
მომავალ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ევროპელი პოლიტიკური ლიდერები ჩადიან. ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გეგმის დეტალები გახდა ცნობილი, რომელსაც დონელდ ტრამპს წარუდგენს. ეს გეგმა აღწერს თუ როგორ შეძლებენ ევროპული ძალები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმების დაცვას.
გეგმის თანახმად, უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები, დღევანდელი ფრონტის ხაზიდან მოშორებით განთავსდება 30 ათასამდე ევროპელი სამხედრო მოსამსახურე. მისია დაეყრდნობა „ტექნიკურ მონიტორინგს", მათ შორის სადაზვერვო თვითმფრინავებს, დაკვირვებას, უპილოტო საფრენ აპარატებსა და თანამგზავრებს, რათა „მოვლენების სრული სურათი" იყოს ცნობილი.
ოპერაცია განმტკიცებული იქნება საკმარისი საცეცხლე სიმძლავრით, რომ „მონიტორინგი გაუწიოს და მოიგერიოს თავდასხმები", რათა კვლავ გაიხსნას უკრაინის საჰაერო სივრცე და განახლდეს კომერციული ფრენები. სტარმერის გეგმის მიხედვით, სამხედრო-საზღვაო საპატრულო ხომალდები გაიგზავნება შავ ზღვაში, რათა კომერციული სანაოსნო გზების მიმართ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს გაუწიონ მონიტორინგი.
როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, სტარმერის გეგმა უფრო იძულებითი მშვიდობის ოპერაციას ჰგავს და დათანხმდებიან თუ არა მხარეები და მათ შორის ტრამპის ადმინისტრაცია ძნელი სათქმელია.
„მნიშვნელოვანია წიაღისეულზე ახალი შეთნხმება როგორი იქნება, ასევე ბრიტანეთის ეს გეგმა, რომლის მიხედვით სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება, თუმცა მე ეჭვი მაქვს, რომ ეს არა სამშვიდობო, არამედ უფრო იძულებითი მშვიდობის ოპერაცია იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრიტანეთი და ნატოს წევრი სახელმწიფოები განახორციელებენ სამხედრო კომტინგენტის გაძლიერებას, რომ აგრესორი სახელმწიფო აიძულონ, რომ თავისი ოპერაციები შეაჩეროს.
„თუმცაღა, აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები აცხადებენ, რომ მსოფლიო მასშტაბით მეორე სამხედრო ძალაა, მაგრამ 5%-ზე მეტი ვერ წაიწიეს წინ, სამი წელია ეომებიან უკრაინას. ის, რომ ბრიტანული გეგმის მიხედვით, კონტინგეტი ფრონტის პერიმეტრებს დაიცავს, ასევე შავი ზღვის აუზზე თავის კონტროლს გააძლიერებს, ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად იძულებითი ოპერაცია. მიჭირს ამაზე სუაბარი ამას ტრამპი რამდენად დათანხმდება, რადგან მის და ახალი ადმინისტრაციის განცხადებებში ჩანს, რომ უკრაინის მიმართ ანტაგონისტურად არიან განწყობილები, ეს კი სკეპტიკურ აზრს მიჩენს, მაგრამ მაინც ყველაფერი დამიკიდებულია იმაზე თუ მხარეები როგორ შეთანხმდებიან.
„მერე პუტინი ამაზე რა საპასუხო ნაბიჯებზე წავა, ესეც საინტერესოა, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ფრონტზე რუსეთს აქვს სტრატეგიული ინიციატივაო, ესეც არასწორი იქნებოდა, რადგან უკრაინელები პოზიციებს საკმაოდ კარგად ინარჩუნებენ და საკმაოდ კარგად ატარებენ თავდაცვის ოპერაციებს. მთავარი ამოსავალი წერტილი ისაა, რომ რუსებმა თავის სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს.
„ფრონტის ხაზი არის 1350კმ და 30 ათასიანი კონტინგენტი სავსებით საკმარისია, რომ სამშვიდობო ოპერაციის განხორცეილება დაიწყოს. ევროპის ძალების მიზანია, რომ ჩადგნენ და აიძულონ რუსებს შეწყვიტონ შეტევითი ოპერაციები უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში. ახლა სიტუაცია ჩიხშია შესული და მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, პროგნოზირება რთულია თუ რა მიმართულებით წავა პროცესები",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გეგმაზე ნფორმაციას ბრიტანული „ტელეგრაფი" ავცრელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია 30 000-ზე ნაკლებ ევროპელ ჯარისკაცზე და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, დეტალურად განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ ევროპულ ჯარებს აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.
ტელეგრაფი წერს, რომ დასავლელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, რომლებიც გეგმას იცნობენ, სტარმერი ასევე მოუწოდებს ტრამპს, შეინარჩუნოს აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები და რაკეტები აღმოსავლეთ ევროპაში იმისთვის, რომ „ლეტალური ძალით უპასუხონ, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დაარღვევს".
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის დროს კირ სტარმერი ხაზს გაუსვამს, რომ აშშ-ის ინტერესებშია, მონაწილეობა მიიღოს ომის დასრულების შემდეგ რუსეთის მესამედ შეჭრის თავიდან აცილებაში.
„ბრიტანულ-ფრანგული გეგმის მიხედვით, 30 000-ზე ნაკლები ევროპელი ჯარისკაცი განლაგდება უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები, ამჟამინდელი ფრონტის ხაზისგან შორს. ომით განადგურებულ ქვეყანაში გაცილებით დიდი ძალების განლაგების ნაცვლად, მისია დაეყრდნობა „ტექნიკურ მონიტორინგს", მათ შორის სადაზვერვო, სათვალთვალო და რეკოგნოსირების თვითმფრინავებს, დრონებსა და თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება", - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ოპერაციის მხარდაჭერა მოხდება საკმარისი საცეცხლე ძალით თავდასხმების გასაკონტროლებლად და გასანეიტრალებლად, რათა ხელახლა გაიხსნას უკრაინის საჰაერო სივრცე და კომერციული ფრენები შესრულდეს. ამასთან, შავ ზღვაში გაიგზავნება საზღვაო საპატრულო გემები, რათა კომერციული გემების მიმართ რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეებს დააკვირდნენ.
„დასავლელი ოფიციალური პირების მიერ აღწერილი გეგმა ბევრად ჩამოუვარდება 200 000-კაციან სამშვიდობო მისიას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის სანაცვლოდ მოითხოვა. მაგრამ იმის გამო, რომ გერმანია, ესპანეთი და იტალია ეწინააღმდეგებიან სამშვიდობო მისიის განლაგებას, ევროპის ვარიანტები უკრაინის მომავლის უზრუნველსაყოფად შეზღუდული ჩანს", - წერს „ტელეგრაფი".
ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ამავე წყაროს განუცხადა, რომ ნატო-ს ასევე მოუწევს დისკუსიის გახსნა მე-5 მუხლის შესახებ, რომლის თანახმადაც ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.
„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მოლოდინი, რომ პუნქტი გავრცელდება უკრაინაში დისლოცირებულ ევროპულ ჯარებზე, ზოგიერთი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს, რომ გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი გადაწყვეტს თავდასხმას მათ ტერიტორიებზე, ამ განლაგების გამო", - წერს "ტელეგრაფი".