
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალური საუბრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს. როგორ აისახება ეს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე და რა შანსები აქვს უკრაინას ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე?
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუკი აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას მართლაც შეუწყვეტს, ეს მყისიერად ვერ მოხდება. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაშიც კი, ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერის ხარჯზე, უკრაინას წარმატებით შეეძლება თავდაცვითი ბრძოლის გაგრძელება.
„რასაკვირველია, ამერიკის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის დახმარება და ის, თუ რა პოზიციას დაიჭერს დასავლეთი. უკრაინა ევროპის დახმარებით შეძლებს თავდაცვის გაგრძელებას“, - განაცხადა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან“ ამ თემაზე საუბრისას.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას აზრით კი, ამერიკული დახმარების შესაძლო შეწყვეტის შედეგები უშალოდ ფრონტზე რამდენიმე კვირის შემდეგ აისახება.
„შეიძლება ამერიკამ დახმარება შეუწყდეს მარტში და აპრილში. მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპელი მოკავშირეები მოახდენენ ამის კონპესაციას და საბრძოლო მოქმდებები არ შეჩერდება.“
„ვაშინგტონ პოსტი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ამჟამად მიმდინარე სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას 28 თებერვალს, თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო განიხილავს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებს, ავტომანქანებს, საბრძოლო მასალასა და რაკეტებს შეეხება, რომელიც უკრაინაში გასაგზავნად მზად არის.
ამასთან, ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირება წინასწარგანზრახული არ ყოფილა.
ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, აშშ-ის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევა კონკრეტული შეთანხმებითაა განსაზღვრული და 2026 წლამდეა გაწერილი.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკული დახმარება უკრაინას 2026 წლის ჩათვლით მიეწოდება. ეს არის ის ხელშეკრულება, რომელიც მანამდე არის დადებული და ასე ომის შეწყვეტას ამერიკა ვერ შეძლებს. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ის პერიოდია, რომელიც ერთმა და მეორემ მხარემაც დიპლომატიურად უნდა დაალაგოს ეს ვითარება. მე რასაც ვურებდი, დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, სკოლის დირექტორის კაბინეტში მოსწავლეს რომ მიიყვანენ და კლასის დამრიგებელი იქიდან დამატებით აბეზღებს მოსწავლეს დირექტორთან. ასეთი შეხედულება შემექნა ამ პოლიტიკური ბულინგის ყურებისას.
„მაგრამ ახლა ამაზე გაჩერება არ ღირს. ვითარება არის ძალიან მძიმე, თუმცა არა უიმედო. რასაკვირველია, ამერიკის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის დახმარება და ის, თუ რა პოზიციას დაიჭერს დასავლეთი.
„უკრაინა ევროპის დახმარებით შეძლებს თავდაცვის გაგრძელებას. აქ არაა ლაპარაკი ტერიტორიების გათავისულებაზე, აქ ლაპარაკია თავდაცვაზე, რომელიც ევროპის დახმარებით მოხდება, რასაც დასავლეთი ჰპირდება და ალბათ, გააკეთებს კიდეც“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან“.
ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, ტრამპი უკრაინას ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს, თუმცა ევროპის დახმარებით ომი გაგრძელდება. მისივე თქმით, რუსებს ფრონტზე ბევრი პრობლემები აქვთ.
„პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური მხადაჭერა უკრაინას მყარი აქვს და ამერიკელებიც კი ვერ იტყვიან პოლიტიკურზე უარს. რაც შეეხება სამხედრო-ტექნიკურს, უკრაინას უფრო მეტი დახმარება მისდის ევროკავშირისა და ბრიტანეთისგან, ვიდრე ამერიკისგან. ევროპელები აძლევდნენ უკრაინას შედარებით მოძველებულ ამერიკულ ტექნიკას და სანაცვლოდ ყიდულობდნენ ახალი ტიპის შეიარაღებას. მგონი ტრამპის ადმინისტრაცია ვერ შეძლებს, რომ ევროპელ მოკავშრეებს შეუწყვიტოს ეს დახმარება.
„შეიძლება ამერიკელების მხრიდან უკრაინის მიმართ გარკვეულწილად სამხედრო-ტექნიკური და ფინანსური დახმარება შეწყდეს, მაგრამ ლონდონის სამიტზე ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლები მოახდენენ საკმაოდ სერიოზულ მობილიზებას და უკრაინელებს გასაჭირის პირას არ დატოვებენ.
