავის საიმიჯო რეპუტაციას ასეთ დარტყმის ქვეშ არ დააყენებს. ის შეიძლება ბევრ პოპულისტურ განცხადებას აკეთებს, მაგრამ ამას, სავარაუდოდ, არ იზამს. ალბათ მასკი გააგრძელებს „სტარლინკის" მომსახურეობას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

„ამერიკის ამ გადაწყვეტილებას მოკლევადიანი ეფექტი ექნება. გარკვეული დროის შემდეგ ეს პრობლემები აღმოიფხვრება და უკრაინელები წარმატებით გააგრძელებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ შეტევებს. ახლა ფრონტის ორ მონაკვეთზე უკრაინელები გადავიდნენ კონტრშეტევაზე და რუსეთის სამხედრო ძალებს მიაყენეს სერიოზული პრობლემები. თუ არ ვცდები ეს არის ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზი და შესაბამისად, დონეცკის მიმართულება. ასე რომ, ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.

„ამერიკელების მიერ გარკვეულ სანქციებს სამხედრო-ტექნიკური მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მაინც და მაინც დიდ ზიანს ვერ მიაყენებს. მათ ასევე საფინანსო-ეკონომიკური დახმარება შეუჩერეს უკრაინელებს, მაგრამ თუ ევროპელებმა ამის კომპენსირება შეძლეს, ესეც არამგონია მტკივნეული იყოს უკრაინელებისთვის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×