მარიამ ვეკუა
28.02.2025

„ზეწოლა დიდი იქნება" - გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარებული არჩევნების შემდეგ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) პოლიტიკურ არენაზე გაძლიერდა. მათ მოიპოვეს მეტი მანდატი, ფული, შესაძლებლობა და ძალაუფლება. ამას გარდა მოიპოვეს იდეოლოგიური მოკავშირე ტრამპისა და მისი ილონ მასკის სახით, რომელიც საკუთარი სოციალური პლატფორმის მეშვეობით მათ დაუფარავ მხარდაჭერას უცხადებს.

კოალიციები AfD-სგან დისტანცირების პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, „ალტერნატივაში"კი ფიქრობენ, რომ შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვებენ. როგორ აპირებს გერმანიის მემარჯვენე ფრთა ძალაუფლების გაზრდას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ისინი „დიდ სცენას" ოპოზიციაში უკვე ფლობენ.

„ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) არასდროს ჰქონია უფრო „დიდი სცენა", ფული და ძალაუფლება, როგორც დღეს. ფაქტობრივად, პარტია უნდა გახდეს გერმანიის ბუნდესტაგში ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა მას შემდეგ, რაც არჩევნებში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 23 თებერვლის კენჭისყრაში გამარჯვებული კონსერვატორების შემდეგ მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ, რამაც საპარლამენტო მანდატების რაოდენობა თითქმის გაუორმაგა.

ეს პოზიცია პარტიას აძლევს მატერიალურ სარგებელს და ასევე ყველაზე დიდ პლატფორმას, საიდანაც შეძლებს თავს დაესხას მომავალ კოალიციურ მთავრობას.

„დიახ, ჩვენი რაოდენობა გაორმაგდა, და ეს საკმაოდ დიდი გამარჯვებაა," - თქვა ბერნდ ბაუმანმა, AfD-ის წევრმა. „შედეგად, ჩვენ ახლა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური მანევრების გაკეთება შეგვიძლია, რადგან ბევრად დიდი შესაძლებლობები გვაქვს," - დასძინა მან.

გერმანიაში უდიდესი ოპოზიციური პარტიის როლი მრავალი თვალსაზრისით სიმბოლურია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ დიდი პრივილეგიები გააჩნია - მათ შორის შეუძლიათ პირველი კომენტარის გაკეთება კანცლერის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ.

პარლამენტში გამოსვლის გაორმაგებული დროის გამო, AfD სავარაუდოდ გააძლიერებს რიტორიკას ანტიიმიგრაციულ განწყობებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, გაორმაგებულად ისაუბრებს ეკონომიკურ პრობლემებზე და უკრაინაში ომის ესკალაციაზე.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რესურსები ულტრამემარჯვენე პარტიას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„საზოგადოებრივი ასპარეზი იქნება პლენარული დარბაზი. ვფიქრობ, ულტრამემარჯვენე პარტია უფრო გაძლიერდება - AfD ძალიან ძლიერი და თვალსაჩინო გახდება," - თქვა მაიკლ კოლკმანმა, ჰალეს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა, რომელიც გერმანიის საპარლამენტო სისტემას იკვლევს.

„თუ გადახედავთ გამოსვლებს, ამ განცხადებების უმეტესობა არა სხვა პოლიტიკური პარტიების კოლეგებისკენ არის მიმართული, არამედ ხალხისკენ. უმეტესობა კეთდება არა პოლიტიკური ღონისძიებებიდან, არამედ სოციალური პლატფორმებიდან - გამოსვლები იმართება ტიკტოკზე ან ინსტაგრამზე კონტენტის შესაქმნელად," - დასძინა კოლკმანმა.

AfD ადრე ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა იყო, როცა 2017 წელს პირველად შევიდა პარლამენტში. თუმცა, მაშინ დინამიკა მკვეთრად განსხვავებული იყო: პარტია ახლა გაცილებით ძლიერია, ხოლო სავარაუდო მმართველობითი კოალიცია კონსერვატორებსა და მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის გაცილებით სუსტი იქნება.

