მარიამ ვეკუა
21.02.2025

მწვავე დაპირისპირების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი მზადაა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებს მიაღწიოს ინვესტიციებსა და უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია კიევში ვიზიტით მყოფ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. უკრაინაში იმედოვნებენ, რომ კილოგი „პროუკრაინულ თამაშს" ითმაშებს.

ზელენსკი ხუთშაბათს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს კიევში შეხვდა. შეხვედრა ერთი დღის მერე, მას შემდეგ შედგა, რაც უკრაინელ და ამერიკელ ლიდერებს შორის საჯარო დაპირისპირებამ მსოფლიო ააფორიაქა.

ამ შეხვედრამ გააჩინა იმედი, რომ შესაძლოა ვაშინგტონსა და კიევს შორის დაძაბულობის განმუხტვაც მომხდარიყო მას შემდეგ, რაც ტრამპმა ზელენსკი „დიქტატორად" გამოაცხადა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპი რუსული პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა.

მიღწეულია თუ არა შეხვედრის შემდეგ რაიმე პროგრესი, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება: თუმცა, „საგანგაშო სიგნალია", რომ დაგეგმილი პრესკონფერენცია შეერთებული შტატების მოთხოვნით გაუქმდა.

„ამერიკული მხარის თხოვნით, შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს პროტოკოლურ გადაღებას და არ ითვალისწინებს განცხადებების გავრცელებას ან კითხვებს ჟურნალისტებისგან", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრეს, სახლში წასულიყვნენ. კიევში აშშ-ის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.

„ეს საგანგაშო სიგნალია", - განაცხადა გაუქმებულ პრესკონფერენციაზე საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა, სოლომია ბობროვსკამ.

მოგვიანებით, ზელენსკიმ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ჰქონდა „პროდუქტიული შეხვედრა" ბატონ კელოგთან, სადაც განიხილეს ფრონტის ხაზის, სამხედრო ტყვეების დაბრუნებისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხები, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი.

„უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტური ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან", - წერს ზელენსკი სოციალურ მედიაში. „ - უკრაინა-აშშ-ის კარგი პოლიტიკური ურთიერთობა მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს. ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ შეხვედრა და ჩვენი საერთო თანამშრომლობა ამერიკასთან იყოს კონსტრუქციული.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალა უკრაინამ იგრძნოს. უკრაინა მშვიდობისკენ სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღიდანვე ისწრაფვის. ჩვენი მიზანია დავამყაროთ „მტკიცე მშვიდობა", რომ რუსეთმა ომის განახლება ვერასდროს შეძლოს."

უკრაინაში არსებობდა ეჭვი, რომ კით კელოგი, გადამდგარი ამერიკელი გენერალი და ტრამპის დიდი ხნის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ადმინისტრაციის მოლაპარაკების ჯგუფიდან განცალკევებული იყო, რადგან არ წარმოადგენდა აშშ-ის დელეგაციის ნაწილს, რომელიც ამ კვირაში რუს ოფიციალურ პირებს შეხვდა.

კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს ცალკეულ დისკუსიებს რუსეთთან და უკრაინასთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესახებ, ხოლო სტივ ვიტკოფი, ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, პასუხისმგებელია აშშ-რუსეთის პოლიტიკურ კავშირებზე.

როგორც კელოგი ამბობს, ორი ელჩი დაბრუნდება ვაშინგტონში, რათა შეადარონ შენიშვნები და განსაზღვრონ შემდეგი ნაბიჯები.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელი კით კელოგი სამდღიანი ვიზიტით ოთხშაბათს დილით კიევში, უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა. ჩასვლისთანავე, ქალაქის რკინიგზის სადგურიდან, კელოგმა ხაზგასმით თქვა, რომ მისი მთავარი მისიაა „დაჯდეს და მოუსმინოს" უკრაინის შეშფოთებებს. ასევე დასძინა, რომ ესმის უკრაინის, რადგან ომში ჩართულ სახელმწიფოს „უსაფრთხოების გარანტიები" სჭირდება, რათა ომისშემდგომი ნებისმიერი ქაოსი დაარეგულიროს.

აღსანიშნავია, რომ კელოგი შეხვდა უკრაინის მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის უკრაინის არმიის მეთაურს, გენერალ სირსკის; კირილო ბუდანოვს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსს; და ანდრეი ერმაკს, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელს.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო გზების განხილვის მიღმა, კელოგს ელოდა პოტენციური შეთანხმების განხილვა, რომელიც მისცემს შეერთებულ შტატებს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომას, როგორც კომპენსაციას წარსული დახმარებისთვის და შესაძლო გარანტიას სამომავლო დახმარებებისთვის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×