
ევროპელ ლიდერებს უკრაინაშ ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე ჯერ მთლად ხელი არ ჩაუქნევიათ და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით კიდევ ცდილობენ თეთრი სახლის დარწმუნებას. თუმცა, პარალელურად, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სათადარიგო გეგმასაც ამზადებს. ისინი კიევთან ერთად მუშაობენ, რათა ვაშინგტონს უახლოეს პერიოდში მათი ხედვა გააცნონ.
მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მწვავე კამათით დასრულდა, ტრამპმა უარი განაცხადა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების ხელმოწერაზე. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელმოწერისთვის მზად იყო, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის სასიშია.
ამ ფონზე ევროპაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკამ დაკარგა, ან კარგავს თავისუფალი სამყაროს ლიდერობას.
„უკრაინა ევროპაა. უკრაინის გვერდით ვდგავართ. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომ მათ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება შეძლონ. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენი ჯერია, ევროპელების, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ", - დაწერა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა „იქსზე".
ახალი გეგმის დეტალები და მხარეთა პოზიციები
„ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აცხადებს, რომ აშშ-ის, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან, ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან და შესაძლოა ერთ ან ორ სხვა ქვეყანასთან ერთად, იმუშავებს უკრაინაში ბრძოლების შეჩერების გეგმაზე და შემდეგ ამას შეერთებულ შტატებთან განიხილავენ.
ამასთან, სტარმერი ასახელებს სამ მთავარ პრინციპს, რაზედაც ახალი გეგმა იქნება აგებული:
- ძლიერი უკრაინა", რომელსაც შეძლება საჭიროების შემთხვევაში ბრძოლაც და ასევე ექნება ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებებისთვის;
- ევროპული ელემენტი უსაფრთხოების გარანტიებით;
- აშშ-ის მხარდაჭერა.
გეგმის თანაავტორი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რა თქმა უნდა, გადავა მოლდოვაზე და, შესაძლოა, რუმინეთზე, თუ მას არ შეაჩერებენ.
„ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენს საზღვრებზე ზედმეტად შეიარაღებული და აგრესიული რუსეთი არსებობს", - განაცხადა მაკრონმა და დაამატა, რომ რუსეთი ევროპას ყველაზე სერიოზულ ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.
მისი თქმით, თუ ვაშინგტონი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელმოწერას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მაშინ აშშ-ის გეოსტრატეგიული შეკავების შესაძლებლობა რუსეთთან, ჩინეთსა და სხვებთან დაკავშირებით იმავე დღეს გაქრება.
რაც შეეხება კრემლის პოზიციას სამშვიდობო გეგმის სხვადასხვა ვერსიებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ს მშვიდობა უნდა, ხოლო ევროპას - ომის გაგრძელება.
„ბოლო 500 წლის განმავლობაში (როდესაც დასავლეთი მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდა იმ სახით, როგორითაც მან მიაღწია აქამდე, ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებებით) მსოფლიოს ყველა ტრაგედია წარმოიშვა ევროპიდან, ან მოხდა ევროპული პოლიტიკის წყალობით - კოლონიზაცია, ომები, ჯვაროსნული ლაშქრობები, ყირიმის ომი, ნაპოლეონი, პირველი მსოფლიო ომი, ადოლფ ჰიტლერი. თუ ისტორიას რეტროსპექტივაში შევხედავთ, ამერიკელებს არანაირი პროვოკაციული, ან თუნდაც „ცეცხლგამჩენი" როლი არ უთამაშიათ", - ამბობს ლავროვი.
დაკარგა თუ არა აშშ-მა ლიდერის როლი და ჩავარდა თუ არა ტრამპის გეგმა
ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე ხელი ჩაქნეული არაა.
„ჯერჯერობით მემგონი არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩავარდა. მაინც იმედი დავიტოვოთ, რომ მხარეები დაუბრუნდებიან ამ მოლაპარაკებებს და პირველ რიგში აშშ-უკრაინის ურთიერთიბებია მნიშვნელოვანი. ამას ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება და ამიტომაც არის ბოლო დღეებში გაქტიურებული ზარები საფრანგეთისა და ბრიტანეთის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციაში, რომ მოლაპარაკება კიდევ ერთხელ სცადონ.
„ცოტა წარმოუდგენელია ასეთი ულტიმატუმები იმ ქვეყნის პრეზიდენტთან, რომელიც ომშია. ისეთ მოთხოვნებს უყენებენ... მაგალითად, რატომ არ აცვია პიჯაკი და ა.შ. გვახსოვს, რომ ასეთივე ხისტი პოზიცია ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციას პირველ ეტაპზე, მაგრამ შემდეგ ბევრ რამეზე შეარბილა. ანუ, არის შანსი, რომ კიდევ შეიცვლება პოზიციები, რადგან ეს თვითონ ტრამპსაც სჭირდება, რომელიც თავის ამომრჩეველს დაპირდა, რომ მშვიდობას მოიტანს. უბრალოდ, მთავარია ეს „მშვიდობა" როგორი იქნება - წახალისდება თუ არა ამით შემდგომში აგრესორი, რომ კიდევ სხვა მიწები დაიპყროს, რაც აბსოლუტურად მიიუღებელია და რაც საერთაშორისო წესრიგს უთხრის ძირს, რომელიც სწორედ აშშ-მა შექმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".
