
ოთხშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სკანდალური გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო მალე „დიად ამერიკას" იხილავს და კვლავ წამოაყენა ტერიტორიული პრეტენზია გრენლანდიაზე, აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არალეგალური ემიგრაციის პრობლემაზე, სქესის შეცვლის აკრძალვაზე და სავაჭრო ომზე.
ტრამპის გამოსვლა დაახლოებით 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. ეს იყო 1964 წლიდან კონგრესის ერთობლივ სესიაზე ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა, რომელიც უჩვეულო ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დარბაზიდან მალევე გააძევეს დემოკრატი კონგრესმენი ელ გრინი, რომელიც ტრამპს საპროტესტო შეძახილებით მიმართავდა და ამბობდა, რომ მას მანდატი არ ჰქონდა.
საინტერესოა ისიც, რომ დემოკრატ კონგრესმენებს ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერებით: „ტყუილია", „მასკი იპარავს".
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დარბაზში მსგავსი სიტუაცია არასდროს უნახავს და აღნიშნულის გამო მწუხარებაც გამოხატა. მან დემოკრატებს კიდევ ერთხელ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
ტრამპმა ისაუბრა მისი მეორე ვადის პრეზიდენტობის პირველი ექვსი კვირის მიღწევებზე, გეგმებსა და მიზნებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკაში დააბრუნებს სიტყვის თავისუფლებას.
„ამერიკა დაბრუნდა"
დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლა წინამორბედი პრეზიდენტის მსგავსად დაიწყო: „ამერიკა დაბრუნდა".
„ამერიკული ოცნება ძალას იკრებს - უფრო მეტად და უკეთ, ვიდრე ოდესმე. ამერიკული ოცნების შეჩერება შეუძლებელია და ჩვენი ქვეყანა ზღვარზე იმყოფება ხელახლა დაბრუნებისა, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არასოდეს უხილავს და, შესაძლოა, ვეღარასოდეს იხილოს", - თქვა ტრამპმა გამოსვლის დასაწყისში.
ამ სიტყვებს მალევე მოჰყვა ხმაური - დემოკრატები ყვიროდნენ და ტრამპს შეძახილებით ამცნობდნენ, რომ სტყუოდა. თუმცა, მალევე პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა, დარბაზში მყოფ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. კონგრესში სხდომას პირველად ესწრებოდა ტრამპის თანამოაზრე ილონ მასკი. ტრამპმა მას რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამერიკა გახდება პირველი სახელმწიფო, რომელიც მარსზე ამერიკის დროშას ააფრიალებს.
ტრამპმა გამოსვლის პირველ ნაწილში თავისი წინამორბედი პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში, რომ ქვეყანა დიდი ეკონომიკურ გამოწვევებს წინაშე დგას, რადგან სამომხმარებლო ფასები ამერიკელებისთვის საკმაოდ მაღალია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეამცირებს სამომხმარებლო ფასებს. გარდა ამისა, თქვა, რომ ალასკაში იშვიათი მინერალების წარმოების გაფართოებით შემცირდება გადასახადები ენერგიის დანახარჯებზეც.
ტრამპმა ისაუბრა სამთავრობო ხარჯების შემცირებაზეც: „ჩვენ გავარკვევთ, სად მიდის ეს ფული. ჩვენ შევამცირებთ თაღლითებისა და ქურდების რაოდენობას, დავამარცხებთ ინფლაციას, დავაწესებთ დაბალ ფასებს ავტომობილებსა და სასურსათო პროდუქტებზე", - აღნიშნა ტრამპმა.
მთავარი აქცენტი - არალეგალური მიგრაცია
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა რამდენჯერმე ახსენა მექსიკის საზღვარი და არალეგალური მიგრანტების ნაკადები. პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, მიეღო შესაბამისი ზომები და გაეტარებინა ახალი კანონი, რათა აშშ-ს საზღვრებზე მდგომარეობა პოზიტიურისკენ შეცვლილიყო.
