მარიამ ვეკუა
04.03.2025

გლობალური შოკი - აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მძიმე ტარიფები დაუწესა მექსიკას, კანადასა და ჩინეთს. ამის შესახებ მან 4 მარტს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნული ქვეყნების მთავრობებისგან ამას უკვე მოჰყვა საპასუხო რეაქცია. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ამერიკა დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინ დადგება, ხოლო ტარიფების გაზრდის ნეგატიურ გავლენას მსოფლიოც უახლოეს მომავალში იგრძნობს.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, ხშირად საუბრობდა ახალი მკაცრი ტარიფების შემოტანაზე. მის სამიზნეში ყველა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი მოხვდა, მათ შორის ევროკავშირიც.

დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით, ტარიფები კანადაზე, მექსიკასა და ჩინეთზე 4 მარტიდან ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფი ერთი თვის წინაც დააწესა, სამშაბათის გადაწყვეტილებით კი ის გაორმაგდა.

რაც შეეხება მექსიკასა და კანადას, მათ იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი 25%-ის ტოლია.

ტრამპი ტარიფების გამკაცრების მიზეზად ასახელებს იმას, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა არაფერი გააკეთეს, რათა აშშ-ში ფენტანილისა და მასთან დაკავშირებული ქიმიური ელემენტების შეტანა შეჩერებულიყო.

ეკონომისტები ამბობენ, რომ აღნიშნული ტარიფები ამერიკელი ხალხისთვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

კანადა, მექსიკა და ჩინეთი შეერთებული შტატების სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. აღნიშნული ქვეყნები აშშ-ს ნავთობითა და სპილენძით ამარაგებენ, ასევე საკვები პროდუქციითაც.

საპასუხო რეაქცია

ახალ ტარიფებს მალევე მოჰყვა პასუხიც. ჩინეთმა უკვე შემოიღო 10-15%-იანი ტარიფები ამერიკულ პროდუქციაზე. გარდა ამისა, აანონსებს ამერიკისთვის განკუთვნილი საექსპორტო საქონლის შეზღუდვასაც.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, განაცხადა, რომ კანადის პასუხიც შესაბამისი იქნება. ტრუდოს თქმით, კანადაც აშშ-სთვის 25%-იან ტარიფებს აწესებს, რაც 107 მილიარდი დოლარის ამერიკულ საქონელზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. თუმცა, ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება: თავდაპირველად ტარიფები გაიზრდება 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე, ხოლო 15 დღის შემდეგ - დანარჩენზე.

ტრუდომ ტრამპის გადაწყვეტილებას „დაუსაბუთებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ში მოხვედრილი ფენტანილის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები შედიოდა კანადიდან, თუმცა კანადა ამის აღმოსაფხვრელადაც მუშაობდა.

„კანადა არ დატოვებს ამ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას უპასუხოდ... ჩვენი ტარიფები ძალაში დარჩება იქამდე, სანამ აშშ სავაჭრო ტარიფებს უკან არ გაიწვევს. თუ აშშ-ის ტარიფები არ გაუქმდება, ჩვენ აქტიურ და მუდმივ დისკუსიაში ვართ პროვინციებთან და ტერიტორიებთან არასატარიფო ზომების გასატარებლად", - აღნიშნა ტრიუდომ.

რაც შეეხება მექსიკას, მან აშშ-სთან საზღვარზე 10 000 ჯარისკაცი განათავსა, რათა მიგრაცია შემცირებულიყო. როგორც მექსიკის მთავრობის განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფომ დიდი ძალისხმევა გასწია ქვეყნის საზღვრების გასაძლიერებლად და მავნე ქიმიური ნივთიერებების ნაკადის შესაჩერებლად, ხოლო მიგრანტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ეკონომისტების შეფასებით, ჩრდილოეთ ამერიკაში ტარიფები ეკონომიკურ ზრდას შეაჩერებს, მაგრამ ისინი ყველაზე მეტად დააზარალებენ კანადასა და მექსიკას, რადგან ეს ქვეყნები თავიანთი ექსპორტის დაახლოებით 80%-ს აგზავნიან შეერთებულ შტატებში.

