მარიამ ვეკუა
20.02.2025

დონალდ ტრამპის პოსტმა სოციალურ მედიაში ბევრის თვალში წერტილი დაუსვა მოლოდინს, რომ ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას ისევე გააგრძელებდა, როგორც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას. ამერიკის ლიდერი უკვე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ურტყამს პრეზიდენტ ზელენსკის, მას „დიქტატორს" და „საშუალო დონის კომიკოსს" უწოდებს. რუსეთის ექს-პრეზიდენტი ტრამპის განცხადებებს პოზიტიურად ეხმიანება, ევროპელი ლიდერები კი ფიქრობენ, რომ „ტრამპის ამერიკა" პუტინის მოკავშირე ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური გამოცემები ავრცელებენ.

„დონალდ ტრამპი 200%-ით მართალია" - ასე ეხმიანება აშშ-ს პრეზიდენტის მწვავე განცხადებებს რუსეთის ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.

„ზელენსკი დიქტატორია, სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. სულ რაღაც სამი თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ეს აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვები იქნებოდა, ხმამაღლა გავიცინებდი. 200%-ით მართალია, გაკოტრებული კლოუნია..." - წერს სოციალურ ქსელში მედვედევი.

ტრამპმა გვიან საღამოს, თავის სოციალურ ქსელში კრიტიკული და მოულოდნელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის კომპეტენტურობას კითხვის ქვეშ აყენებს და „დიქტატორსა" და „კლოუნს" უწოდებს. განცხადებაში საუბარია ზელენსკის „ურეიტინგობაზეც".

„უბრალოდ დაფიქრდით: საშუალო დონის კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ დაარწმუნა, დაეხარჯა 350 მილიარდი [დოლარი] ომზე, რომლის მოგებაც შეუძლებელი იყო და რომელიც არც უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ამ ომის დარეგულირებას უკრაინა აშშ-სა და ტრამპის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებს", - დაწერა ტრამპმა.

უკრაინის სატელევიზიო ეთერში ზელენსკიმ ტრამპის კომენტარს უპასუხა.

„ჩემთან და ტრამპთან აშკარად სხვადასხვა ციფრებია. მათი დახმარება არც 350 და არც 500მლრდ არ ღირს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში ხაზგასმით ეწერა, რომ ზელენსკი ურეიტინგოა.

თუმცა მალევე, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა 4-9 თებერვალს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ უკრაინელების 57% ზელენსკის ენდობა, ხოლო 2024 წლის რეიტინგთან შედარებით მაჩვენებელი 5%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ბევრ მიმომხილველს უკრაინაში ამ გამოკითხვის სიმართლის არ სწამს.

ტრამპის გაცხადებულ კრიტიკას ევროპელი ლიდერების აღშფოთება მოჰყვა. გამოცემა „პოლიტიკო" წერს, რომ „ტრამპის ამერიკა ახლა პუტინის მოკავშირეა".

„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში პრეზიდენტის შვიდდღიანმა ინტერვენციებმა რეალური გახადა უკრაინელებისა და მათი მრავალი მოკავშირის კოშმარები, რითაც შეცვალა ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, რომელიც საფუძვლად უდევს ევროპის უსაფრთხოებას 1945 წლიდან. ევროპელი პოლიტიკოსები იწყებენ იმის გააზრებას, თუ რამდენად ღრმად შეიცვალა მათი სამყარო: ისინი ახლა უნდა გაუმკლავდნენ ამერიკას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სკეპტიკურად არის განწყობილი და უარეს შემთხვევაში მტრულად ძველი სამყაროს მიმართ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ", - წერს გამოცემა.

„მინერალებზე უარია"

უკრაინამ აშშ-ს მინერალების გადაცემაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმა გაავრცელა.

„რეალურად, [აშშ-ს ფინანსთა მინისტრი] ჩავიდა კიევში-მას საკმაოდ უხეშად მოექცნენ, რადგან ფაქტობრივად, უთხრეს „არა"-ზელენსკის ეძინა და ვერ შეხვდებოდაო. მან ბევრი საათი იმგზავრა მატარებლით, რაც სახიფათოცაა.უკრაინელები ხელს არ აწერენ დოკუმენტს", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია თუ სად გაქრა უკრაინაში გაგზავნილი თანხა.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ გავრცელდა. ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ს დახმარების საკითხში ჯერ ბევრი რამ არის გასარკვევი. ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს სურდა მეტალები, თუმცა დოკუმენტში სიტყვა „უსაფრთხოება" ნახსენები არ იყო.

„აშშ-ს სურდა იმ დოკუმენტში, რომელიც იშვიათი მეტალების საკითხს ეხება, 50%-იანი წილი მიეღო, მაგრამ იქ არ არის უსაფრთხოების გარანტიებზე არც ერთი სიტყვა ნახსენები.

მე ვერ გავყიდი სახელმწიფოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

„მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის"

ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპის გაკეთებულმა მწვავე განცხადებებმა ევროპელი ლიდერების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელ და კანადელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ვიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესია და მე ვარ მისი გარანტორი", - განაცხადა გუშინ მაკრონმა.

განცხადებას ავრცელებს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მაგიდაზე უნდა დარჩეს.

უკრაინას მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ სხვა ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაც.

თურქეთის პრეზიდენტმა პირადად გამოხატა მხარდაჭერა ნატოში უკრაინის გაწევრიანების მიმართ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს თურქულ მედიას განუცხადა.

ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ დასძინა, რომ ევროპული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ხოლო სლოვაკეთი, უნგრეთი, გერმანია და აშშ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან.

მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე, ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ „მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის", თუმცა დაამატა, რომ ეს მისი პრეზიდენტობის დროს არ მოხდება.

„შეხედეთ სიკვდილს ახლო აღმოსავლეთში და სიკვდილს, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს კონფლიქტი გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ.

მესამე მსოფლიო ომი არავის არ მოუტანს სარგებელს ამას , ახლავე გეტყვით - არც ისე შორს ხართ. ჩვენ რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი გვყოლოდა, თქვენ იქნებოდით მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ახლა ეს აღარ მოხდება", - აღნიშნა ტრამპმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×