მარიამ ვეკუა
03.03.2025

ახალი გარიგებისთვის მზადება იწყება - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალ ინიციატივას აჟღერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ფიგარო" ავრცელებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებენ ევროპელები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „მოლაპარაკებების მაგიდასთან" მოყვანასა და დათანხმებას.

რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი ერთთვიანი იქნება. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „ზავი ხმელეთზე არ გავრცელდება" - ის მოიცავს მხოლოდ ჰაერს, ზღვასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა პირველი ეტაპი იქნება , ხოლო მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროპული ჯარების განლაგება მოგვიანებით მოხდება.

„მომდევნო კვირებში ევროპული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნებიან. საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რათა ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას მოლაპარაკებებით მივაღწიოთ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მოხდება ჯარების განლაგება," - განაცხადა მაკრონმა.

„ზავზე საუბრისას მთავარი საკითხია, თუ რამდენად სწორად გამოვიყენებთ მცდელობებსა და მოლაპარაკებებს. რამდენიმე კვირა დასჭირდება და შემდეგ, როცა კონკრეტული პასუხი გვეცოდინება, შესაძლოა მშვიდობაც დამყარდეს," - დასძინა მაკრონმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა მისთვის ცნობილია. დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, კითხვაზე, იცის თუ არა საფრანგეთისა და ბრიტანეთის ინიციატივის შესახებ, მან უპასუხა: „მე ყველაფერი ვიცი."

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგულ მედიასთან განაცხადა, რომ „ნაწილობრივი" ზავი შეამოწმებს, იმოქმედებს თუ არა პუტინი კეთილსინდისიერად და არის თუ არა მზად მოლაპარაკებებისთვის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ევროპელებმა უნდა გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ბიუჯეტი.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსები თავიანთი მშპ-ის ათ პროცენტს ხარჯავენ თავდაცვაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის და დავისახოთ მიზანი - დაახლოებით სამი ან 3,5 პროცენტი," - აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის 27 ლიდერის შეხვედრაა ჩანიშნული. როგორც დასავლური მედია წერს, ევროპა შედის გადამწყვეტ ფაზაში, როდესაც მან საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი უსაფრთხოების საკითხები.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა: „თავისუფალ სამყაროს ამერიკა აღარ ხელმძღვანელობს." თუმცა მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ აშშ „ჯერ კიდევ სანდო მოკავშირეა," ხოლო საყოველთაო მშვიდობა ამერიკასთან ერთად უნდა იქნას მიღწეული.

საინტერესო იყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებაც, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია. მან ხასგასმით მოუწოდა ევროპას, შეეწყვიტა აშშ-ს გარანტიებით ცხოვრება: „ხუთასი მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს სთხოვს, დაიცვას 140 მილიონი რუსისგან. შეგიძლიათ დაითვალოთ? დაითვალეთ, რამდენი ხართ. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი," - განაცხადა ტუსკმა.

შედგება თუ არა გარიგება

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საფრანგეთისა და ბრიტანეთის ახალი ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ გაჟღერდა და რამდენად განხორციელდება, უცნობია. გოგოლაშვილი საუბრობს როგორც ინიციატივის დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე.

„ჩვენ ვიცით, რომ ამ ინიციატივას საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უჭერენ მხარს, თუმცა სხვა ქვეყნებისგან ჯერჯერობით ოფიციალური თანხმობა არ არის. ამ ზავს, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემებიც თან ახლავს. საუბარია მხოლოდ საჰაერო და საზღვაო დარტყმების შეჩერებაზე."

„ერთი მხრივ, დადებითია, რომ შეჩერდება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები - თუ რუსეთმა ეს მიიღო. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, გადააჯგუფოს თავისი ჯარები, გადაანაცვლოს ისინი და უკეთ მოემზადოს ახალი დარტყმებისა და შეტევისთვის. ამიტომ, ჯერჯერობით ეს ინიციატივა მხოლოდ გაჟღერდა და არ ვიცით, განხორციელდება თუ არა," - განმარტავს გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილი ასევე საუბრობს რუსეთის როლსა და ევროპული სამშვიდობო ძალების უკრაინაში განლაგებაზე:

„რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგებას, ეს დღემდე ძალიან პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. მხოლოდ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გამოხატეს სრული მზადყოფნა, დანარჩენი ქვეყნები თავს იკავებენ, რადგან მათთვის ცეცხლის შეწყვეტა საკმარისი პირობა არ არის - ისინი სამშვიდობო შეთანხმებას მოითხოვენ.

რაც შეეხება რუსეთს, ის უნდა დათანხმდეს ამ პროცესების დასრულებას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს. უარის შემთხვევაში ესკალაცია გარდაუვალი იქნება."

გოგოლაშვილის თქმით, ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს ჩართულობა..

„თუნდაც წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ვფიქრობ, შესაძლოა ერთ კვირაში ან ათ დღეში განახლდეს მოლაპარაკებები უკრაინასა და აშშ-ს შორის," - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი კორნელი კაკაჩია კი ფიქრობს, რომ ევროპელები უკრაინასა და აშშ-ს შორის არსებული ნაპრალის ამოვსებას ცდილობენ.

„ევროპელები ცდილობენ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის აღდგენას. აქედან გამომდინარე, ეს არის ამ გეგმის ნაწილი - იმ დაშვებით, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ევროპული ჯარი განლაგდება უკრაინაში.

რაც შეეხება ევროპული ჯარების განლაგებას, როგორც აღვნიშნე, ეს არის მოლაპარაკებების ნაწილი. ჩვენ არ ვიცით, როგორ მიიღებს ამას რუსეთი. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი არ ექნებათ, მაგრამ მოლაპარაკებების არსიც სწორედ ეს არის - ერთი მხარე რაღაცას კარგავს, მეორე კი იღებს. ასე რომ, ბუნებრივია, რომ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა.

რაც შეეხება ზელენსკის, ვიცით რომ, მას წიაღისეულის სანაცვლოდ დაცვის გარანტიები სურს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში კვლავ დაუბრუნდებიან ამ ხელშეკრულებას და თანდათან მოლაპარაკებებსაც განაახლებენ. სწორედ ამიტომ იყო საჭირო ევროპელების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ სტარმერისა და მაკრონის შუამავლობა, რომლებიც ყოველდღიურ კავშირზე არიან ტრამპთან, რათა უკრაინასა და აშშ-ს შორის არსებული ნაპრალი ამოავსონ," - აღნიშნა კაკაჩიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×