თამთა ჩაჩანიძე
04.03.2025

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. პაუზა ვრცელდება ყველა სახის სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაზე, მათ შორის იმაზეც, რაც უკვე სატვირთო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა ატვირთული, ან პოლონეთში სატრანზიტო ლოკაციებზე უკვე უკრაინაში გადაგზავნისთვისაა გამზადებული. ეს ინფორმაცია პოლონეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა. აშშ-ის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პირველი რეაქციები და პროგნოზები, თუ რამდენ ხანს გაძლებს უკრაინა იმ რესურსით, რაც დღეს აქვს.

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ყველაზე დიდი პრობლემა უკრაინას, სავარაუდოდ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კუთხით შეექმნება. ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანა რუსული იერიშებისგან თავს ისე ვეღარ დაიცავს, როგორც აქამდე. შესაბამისად, გაიზრდება ადამიანური მსხვერპლიც და ზიანიც უკრაინის სამხედრო და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურისათვის.

თეთრი სახლში არ მალავენ, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია უკრაინასთან იშიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ჩავარდნასთან და 28 თებერვალს თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომდარ სკანდალურ შელაპარაკებასთან. ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება, რომ უკრაინა მზადაა შეთანხმების ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ამას ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად უკვე საკმარისი აღარაა. უფრო მეტიც, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ და ქვეყნის დატოვებისკენაც კი მოუწოდა.

წყაროები ირწმუნებიან, რომ ტრამპი ვიზიტის დღიდან ზელენსკისგან ბოდიშს ითხოვს. ასევე ამბობენ იმასაც, რომ დახმარების შეჩერება დროებითია და აშშ-ის პირობების დაკმაყოფილებისთანავე ტრამპი „პირველი იქნება, ვინც ტელეფონს აიღებს".

„უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს მინერალების შესახებ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის მისცემს წვდომას დედამიწის იშვიათი მინერალების მარაგებზე", - განაცხადა სამშაბათს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

მისივე თქმით, უკრაინა დიპლომატიური და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით გააგრძელებს აშშ-სთან მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ „უკრაინა და შეერთებული შტატები არ შეწყვეტენ ბრძოლას ხანგრძლივი მშვიდობისთვის".

ამის პარალელურად, ევროპა უკმაყოფილოა აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით და ცდილობს, ამ გამოწვევის საპასუხოდ, თავად შეავსოს ის დანაკლისი, რაც აშშ-სგან სამხედრო დახმარების შეჩერებით იქნება გამოწვეული. თუმცა, ჯერჯერობით, ერთობლივ გადაწყვეტილებას უკრაინისათვის 20 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე უნგრეთი ბლოკავს.

ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას ხაზს უსვამს და დროა, „ევროპა სიტყვებიდან მოქმედებაზე მტკიცედ გადავიდეს".

მიზეზები და შედეგები - სანამდე გაძლებს არსებული რესურსით უკრაინა

ბრიტანული „თაიმსი" თავის წყაროებზე დაყრდნობით შეეცადა გაერკვია, თუ რატომ შეუჩერა ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს მისი უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი აიძულოს, რომ პირველ რიგში მოაწეროს ხელი იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ვაშინგტონის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

გარდა ამისა, „თაიმსის" ცნობით, ტრამპი ბოდიშის მოხდას ითხოვს ზელენსკისგან იმის გამო, რაც 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მოხდა.

„სი-ენ-ენ"-ის წყაროებმაც დახმარების შეჩერება იმას დაუკავშირეს, რომ ტრამპს ზელენსკისთან კონფლიქტის გამო ბოდიშის მოსმენა სურს.

„ბლუმბერგი" პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო დახმარების ღინისძიების შეჩერება ძალაში დარჩება მანამ, სანამ „უკრაინის ხელმძღვანელობა არ გამოავლენს მშვიდობისადმი ერთგულებას".