პრეზიდენტმა ისაუბრა მავნე ქიმიური ნივთიერებების შემოტანაზეც და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს: „მე კონგრესს გავუგზავნე დეტალური მოთხოვნა და დაფინანსების გეგმა, სადაც მოცემულია, ზუსტად როგორ უნდა აღმოვფხვრათ საზღვრებზე არსებული პრობლემები. ამერიკელები მოელიან, რომ კონგრესი გამომიგზავნის დაფინანსებას დაუყოვნებლივ, რათა ხელი მოვაწერო და მივიღოთ შესაბამისი კანონი. მე მოვაწერ ხელს ისე სწრაფად, რომ მერწმუნეთ, ვერც კი დაიჯერებთ", - დასძინა ტრამპმა.
„ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ისინი (მიგრანტები) ახლა ძლიერად არიან ჩაბუდებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად", - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ახსენა სიკვდილით დასჯა პოლიციელის მკვლელობისთვისაც.
ტრამპმა მოუწოდა კონგრესს, მიეღო კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ყველასთვის, ვინც პოლიციელს მოკლავს. ამ წინადადებას მოჰყვა დარბაზიდან შეძახილი: „6 იანვარი", „მატყუარა".
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე შტურმი განხორციელდა, დაიღუპა ერთი პოლიციელი, ხოლო აჯანყების წაქეზებაში ბრალი ტრამპს დასდეს. მოგვიანებით სენატმა ტრამპი გაამართლა, მეამბოხეები კი შეიწყალეს.
სავაჭრო ომი და ახალი ტარიფები
ტრამპმა ახალი ტარიფები დაუწესა კანადას, ჩინეთსა და მექსიკას, რამაც საპასუხო ტარიფების ამოქმედება გამოიწვია.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის იმპორტზე დამატებით ახალი ტარიფებიც ამოქმედდება:
„2 აპრილს იქნება საპასუხო ტარიფებიც. ტარიფები ამერიკას ხელახლა გაამდიდრებს და კვლავ განადიდებს. რა თქმა უნდა, ახლა ეს მცირე შეშფოთებას გამოიწვევს, მცირე ქაოსი იქნება, მაგრამ მერწმუნეთ - ამერიკას ეს ტარიფები გაამდიდრებს", - განაცხადა ტრამპმა.
ეკონომისტები ტრამპის განცხადებას არ იზიარებებ და ამბობენ, რომ გაზრდილი ხარჯები დიდ დარტყმას მიაყენებს ამერიკელებს.
ტრამპმა რამდენჯერმე ბაიდენტს „სამარცხვინო" უწოდა, ხოლო დემოკრატებს მიმარა: „მე თქვენ გაფასებთ", რასაც გუბერნატორების მხრიდან სიცილი მოჰყვა.
ტრამპის თქმით, მექსიკა და კანადა აშშ-ში ფენტანილის შეტანას აქამდე არნახულ დონეზე უშვებენ, რაც იწვევს ასობით და ათასობით ადამიანის მკვლელობას და ოჯახების განადგურებას. ტრამპის მტკიცებით, ეს ორი ქვეყანა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სუბსიდიას იღებს.
"ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას", - დასძინა ტრამპმა.
„სქესის შეცვლა უნდა აიკრძალოს"
ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა სქესის შეცვლის პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ მოითხოვს მისი სამუდამოდ აკრძალვას.
ოფიციალურ პოზიციაზე მოსვლისთანავე ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის ტრანსგენდერის იდეოლოგიის ინდოქტრინაციას.
მისი თქმით სამუდამოდ დაასრულებს იმ ტყუილს, რომ „რომელიმე ბავშვი არასწორ სხეულშია"
„ჩვენი ადმინისტრაცია ასევე მუშაობს იმაზე, რომ დავიცვათ ჩვენი ბავშვები საშიში იდეოლოგიებისგან სკოლებში
„მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დასჯადს გახდის სქესის შეცვლას ბავშვებში და სამუდამოდ დაასრულებს იმ ტყუილს, რომ რომელიმე ბავშვი არის არასწორ სხეულში"
„ჩვენი გზავნილი ყოველი ამერიკელი ბავშვისთვის არის, რომ თქვენ სრულყოფილი ხართ ზუსტად იმ სახით, როგორც ღმერთმა შეგქმნათ, რადგან ჩვენ ვაშორებთ ე.წ. ვოუქიზმს ჩვენს სკოლებს, სამხედრო სამსახურიდან და საზოგადოებიდან. „ვოუქიზმი" არის პრობლემა. „ვოუქიზმი" არის ცუდი", - განაცხადა ტრამპმა.