ბუნდესტაგის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი იქნება, თუ როგორ გაერთიანდებიან კოალიციები ულტრამემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ, რადგან მემარჯვენეები ოპოზიციურ სპექტრში გაორმაგებული რაოდენობით არიან წარმოდგენილნი.

ფაქტობრივად, გერმანიის ახალმა კანცლერმა, CDU-ს (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცმა, პირობა დადო, რომ არ შექმნის კოალიციას მემარჯვენეებთან.

მერცის სავარაუდო კოალიცია ერთ დროს მთავარ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ოპონენტთან, მემარცხენე სოციალ-დემოკრატებთან (SPD) შეიქმნება, ხოლო AfD-სთან დაპირისპირება მემარჯვენე პარტიებისგან დისტანცირების პოლიტიკას დააბრუნებს. ამის საპასუხოდ, AfD სავარაუდოდ წარმოაჩენს მერცს, როგორც „მემარცხენე იდეებით გატაცებულ პოლიტიკოსს", რომელიც პრობლემების მოგვარების ნაცვლად პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებას ცდილობს - ამის შესახებ ადგილობრივ გერმანულ წყაროებში ვკითხულობთ.

AfD-ის ლიდერები თვლიან, რომ ე.წ. დისტანცირების პოლიტიკა კონსერვატორებს დიდ პრობლემებს შეუქმნის. „ზეწოლა დიდი იქნება," - განაცხადა ბაუმანმა, მემარჯვენე პოლიტიკოსმა.

„მეტი ფული, მეტი ძალაუფლება, მეტი შესაძლებლობა"

AfD-ის ხმების უფრო მაღალი წილი ნიშნავს, რომ პარტია მიიღებს მეტ ფულს სახელმწიფოსგან, რაც საშუალებას აძლევს პარტიის ლიდერებს, წარადგინონ მეტი ინიციატივა თუ პროექტი. ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ მემარჯვენეები დიდ ზეგავლენას მოახდენენ საპარლამენტო კომიტეტებზე.

გერმანიაში სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა, რომელსაც პარტია იღებს, დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. ცნობისთვის, 2024 წელს AfD-მ მიიღო დაახლოებით 10 მილიონი ევრო სახელმწიფო დაფინანსება, მაგრამ ხმების წილის გაორმაგებისა და წევრთა რაოდენობის ზრდის შემდეგ, მათ შეუძლიათ კიდევ უფრო დიდი ფინანსური დახმარების მიღება.

გერმანიის ბუნდესტაგში კომიტეტის თავმჯდომარეები პარტიული სიძლიერის მიხედვით ნაწილდებიან. უმსხვილესი ოპოზიციური ძალა ტრადიციულად ხელმძღვანელობს ქვეყნის საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამტკიცებს მთავრობის ბიუჯეტს. თუმცა, AfD შესაძლოა ასევე დაინტერესებული იყოს საშინაო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელობითაც.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ კომიტეტს უხელმძღვანელებს AfD, თუმცა მისი პოლიტიკური ოპონენტები შიშობენ, რომ ულტრამემარჯვენე პარტია იმდენად გაძლიერდება, რომ საპარლამენტო კონტროლის კომიტეტშიც მოიპოვებს მანდატებს.

როდერიხ კიზევეტერმა, რომელიც მერცის გუნდის წევრია, ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ შიშობს - ჯგუფის მუშაობა „შეფერხდება", თუ AfD-ის დეპუტატები არჩევნების შემდეგ მის სიას შეუერთდებიან.

„მთავარი პრობლემა, როცა „ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტიაზე ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ მემარჯვენე ექსტრემიზმი. ამ პრობლემის გარდა, ყველაზე შემაშფოთებელია მისი კავშირები ჩინეთთან და რუსეთთან," - განაცხადა კიზევეტერმა.

AfD-ში დარწმუნებულები არიან, რომ მათი პარტია მომავალშიც გაძლიერდება და შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×