რაც შეეხება ჩინეთს, იგი თავისი ექსპორტის მხოლოდ 15%-ს აგზავნის შეერთებულ შტატებში, ამიტომ მასზე ტარიფები გაცილებით ნაკლებ ზეგავლენას იქონიებს.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი „ძლიერ უკმაყოფილოა" და მიიღებს საპასუხო ზომებს „საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად". სპიკერმა შეერთებული შტატები საერთაშორისო ვაჭრობის წესების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

ტარიფები, დაძაბულობა, შურისძიების შიში და სავაჭრო ომი - რას უნდა ველოდოთ

ტრამპი დიდი ხანია აცხადებს, რომ ეს ტარიფები აუცილებელია ამერიკული ინდუსტრიების დასაცავად, სახელმწიფო შემოსავლების გასაზრდელად და უცხო ქვეყნებზე ზეწოლისთვის.

თუმცა, ბევრი ეკონომისტი არ ეთანხმება ტრამპის მოსაზრებას, რომ ეს ტარიფები აშშ-ზე პოზიტიურად იმოქმედებს. ბევრი ამბობს, რომ ტრამპის ტარიფები გაზრდის ინფლაციას, შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და დააზარალებს რიგით ამერიკელებს.

„ამ ტარიფების ერთ-ერთი მყისიერი შედეგი იქნება სამომხმარებლო ფასების ზრდა. ჩინეთიდან, მექსიკიდან და კანადიდან შემოტანილი პროდუქციის ჯამი 2023 წელს 3,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 43%-ია. ახალი ტარიფების ამოქმედებისას, ელექტრონული ნაწარმი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო საქონელი და სასურსათო პროდუქტები, სავარაუდოდ, გაძვირდება".

„პრაქტიკულად ყველა ეკონომისტი ფიქრობს, რომ ტარიფების გავლენა ძალიან მძიმე იქნება ამერიკისთვისაც და მსოფლიოსთვისაც", - განუცხადა „გარდიანს" კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა და ეკონომიკურ მეცნიერებებში ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯოზეფ სტიგლიცმა.

მარკუს ნოლანდმა, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კი განაცხადა:

„ტარიფები, დაძაბულობა, შურისძიების შიში და სავაჭრო ომი, ალბათ, გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას, რაც დააზარალებს ეკონომიკას მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ამერიკა უკეთ აღიქვამს ამ სავაჭრო ომის ზეგავლენას, თუმცა არანაკლები გამოწვევა აქვთ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ტრამპმა ტარიფები გაუზარდა.

„ამ ტარიფების დაწესებას აშშ-ის ეკონომიკისთვის დამთრგუნველი ეფექტი ექნება. ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდასა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების წარმოშობას. ამერიკელ ექსპორტიორებს განსაკუთრებით რთული პერიოდი ელით", - განაცხადა ნოლანდმა.

„აშშ-ის ეკონომიკა უფრო დიდია და უკეთესად აღიქვამს სავაჭრო ომის ნეგატიურ შედეგებს, მაგრამ ერთდროული სავაჭრო ომი მის სამ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან უარყოფითად იმოქმედებს ყველასთვის. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ეკონომიკაზე, თუმცა, მერწმუნეთ, მსოფლიოს ეკონომიკურთან ერთად დიდი პოლიტიკური დაძაბულობაც ელოდება", - ამბობს კორნელის უნივერსიტეტის მთავრობისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორი გუსტავო ფლორეს-მაკიასი.

საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის იანვრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტარიფები შეანელებს ეკონომიკის ზრდას, დააჩქარებს ინფლაციას და ზიანს მიაყენებს კანადის, ჩინეთის, მექსიკისა და შეერთებული შტატების ეკონომიკებს.

თუმცა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეისონ სმითმა, რომელიც გადასახადებთან, შემოსავლების გენერაციასა და სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებულ კომიტეტს ხელმძღვანელობს, ტრამპის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასა.

„კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან იმპორტზე დაწსებული ტარიფები მკაფიო გზავნილია, რომ აშშ აღარ მოითმენს, როდესაც სხვა ქვეყნები ვერ აჩერებენ ნარკოტიკებისა და მიგრანტების ნაკადს ჩვენს ქვეყანაში. ეს მილიარდობით ახალ შემოსავალს მოუტანს ამერიკას", - თქვა სმითმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×