
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს საგანგებო პრესკონფერენციაზე ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ევროპის თავდაცვაზეა ორიენტირებული. ევროპელი ლიდერების უმრავლესობა თანხმდება, რომ კონტინენტი საფრთხეშია და თავდაცვის ხარჯები დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს. ეს გეგმა კი 6 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე იქნება განხილული.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ „საფრთხე რეალურია" და თავდაცვის ხარჯების გაზრდა აუცილებელი: „საშიშ დროში ვცხოვრობთ. ევროპის უსაფრთხოებას რეალურად ემუქრება საფრთხე".
მისივე თქმით, ევროპის თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმის მეშვეობით 800 მილიარდი ევროს მობილიზებაა შესაძლებელი.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებს 6 მარტის სამიტის წინ ევროპის გადაიარაღების ხუთპუნქტიანი გეგმა გაუგზავნა, რომელშიც მოიაზრება:
1. თავდაცვისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოთავისუფლება;
2. ახალი ინსტრუმენტი, რომელიც თავდაცვაში ინვესტირების მიზნით წევრი ქვეყნებისთვის 150 მლრდ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას უზრუნველყოფს;
3. ევროკავშირის ფინანსური რესურსების მაქსიმალური გამოყენება;
4. დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება;
5. ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე:
„ეს ევროპის მომენტია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ".
6 მარტს კი ევროკავშირის საგანგებო სამიტი იმართება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტასგან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მიიღო მოწვევა. სამიტზე განიხილავენ ევროპის უსაფრთხოების საკითხებსაც და უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტსაც.
„ევროკავშირი ემზადება ახალი პასუხისმგებლობებისთვის", - განაცხადა კოსტამ.
აღსანიშნავია, რომ ამ გეგმის წარდგენაც და სამიტიც დროში დაემთხვა აშშ-ის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, რაც ამ პროცესს უფრო დრამატულს ხდის,
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ერიკ ლომბარდი, აცხადებს, რომ ევროპამ თავდაცვაზე უფრო მეტი უნდა დახარჯოს.
„საფრანგეთმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები," - განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ თავდაცვის ხარჯების ზრდის მიუხედავად, სოციალური დაცვის სისტემა და კეთილდღეობა შენარჩუნებული უნდა იყოს.
რამდენად ერთიანი იქნება ევროკავშირი ახალ გეგმას დაკავშირებით, ანალიტიკოსთა შეფასებით, ჯერჯერობით ძნელი სათქმელი. ამ მხრივ, შესაძლოა, მნიშვნელობა ჰქონდეს, უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციას. 5 მარტს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი პარიზში ჩადის პრეზიდენტ ემნუელ მაკრონთა შესახვედრად და საუბრის მთავარი თემაც, სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება.
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მიჩნევს, რომ ევროპაში ახლა გამოღვიძების პროცესი მიმდინარეობს.
„დავიწყოთ იმით, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანელია, შესაბამისად, მისი გეგმაც ძალიან პრაგმატულია. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად შეძლებს ევროპა ერთიანი იყოს ორ ქვეყნის გამო. ამიტომ მათ მოუწევთ ცალ-ცალკე ამ გეგმის განხორციელება, ოღონდ ერთმანეთთან კოორდინაციით. აქ იქნება ცალკეული ქვეყნების თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, არსებობს სტრუქტურული თანამშრომლობის შესაძლებლობა. სწორედ ესაა მთავარი საკითხი - თუ რამდენად განხორციელდება ეს ყველაფერი.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის გამოღვიძების პროცესი მიმდინარეობს. აბსოლუტურად შესაძლებელია შეიქმნას მძლავრი ცენტრი, თუმცა ამ ცენტრში არ იქნებიან მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები. მაგალითად, კონკრეტულად დიდი ბრიტანეთი, ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან დაბრუნდება, როგორც ძალიან მჭიდრო პარტნიორი. ბრიტანეთთან ერთად ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიაღწევენ თავის სამხედრო ავტონომიურობას და შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლობას სამხედრო თავდაცვისუნარიანობის კონტექსტში.
„რა თქმა უნდა, ახლა გართულებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ახალი ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის გამო. თუმცა, მომავალში შეერთებული შტატები და ევროპა დაუბრუნდებიან სრულად კონსტრუქციულ თანამშრომლობას, მაგრამ ევროპა ახალ ხარისხში იქნება აყვანილი. ევროპა იქნება ბევრად ძლიერი და თანასწორუფლებიან თანამშრომლობას განახორციელებს აშშ-სთან და არა ისეთ ურთიერთობას, როგორიც აქამდე ჰქონდა, როდესაც აშშ დომინირებდა.
„მე ეჭვი მეპარება, რომ ტრამპი საერთოდ ფიქრობდეს ევროპაზე, თუმცა მისი რადიკალური მოქმედებები ავტომატურად იწვევს უკურეაქციებს ევროპელებში. ის მაქსიმალურად ცდილობს დარჩეს ევროპა აშშ-ის დომინაციის არეალში, თუმცა ეს მას არ გამოუვა", - განაცხადა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".
კითხვაზე, თუ რა მოლოდინები აქვს 6 მარტის სამიტისგან, გოგოლაშილი გვპასუხობს, რომ შეხევდრა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არ ფიქრობს, რომ კონსესუსი შედგება.
„რაც შეეხება 6 მარტის სამიტს, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. თუმცა, ვფიქრობ, კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდება, ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან რთული იქნება, რადგან იქ არიან ფიცო და ორბანი, რომლებიც პროცესს შეეწინააღმდეგებიან. თუმცა ვფიქრობ, ეს სამიტი იქნება წყალგამყოფი - ევროკავშირის წევრი ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობას და გავლენ ევროკავშირის ერთიანი ჩარჩოს პოლიტიკიდან იმ კონტექსტში, რომ უზრუნველყონ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება", - განაცხადა გოგოლაშვილმა.