გრენლანდია ამერიკას -„ჩვენ ეს მიწა გვჭირდება"
„ჩვენ გვჭირდება გრენლანდია საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდნეტმა გრენლანდიელ ხალხს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა და აღნიშნა, რომ ის თავად უზრუნველყოფს გრენლანდიის უსაფრთოებას.
„ამ ღამით მე ასევე მაქვს გზავნილი გრენლანდიის არაჩვეულებრივი ხალხისადმი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი. და თუ თქვენ აირჩევთ, ჩვენ მოგესალმებით თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვფიქრობ, ჩვენ მას მივიღებთ.
ჩვენ მდიდრებს გაგხდით და ერთად ჩვენ ავიყვანთ გრენლანდიას ისეთ სიმაღლეებზე, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდით. ეს არის ძალიან მცირე მოსახლეობა, თუმცა მიწის ძალიან დიდი ნაკვეთი და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო უსაფრთხოებისთვის", - თქვა ტრამპმა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მზადაა ითნამშრომლოს აშშ-სთნ , რათა უზრუნველყოფილი იყოს გრენლანდიის უსაფრთხოება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ დანია ისევ გრენლანდიის წარმომადგენლად დარჩება.
„ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას პატივს სცემს და ეს, ჩემი აზრით, მისი გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია
„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დაფუძნებული იქნება იმ ფაქტზე, რომ ჩვენ დანიის სამეფოს წარმოვადგენთ"-დასძნა მან.
„რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს"-დემოკრატების პასუხი
ტრამპის ტრიბუნასთნ ყოფნის დროს დემოკრატების დიდი ნაწილი ფეხზე არ დგებოდა, ისინი პროტესტის ნიშნად ხელში პლაკატებით ტრამპს „მატყუარას" უწოდებდნენ,, ხოლო მის განცხადებებს ყალბად მოიხსენიებდნენ.
მას შემდეგ რაც, დარბაზი დატოვა ოპოზიციონერმა დემოკრატმა, დარბაზში სიმშვიდე შენარჩუნდა, თუმცა, საპროტესტო შეძახილები ილონ მასკისა და ტარმპის მიმართულებით შიგადაშიგ ისმოდა.
ამერიკელმა სენატორმა მიჩიგანის შტატიდან ელისა სლოტკინმა დონალდ ტრამპის გამოსვლის შემდეგ განცხადება გააკეთა.
„გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში გამართული სპექტაკლის შემდეგ, რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს. მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი. ტრამპი ცივ ომს წააგებდა", - განაცხადა ელისა სლოტკინმა.
ტრამპის გამოსვლას გამოეხმაურა ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსიც, მან აღნიშნა, რომ ამერიკა დღეს უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას.
ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე. როგორ ვუპასუხებთ ამ მომენტს, გავლენას იქონიებს არა მხოლოდ ჩვენს ცხოვრებაზე, არამედ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებაზეც"-განაცხადა სანდერსმა.
„თქვენ უსმენდით ტრამპს, რომელიც ძალიან ეფექტიანად ცდილობს, პარალელური სამყარო შექმნას თავისი მხარდამჭერებისთვის. იდეების კასკადი, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია არც რეალობასთან და ახლოსაც არ არის ამერიკელი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებთან. ერთ-ერთი მეთოდი, რითიც ამას აკეთებს, სიცრუის კონცეფციაა. ამ ტყუილების მიზანია მემარჯვენე რადიკალური იდეოლოგიის წახალისება."-განაცხადა სანდერსმა.