
ორშაბათს, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდა 3 წელი სრულდება და ამ თარიღისთვის ყველა თავისებურად ემზარება - ამერიკელები გაეროში „ისტორიული რეზოლუციის" შეიტანეს, ერვოკავშირი ორშაბათს უკრაინისათვის ახალი, მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას გეგმავს, რუსებმა კი, უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, 24 თებერვალს შეიძლება ომი მოგებულად გამოაცხადონ.
„რუსებმა შეიძლება ბევრი რამ თქვან პროპაგანდისტულად. მათ ისტორიულად მოჰყვებათ ასეთი რაღაცები, რომ ვითომ სისხლი ტყუილად არ დაღვარეს", - განაცახადა „რეზონანსთან" ამაზე საუბრისას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ორშაბათს მათ მიეტ წარდგენილ ისტორიულ რეზოლუციას დაუჭურონ მხარი.
„აშშ-მა გაერო-ში მარტივი, ისტორიული რეზოლუცია წარადგინა და ჩვენ წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზას მხარი დაუჭირონ. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა და გაერო-ს მის დასრულებაში წვლილის შეტანა შეუძლია", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ორშაბათს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი გააჟღერებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დიდი პაკეტის წინადადებას, რომელიც „მოიცავს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მათთვის საჭირო რაკეტებს".
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა" ბრიუსელის დიპლომატიური წრეებიდან ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კონკრეტული თანხები 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ დადგინდება, მაგრამ საუბარია მილიარდობით ევროზე.
„არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ უნგრეთმა უარი განაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების პროექტზე. ასევე შეიძლება სლოვაკეთიც მოიქცეს, თუმცა ბოლო დროს, ელჩების დონეზე შეხვედრებზე, სლოვაკები „სტრატეგიულ სიჩუმეს" ინარჩუნებენ. ასევე არის ნეიტრალური ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრია და ირლანდია, რომლებმაც შეიძლება თავი შეიკავონ მონაწილეობისგან", - განაცხადა წყარომ.
მან აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევაში უკრაინის დახმარების პაკეტი შეიქმნება არა „ევროკავშირის ქოლგის" ქვეშ, არამედ როგორც „მსურველთა კოალიციის" ერთიანი ფონდი, რომელშიც ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა შეძლებს სახსრებისა ან შეიარაღების ფორმით ნებაყოფლობითი წვლილის შეტანას.
გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ამ პაკეტის სავარაუდოდ ღირებულებაც დაასახელა - დაახლოებით 700 მილიარდი ევრო. დასავლური მედიის ცნობით, დახმარების რეალური მოცულობა მართლაც კოლოსალურია, თუმცა ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ზუსტი ციფრები არ დაესახელებინად გერმანიში დაგეგმილ ბუნდესტაგის არჩევნებამდე, რომელიც 23 თებერვალსაა დანიშნული.
ანალიტიკოსთან ნაწილი ამასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ასეთი თანხების მყისიერად გამოყოფა ევროკავშირის ფიზიკურად არ შეუძლია. მათი პროგნოზით, დახმარების გაცემა ეტაპობრივად მოხდება - პირველ ჯერზე შეგროვდება დაახლოებით 100 მილიარდი ევრო, შემდეგ 200 მილიარდი და რამდენიმე წელიწადში დახმარების თანხა 700 მილიარდს მიაღწევს.
ამასთან, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს დახმარებაც არაა საკმარისი და უკრაინის რეალური თავდაცვითუნარიანობის უზრუნველსაყოფად დაახლოებით ტრილიონი ევროა საჭირო.
ამის პარალელურად კი, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების გამოსაცხადებლად ემზადება. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ გეგმებში, შესაძლოა, რუსეთის ნატო-ზე გამარჯვებაზეც კი იყოს საუბარი.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა გასცა მითითება, გაზარდონ მცდელობები უკრაინელებში სასოწარკვეთილების დათესვის, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და უკრაინის დისკრედიტაციისათვის იმ პარტნიორების თვალში, რომლებიც ქვეყანას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ.
