
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის საერთო ინტერესებზე ალაპარაკდა. იგი გამორიცხავს, რომ აშშ-სა და რუსეთის ეროვნული ინტერესები ყოველთვის ერთმანეთს დაემთხვევა, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ ორივე მხარემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა ორმხრივი სარგებელი მიიღოს.ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ამერიკასა და რუსეთის ფედერაციას „მხოლოდ დროებითი სიტუაციური კავშირი" აქვთ და არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ომის დასრულების პროცესში მალე ევროპული სახელმწიფოებიც ჩაერთონ.
ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ მოლაპარაკებები შესაძლოა თებერვლის ბოლომდე შედგეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„[თებერვლის ბოლოს] შეიძლება იყოს [შეხვედრა] ან არ იყოს", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სამშაბათს ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტი რუსეთის ლიდერ პუტინთან „ალბათ" ამ თვეში გაიმართება.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული ინტერესებისა, ამერიკამ და რუსეთმა მაქსიმალური ორმხრივი სარგებლის მიღებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.
„ჩვენი ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასოდეს დაემთხვევა. უმეტესწილად, ინტერესები გარკვეულ სფეროებში განსხვავდება, რომლებიც თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა იქ, სადაც ისინი ემთხვევა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მაქსიმალური ორმხრივი სარგებელი მივიღოთ", - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც ახსენა:
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ იქ, სადაც ეროვნული ინტერესები განსხვავდება, პასუხისმგებელმა ქვეყნებმა, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთმა და აშშ-მ, არ უნდა დაუშვან, რომ არსებული განსხვავებები კონფრონტაციაში გადაიზარდოს, რაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის საზიანო იქნება", - აღნიშნა ლავროვმა.
„თამასა იწევს ზემოთ, ყველა მაქსიმუმს ითხოვს"
„რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე ლავროვის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მხოლოდ „დროებითი სიტუაციური კავშირი" არსებობს.
„ამ შემთხვევაში მოსკოვსა და ვაშინგტონს ერთი საერთო ინტერესი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან მეგობრები, მათ უწევთ თანაარსებობა. კონკრეტული საერთო ინტერესი კი ამ სისხლიანი ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაა.
„აქ ემთხვევა მათი ერთი ინტერესი. გარდა ამისა, მათ აქვთ მნიშვნელოვანი თანხვედრა ენერგოშემცვლების სფეროში, რაც ბაზარზე თანამშრომლობას გულისხმობს. რასაკვირველია, სიღრმისეულად რაზე შეთანხმდნენ, არ ვიცით, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებას ეხება. მესამე საერთო ინტერესად შეიძლება სრულფასოვანი დიპლომატიური თანამშრომლობის აღდგენა მივიჩნიოთ.
როგორც მომლაპარაკებელ მხარეებს შორის ხდება, თამასა იწევს ზემოთ - ყველა მაქსიმუმს ითხოვს, თუმცა დროის გასვლასთან ერთად გონივრულ მხარეებამდე ჩამოდიან", - აღნიშნა გია აბაშიძემ.
„რაც შეეხება ლავროვის სიტყვებს - სარგებლის პოლიტიკის მიღებაზე, ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვის მოთხოვნაა, უკრაინა ნატოში არასდროს შევიდეს, ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპანტმა რუსეთმა დაიკავა, რუსეთს დარჩეს და უკრაინაში არჩევნები გაიმართოს".
აბაშიძე აფასებს ტრამპის პოზიციასაც: „ამ მომენტში ტრამპი ნაწილობრივ თანხმდება უკრაინის არ შესვლას ნატოში, ოღონდ არა მუდმივად, არამედ რამდენიმე ათეული წლით, და თანხმდება უკრაინაში არჩევნების ჩატარებას. რაც შეეხება დეოკუპაციას, ეს საკმაოდ რთული საკითხია, რადგან რუსეთი, რასაც მიიტაცებს, უკან არ აბრუნებს. გავიხსენოთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, ყირიმი - უკან არ დაუბრუნებია, თუ მასზე ძალიან სერიოზული ზეწოლა არ განხორციელდა. ვხედავთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში შემუშავებულმა სანქციებმა არ იმუშავა.
ჩვენ რაც გავიგეთ, ის არის, რომ მუდმივმოქმედი მომლაპარაკებელი ჯგუფები შეიქმნება, თუმცა, ეს ომი მალე ვერ დასრულდება.
აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლოა იყოს დროებითი სიტუაციური კავშირი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობას და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში თანამშრომლობას შეეხება. თუმცა, მოსკოვისა და ვაშინგტონის დამეგობრება, როგორც ამას ამბობენ, ვერასდროს მოხდება, რადგან რუსეთს და აშშ-ს გლობალურად სხვადასხვა ინტერესები აქვთ, რომლებიც ერთმანეთს არასდროს დაემთხვევა.
მალე დაპირისპირება შერიგებად გარდაიქმნება
რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარებას უკრაინის გარეშე, აბაშიძე პასუხობს, რომ ამერიკასა და ევროპას შორის არსებითი დროებითი დაპირისპირება შერიგებად გარდაიქმნება და არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკების პროცესში თავად გერმანია ან დიდი ბრიტანეთიც ჩაერთოს.
„ასევე, არ გამოვრიცხოთ თურქეთი. ჩვენთვის ცნობილია ზელენსკის შეხვედრა ერდოღანთან. ჯერჯერობით ჩინეთის გამოკვეთილი როლი ამ პროცესში არ ჩანს.
ახლა დიდი დიპლომატიურ-პოლიტიკური ორომტრიალია უკრაინის გარშემო, რომელიც დროთა განმავლობაში დალაგდება, როცა მომლაპარაკებლები კონსტრუქციულ რეჟიმში, მაქსიმალური ეგოისტური სარგებლის მიღების დისკურსიდან გამოვლენ.
ვაშინგტონსა და მოსკოვს საერთო ინტერესები ვერ ექნებათ. როგორც აღვნიშნე, ეს უბრალოდ სიტუაციური თანამშრომლობაა".