„სი-ენ-ენი" ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე რუსეთთან ომში ზაფხულის დასაწყისამდე გაძლებს. როგორც ევროპელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, დახმარების შემცირებას უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა მოჰყვება, რადგან ქვეყანა რუსეთის საჰაერო იერიშებისგან თავს ვერ დაიცავს, როდესაც ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგი ამოეწურება.

ამავე წყაროს ცნობით, თუ უკრაინა არსებულ საბრძოლო ტემპს შეინარჩუნებს, ის რამდენიმე კვირას გაძლებს. საუკეთესო შემთხვევაშ კი დაახლოებით ზაფხულის დასაწყისამდე, სანამ ამერიკის გადაწყვეტილებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„სი-ენ-ენი" ასევე აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველობის ბოლო დღეებში უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება დააჩქარა და ის შეტევითი იარაღის დიდი მარაგით უზრუნველყო. ამ იარაღმა, მათ შორის, შორი მანძილზე მოქმედი „ატაკამსის" რაკეტებმა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების შესაძლებლობა მისცა.

ამასთან, მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ, შესაძლოა, ჩაანაცვლოს ამერიკული საარტილერიო ჭურვები, ყველაზე თანამედროვე იარაღი, რომელსაც კიევი ფრონტის ხაზზე იყენებს, მაინც ამერიკულია.

რა უნდა ტრამპს

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მილიარდერმა ილონ მასკმა ზელენსკის უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. მასკი მიიჩნევს, რომ „დემოკრატიაზე მშვიდობიანი გადასვლის სანაცვლოდ" ზელენსკის ნეიტრალურ ქვეყანაში ამნისტია უნდა შესთავაზონ. მასკი დაჟინებით მოითხოვს უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებას.

მასკმა უპასუხა „იქსის" ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელმაც დაწერა, რომ ზელენსკი უკრაინაში „სამხედრო მოქმედებებით სარგებლობს, რადგან ომის დასრულების შემდეგ მისი ძალაუფლება დასრულდება და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წააგებს".

მასკის გამოხმაურება ასეთი იყო:

„მართალია. რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, ზელენსკის უნდა შესთავაზონ რაიმე სახის ამნისტია ნეიტრალურ ქვეყანაში, უკრაინაში დემოკრატიაზე მშვიდობიანი გადასვლის სანაცვლოდ".

ერთი დღით ადრე, მასკმა თქვა, რომ ზელენსკის „სურს მარადიული ომი" და „დაუსრულებელი კორუფციული ხორცსაკეპი".

გამოცემა „ჰილი" თეთრი სახლის ანონიმი მაღალჩინოსნის კომენტარს ავრცელებს, რომლის თქმითაც ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი მშიდობის მიღწევაა:

„პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ მშვიდობაზეა ფოკუსირებული. გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგული იყვნენ. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ დახმარებას, რათა ამ პრობლემის გადაჭრა უზრუნველვყოთ".

„ფოქს ნიუსიც" ციტირებს ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოსანს ანონიმურობის დაცვით, რომელიც ამბობს: „ეს არ არის დახმარების სამუდამო შეწყვეტა, ეს არის პაუზა".

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევითმა „ფოქს ნიუსთან" განაცხადა, რომ

28 თებერვალს თეთრ სახლში მისულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელიდან გაუშვა მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეთანხმება და სწორედ ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა.

„დონალდ ტრამპს სურს შეთანხმების მიღწევა და სურს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკისა და მშრომელი ამერიკელებისადმი მადლიერება გამოხატოს. ვოლოდიმირ ზელენსკის გასულ კვირას მხოლოდ რამდენიმე წუთი აშორებდა მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერამდე, თუმცა მან სწორედ ის ტოტი მოიჭრა, რომელზეც იჯდა.

„აშშ და ამერიკელი ხალხი დაიღალა ამ ომის დაფინანსებით. პრეზიდენტ ტრამპს სურს მოლაპარაკებები, თუმცა, სამწუხაროდ, ზელენსკის ჯერ ამის სურვილი არ აქვს", - თქვა ლევითმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსის" ეთერში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკური ინტერესის დაკმაყოფილება უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტია იქნება.

