
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა ოთხშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის კრიტიკისთვის მკაცრად დაარტყა, უკრაინის პრეზიდენტის მიდგომას „სამარცხვინო" უწოდა და „საჯარო პროტესტისგან" თავის შეკავება სთხოვა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ცუდად მოხსენიებით უკრაინა ახალ ადმინისტრაციასთან წარმატებას ვერ მიაღწევს, ასეთი შინაარსის სტატიას აქვეყნებს ამერიკული გამოცემა „ნიუ რეპუბლიკ" სათაურით „ჯეი-დი ვენსი აფრთხილებს ზელენსკის მოკეტოს და ტრამპს დაემორჩილოს".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრობს, რომ აშშ-მ „ზელენსკი გამოაფხიზლა" და შეახსენა, რომ ამერიკის გარეშე უკრაინაში ომი ვერ დასრულდება.
„იდეა, რომ ზელენსკი აპირებს პრეზიდენტის აზრის შეცვლას საჯარო მედიაში მისი ცუდი მოხსენიებით - ყველა, ვინც პრეზიდენტს იცნობს, გეტყვით, რომ ეს არის ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საშინელი გზა", - განაცხადა ვენსმა.
ამ შეხლა-შემოხლას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა სამშაბათს გახსნეს დისკუსია, რომელიც სამწლიანი ომის დასრულებას ისახავდა მიზნად. შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ კონფლიქტი სწორედაც რომ კიევმა დაიწყო, რამაც ზელენსკის აღშფოთება გამოიწვია.
„მსურს მეტი სიმართლე გავიგო ტრამპის გუნდისგან", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ოთხშაბათს და დასძინა, რომ აშშ-ის ლიდერი „დეზინფორმაციულ სივრცეში" ცხოვრობს.
საპასუხოდ, ტრამპმა უკრაინის ლიდერი „დიქტატორობაში" დაადანაშაულა.
„ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი თანხის ნახევარი დაკარგულია", - წერს ტრამპი და ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი გამოუყო. ამავე დრს, კილის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, რომელიც უკრაინის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას აკონტროლებს, რეალურად აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად 119 მილიარდი დოლარი გამოყო.
რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობის სხვა წევრებიც კი ვერ იცავდნენ ტრამპს, რომელიც ზელენსკის დიქტატორობას დასცინოდა.
„პრეზიდენტი საკუთარი სახელით საუბრობს", - თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თიუნმა ოთხშაბათს.
„რეზონანსთან" საუბრისას ანალიიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ამერიკიდან გაკეთებული განცხადებები „ზელენსკის გამოფხიზლებას" ისახავს მიზნად.
„ზელენსკის განცხადებები მოიაზრებს შემდეგს: „მე ასე მარტივად დასამარცხებელი ფიგურა არ ვარ". შესაბამისად, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაც ამაზე იყო პასუხი, რადგან აშშ-ს სურს, რომ ზელენსკი „რეალობაში დაბრუნდეს" და აგრძნობინოს, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის ომი ვერ დასრულდება.
„ვფიქრობ, ახლა ნერვების ომი მიდის ზელენსკის ხელისუფლებას, აშშ-ის ადმინისტრაციასა და ევროპელ მხარდამჭერებს შორის. ჩემი პროგნოზია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის კომპრომისული გადაწყვეტილება აუცილებლად მოინახება. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ იქნება, თუ უკრაინის ხელისუფლება ხელს მოაწერს უკრაინის სასარგებლოდ აშშ-ისთვის სასარგებლო წიაღისეულის გადაცემას", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი უკრაინაში ახალი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს:
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში არჩევნები ვერ ან არ ჩატარდება. პირველ რიგში, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის და ომის პირობებში. გარდა ამისა, ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ზელენსკის და თანხმდებიან, რომ არჩევნებისთვის ახლა შესაბამისი დრო არაა".
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ევროპის როლიც მიმდინარე პროცესებში. ჯერ ევროპა მხოლოდ საუბრობს ჯარის გაგზავნაზე უკრაინაში. მაკრონი ძალიან დამაჯერებლად საუბრობდა, რომ მზად იყო საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტი უკრაინაში გაეგზავნა, თუმცა დრო გავიდა, და ეს კონტინგენტი ჩვენ ვერ ვნახეთ.
„ბრიტანეთის პრემიერმაც განაცხადა, რომ ბრიტანეთიც მზადაა ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუმცა შემდეგ დაამატა, რომ თუ აშშ არ იქნება ჩართული პროცესებში, ამას ვერ გააკეთებენ.
„ამიტომ ევროპაში დიდი გაურკვევლობაა. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ საუბრებია, თუმცა თუ წარმოვიდგენთ სცენარს, რომ ევროპა ნამდვილად გაგზავნის ჯარებს უკრაინაში, წამოიჭრება კითხვა, რა სტატუსით განთავსდებიან ისინი? გაერო მისცემს მათ სამშვიდობო ჯარების სტატუსს? ერთ-ერთი ვარიანტია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მათ ოფიციალური მოწვევა გაუგზავნოს - მათ ამის უფლება აქვთ. თუმცა, თუ ევროპული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდებიან, ისინი შეიძლება გახდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე, როგორც რუსეთმა აღნიშნა".
ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტის განთავსება შესაძლოა არა მშვიდობის, არამედ ახალი ესკალაციის მიზეზი გახდეს.