„პარასკევს რაც მოხდა, არცთუ ისე სასიამოვნო მოვლენა იყო. როგორც ჩანს, ტრამპს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის იყო მსოფლიო ჰეგემონი და სცადა ზელენსკის დაყოლიება სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რაშიც ზელენსკი არ აჰყვა.
„რუსებს საბრძოლო მოქმედებების მიმართულებით პრობლემები აქვთ, რადგან ჩრდილოეთ კორეულმა იარაღმა დაბალ ეფექტიანობა აჩვენა, როგორც მე ვიცი, ირანმაც შეუზღუდა შეიარაღების მიწოდება და თავად რუსეთის მიერ შეიარაღების წარმოების ტემპები, კორუფციისა და სხვა ფაქტორების გამო, არაა ბოლომდე მყარი.
„კი, საკმაოდ გაჭიანურდა ეს ომი და პოზიციური ხასიათი მიიღო, თუმცა რუსების შეიარაღებული ძალები ვერ ახორციელებენ წარმატებულ შეტევით ოპერაციებს და არ შეუძლიათ ამ ომში გარდატეხა შეიტანონ. უკრაინელები საკმაოდ კარგად ახორციელებენ თავდაცვით ბრძოლებს და პირიქით, რუსულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პლაცდარმს აფართოებენ. მე როდის ვთქვი, რომ ეს ომი ამ წელს არ დასრულდება-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი კიდევ ერთხელ გამართლდა“, - აღნიშნა მაიასაიამ.
მისივე პროგნოზით, მხარეები დროებით ზავს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დადებენ, როცა ორივე მხარის რესურსები გამოფიტული იქნება.
„ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ, როცა მხარეების რესურსები გამოფიტული იქნება, მაშინ შეიძლება დროებით დაზავდნენ. მაგრამ ეს ძირეულად არ შეცვლის საომარი მოქმედებების შენელებას. ახლა უკრაინას სამხედრო-ტექნიკური პრობლემები ისე ძალიან აღარ აქვს. შეიძლება ამერიკის მხრიდან შეწყდეს ფინანსური დახმარება, მაგრამ მგონი ამას ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი გაუკეთებს კონპესირებას.
„დარწმუნებული ვარ, ზელენსკისა და ტრამპის დაპირისპირება დროებითია, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ამერიკელებს კვლავ მოუწევთ უკრაინელებთან ურთიერთობების აღდგენა და მინერალებთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი მოეწერება უკვე უკრაინელებისთვის მომგებიანი და მისაღები ფორმით. ტრამპი, როგორც ნამდვილი ბიზნესმენი, გადაერთვება სხვა შეთანხმებაზე და შემდგომში ალბათ უკრაინას მიუბრუნდება.
„შეიძლება ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება ამერიკამ უკრაინას შეუწყვიტოს, მაგრამ შესაძლოა აქ უკვე ჩაერთოს აშშ-ის კონგრესი და შეიძლება ამაზე სასამართლომაც იმოქმედოს. მაგალითად, ამერიკის უზენაესმა სასამართლოს მოსამართლემ შეაჩერა ტრამპის განკარგულების აღსრულება, რომლითაც მან „იუესეიდს“ ფინანსური დახმარების გამოყოფა შეუჩერა.
„ცოტა დილემური საკითხია. ტრამპის სამშვიდობო გეგმამ ფიასკო განიცადა. ნებსით თუ უნიებლიედ აგრძელებს ბაიდენის პოლიტიკის კურსს, ნუ, იმის გამოკლებით, რომ შეიძლება ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს. თუმცა, როგორც ვთქვი, სამხედრო დამხარებას უკრაინა არ შეუჩერდება, რადგან ეს მოდიოდა ევროპიდან. კი, ამერიკული იარაღი იყო, მაგრამ ეს მოდიოდა ევროპული არსენალიდან.
„ასე რომ, შეიძლება ამერიკამ დახმარება შეუწყდეს მარტში და აპრილში, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპელი მოკავშირეები მოახდენენ ამის კონპესაციას და საბრძოლო მოქმდებები არ შეჩერდება. რუსებს სახარბიელო მდგომარეობა არ აქვთ, რესურსები ეფიტებათ და გამორიცხული არაა საყოველთაო მობილიზებაც კი გამოაცხადოს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“.