„ჩვენ გვინდა საქმე მშვიდობიან დარეგულირებამდე მივიყვანოთ. პრეზიდენტი ტრამპი ამას ცდილობს, მაგრამ ტანგოს ორნი ცეკვავენ. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ომის უსასრულოდ გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ არ შეგვიძლია ის დაუსრულებლად ვაფინანსოთ. არც უკრაინელებს შეუძლიათ მუდმივად ბრძოლა. ამიტომ მოდით მივიყვანოთ საქმე მშვიდობიან მოგვარებამდე. ეს ერთადერთი გამოსავალია და მოვუწოდებთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინს, ამ გზას მიჰყვნენ. რაღაცაზე უარის თქმა რუსებსაც მოუწევთ და უკრაინელებსაც.

„როცა ვნახავთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკის პოზიცია შეიცვლება, დონალდ ტრამპი იქნება პირველი, ვინც ყურმილს აიღებს და პუტინს დაურეკავს. თუ კიევს ნამდვილად სურს უსაფრთხოების გარანტია, რომ რუსეთი მომავალში აღარ შეიჭრება უკრაინაში, მაშინ ამის საუკეთესო გარანტია შეერთებული შტატებისთვის უკრაინაში სამომავლო ეკონომიკური ინტერესის მიცემაა", - თქვა ვენსმა.

კრემლის რეაქცია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლომდე დარწმუნებული არ არის უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერებაში, რადგან ამაზე ინფორმაცია მხოლოდ მედიაში ვრცელდება, თუმცა, „თუ ეს მართლაც ასეა", მისი თქმით, „უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტით აშშ საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში".

„აშკარაა, რომ აქამდე აშშ იყო (სამხედრო დახმარების) მთავარი მიმწოდებელი. აშშ თუ შეწყვეტს ან შეაჩერებს მიწოდებას, ეს ალბათ საუკეთესო წვლილი იქნება მშვიდობის საქმეში", - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოიცავდეს რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნას, თუმცა ჯერ ასეთი გეგმა არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ ისინი უნდა გათავისუფლდნენ ე.წ. სანქციების ამ ნეგატიური ტვირთისგან", - განაცხადა პესკოვმა.

ევროპის პოზიცია

საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება მშვიდობას ხელს არ უწყობს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ევროპის საკითხებში მინისტრ-დელეგატმა, ბენჟამენ ადადმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება მშვიდობას არ აძლიერებს.

„თუ ჩვენ მშვიდობა გვინდა, უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება სინამდვილეში აძლიერებს მშვიდობას, თუ აშორებს მას? - აშორებს, რადგან ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესორს რუსეთი", - განაცხადა ბენჟამენ ადადმა.

მისივე განცხადებით, „ზეწოლა რუსეთზე უნდა განხორციელდეს და არა უკრაინაზე, როგორც ეს უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩანს".

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების დაპაუზება აშკარას ხდის ევროკავშრის პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების აუცილებლობას.

„პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები და ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს მოითხოვს გაზრდილ ინვესტიციებს თავდაცვაში. ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასევე ნიშნავს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერებას. რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ყველას გვემუქრება, წარმატების უფლებას ვერ მივცემთ", - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ფუნდამენტური საერთაშორისო გამოწვევების გადასაჭრელად სხვებზე დაყრდნობის ეპოქა დასრულდა: „დროა, ევროპა მტკიცედ გადავიდეს სიტყვებიდან მოქმედებაზე".

პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პაველ ვრონსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციის და მათი ინფორმირების გარეშე მიიღო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ეს წინადადება შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს - გადაწყვეტილება მიღებულია ნატო-ელ მოკავშირეებთან ან „რამშტაინის" ჯგუფთან კონსულტაციების, ან მათი ინფორმირების გარეშე", - აღნიშნა ვრონსკიმ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ „ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის". მისი თქმით, უკრაინის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოპოვების ერთ-ერთი გზა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×