დაზვერვა ასევე იტყობინება, რომ რუსეთმა სპეცსამსახურებს უბრძანა, გამოიყენონ რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების 18 თებერვლის შეხვედრა საინფორმაციო შეტევისთვის. უფრო კონკრეტულად კი, უახლოეს მომავალში რუსი პროპაგანდისტები უფრო აქტიურად გაავრცელებენ ისეთ ნარატივებს, როგორებიცაა: დასავლეთმა უღალატა უკრაინას, ევროპელებისა და უკრაინელების აზრი არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს არ აინტერესებს, აშშ-მა და რუსეთმა ყველაფერზე მოილაპარაკეს უკრაინის ზურგს უკან, უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია, უკრაინის არმია ფრონტზე მარცხდება, კორუფციონერები უკრაინაში ამერიკული დახმარებიდან მილიარდობით დოლარს იპარავენ.
ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს ომი ვერ ჩაითვლება რუსეთის წარმატებად და ეს მათაც კარგად იციან.
„რუსებმა შეიძლება ბევრი რამე გამოაცხადონ პროპაგანდისტულად. მათ ისტორიულად მოჰყვებათ ასეთი რაღაცები, რომ ვითომ სისხლი ტყუილად არ დაღვარეს და საერთაშორისო ტრიბუნაზე თავი გამარჯვებულად გამოაცხადონ. მითუმეტეს, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის ბოლო დროს ურთიერთობები ძალიან გართულდა.
„რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მე ვნახე რუსულ წყაროებში თავად რუსების მიერ შედგენილი რუკები, თუ რა ტერიტორიები დაიკავეს ომის დაწყებიდან მოყოლებული. რომ ნახოთ, თავადვე მიხვდებით, რომ ამ მხრივ წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან დიდად წინ ვერ წავიდნენ. თუნდაც ის მომენტიც, რომ სამ დღეში ვერ შეძლეს კიევის და უკრაინის დიდი ქალაქების დაკავება და კონტრშეტევის შედეგად მოუწიათ სხვადასხვა ტერიტორიების დატოვება. დღეს მხოლოდ ტაქტიკურ დონეზე ინარჩუნებენ რაღაც ინიციატივას და ბოლოს და ბოლოს, თავად რუსეთის ტერიტორია - კურსკის ოლქი აღმოჩნდა ოკუპაციის ქვეშ. აქედან გამომდინარე, სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ რუსებმა ეს ომი წარმატებულად აწარმოეს და დაასრულეს. რაც არ უნდა თქვან, კურსკი ოკუპირებულია და თუ ეს წარმატებაა - კი, ბატონო", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
მისივე შეფასებით, უკრაინის დახმარების ტვირთი ახლო მომავალში, შესაძლოა, მთლიანად ევროკავშირსა და ბრიტანეთზე გადავიდეს.
„დახმარებას სამი მდგენელი ამტკიცებს - სამხედრო-ტექნიკური, ფინანსური და პოლიტიკური. აქედან გამომდინარე, სამხედრო-ტექნიკური არის ისეთი, რომელსაც ევროკავშირი უწევს საკმაოდ დიდი მასშტაბით. ამერიკული ტექნიკაც კი, რომელიც უკრაინელებს გადასცეს, გადაცემულია ევროპული სახელმწიფოების მხრიდან. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამერიკელებმა ამ კუთხით მიაწოდეს დახმარება, ძალიან პირობითია. კი, ამერიკელები ფინანსურად უკრაინას ეხმარებიან, მაგრამ სამხედრო-ტექნიკური თავალსაზრისით ევროკავშირი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ამერიკა.
„თუ მოეწერება ხელი ამერიკასა და უკრაინას შორის ფინანსური დახმარება მინერალების სანაცვლოდ, ალბათ გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან. აქედან ევროკავშირზე უფრო მეტი ტვირთი მოდის ფინანსური დახმარების გამოყოფის კუთხით და პოლიკურადაც. არ ვიცი ახლა რამდენად გააგრძელებენ ამერიკელები უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებზე გადავა უკრაინის სრული მხარდაჭერა. თუ აქამდე ამერიკა და ევროკავშირი თანაბრად ეხმარებოდნენ, ახლა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და სამივე დახმარებაზე პასუხიმგებლობა ევროკავშირის ქვეყნებმა და ბრიტანეთმა აიღონ. და ალბათ, ბრიტანეთი იქნება ლიდერი უკრაინის დახმარების კუთხით", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".