მისივე შეფასებით, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გეგმა, სავარაუდოდ, უფრო რეალისტური იქნება.
„ეს გეგმა მემგონი ყველაზე რეალისტურია. ერთი წლის წინ გაგონებაც კი არ უნდოდათ ევროკავშირში, რომ ევროპული ჯარები უკრაინაში განლაგებულიყო და დღეს ეს შეიცვალა, მით უმეტეს ტრამპის დოქტრინის გამოჩენის შემდეგ. უკრაინა ვერ დარჩება იზოლაციაში და მარტო რუსეთთან. ევროპელებს ეს ესმით და მზად არიან, განსაკუთრებით ბრიტანეთს, რომ თავის თავზე აიღონ ჯარების გაგზავნა. უბრალოდ ამას ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო-დაზვერვითი სახით, რადგან მხოლოდ ევრპა ამას ვერ გასწევს.
„გასაგებია, რომ აშშ თავის ჯარს არ გააგზავნის, მაგრამ მხარდაჭერა უნდა იყოს მათი მხრიდან და ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აგრესორის მხარეს არის და არა უკრაინის.
„დაუჭერს თუ არა ამას მხარს ტრამპის ადმინისტრაცია, ამის პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან ტრამპი სწრაფად ცვლის ხოლმე პოზიციებს და არაგანჭვრეტადია. იმედი მაქვს, რომ მის გარემოცვაში იქნება ხალხი, ვისაც მოკავშირეებთან ურთიერთობებში გამოცდილება აქვს და ესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა. იმედია, რომ მიიღწევა მხარდაჭერა, ან რაღაც შეიცვლება ან ერთი, ან მეორე მხრიდან.
„ამ პროცესში ყველაზე ცუდი ისაა, რომ თავიდანვე იქნა ეს შეცდომა დაშვებული - მოლაპარაკება უკრაინის გარეშე. ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ 19-ე საუკუნის პოლიტიკას ვუბრუნდებით, სადაც პატარა სახელმწიფოების ბედს დიდი სახელმწიფოები წყვეტდნენ და ეს ვერ იქნება გაგებული მათ შორის ევროპაშიც. თან ევროპასაც ჯარების განლაგებას სთხოვენ და მის გარეშე მოვილაპარაკოთი. ეს რამდენად შესაძლებელია დღევანდელ სიტუაციაში, არ ვიცი", - განაცხადა კაკაჩიამ.
კითხვაზე, რეალურად კარგავს თუ არა აშშ თავისუფალი სამყაროს ლიდერობას და ვინ აქვს ამ მხრივ მისი ჩანაცვლების პოტენციალი, კაკაჩიამ გვითხრა:
„კი, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მიზეზი ამ თეორიის, რატომაც იქცევა ასე ტრამპის ადმინისტრაცია, ისაა, რომ (ტრამპი) ჩინეთს აღიქვამს მთავარ მოწინააღმდეგედ და არა რუსეთს. ევროკავშირსაც აღიქვამს, როგორც მეტოქეს ეკონომიკური კუთხით. მას ურჩევნია, რომ რუსეთი შეაკავოს და დააკავოს ევროპამ, ამაში დაიხარჯოს თანხა და შემდეგ აშშ გადაერთვება ჩინეთზე. ასევე აქვს ის ილუზია, რომ რუსეთი ჩინეთს ჩამოშორდება და შემდეგ მასთან ჩინეთის წინააღმდეგ საერთო ფონი შექმნას შეძლებს, რაც ცოტა არ იყოს საეჭვოა.
„აშშ ამ პოლიტიკით ლიდერის ფუნქციას კიდევ უფრო დაკარგავს. ის განცხადებები, რომ გრენლანდია და კანადა უნდა შევიერთოო და ა.შ., ბუნებრივია, გაუცხოებას იწვევს, მათ შორის მისი ევროპელი და სხვა მოკავშირეების მხრიდან. ეს თავდაყირა აყენებს საერთაშორისო წესრიგს, რომელიც თავად აშშ-მა შექმნა.
„ყველა ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა იტვირთოს ცოტა მეტი, განსაკუთრებით თავდაცვის თვალსაზრისით, რადგან მეორე მსოფლიო ომის მერე შეეჩვივნენ, რომ ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იყვნენ და ძალიან „გაზულუქდნენ". ახლა საჭიროა, რომ ევროპა გამოცოცხლდეს, თავისი სტრატეგიული როლი მოირგოს, გაზარდოს შეიარაღება, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი და სხვა სისტემური მოწინააღმდეგეები შეკავდნენ.
„თუკი ჩინეთი თავის ეკონომიკურ სვლებს გააგრძელებს, დიდი შანსია ჩინეთი იყოს აშშ-ის ნაცვლად ლიდერი. რაც შეეხება თავისუფალ სამყაროს ლიდერობას, გერმანიას შეუძლია ევროკავშირის ლიდერობით. იმედი არსებობს, რომ ახალი კანცლერი მერცი სწორედ ამ პოსტულატებით გამოდის და თუ ეს რეალურ პოლიტიკაშიც თარგმნა, შემდეგ შესაძლოა ევროპას თავის ავტონომიური საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ჩამოუყალიბდეს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".