
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსნების შეხვედრა შედგა. მოლაპარაკება ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ორივე მხარე აცხადებს, რომ შეხვედრა წარმატებული იყო. ამასთან, ამბობენ, რომ ეს იყო არა უშუალოდ მოლაპარაკების, არამედ სერიოზული და ხანგრძლივი მოლაპარაკების მოსამზადებელი სამუშაოს დასაწყისი. კიევში კი 18 თებერვლის შეხვედრას საკმაოდ ნეგატიურად აფასებენ.
ელ-რიადში დახურულ კარს მიღმა საუბარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრ სერგეი ლავროვის გარდა, ესწრებოდნენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ ვალცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, ასევე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
შეხვედრის შემდეგ რუსული მხარის განცხადებებში აქცენტი იმაზეა გაკეთებული, რომ საუბარი ძირითადად შეეხებოდა აშშ-რუსეთის ურთიერთობებს და უკრაინის ომის თემაც ამ ურთიერთობების კონტექსტში იყო განხილული. მარკო რუბიომ კი უკრაინა-რუსეთის ომი უბრალოდ „კონფლიქტად" მოიხსენია.
ელ-რიადში რუბიო-ლავროვის შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინს შორის გასულ კვირას გამართულ სატელეფონო საუბარს მოჰყვა.
„პრეზიდენტები პუტინი და ტრამპი, როცა მათ ტელეფონით ისაუბრეს, შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ორი დიდი სახელმწიფოს ურთიერთობაში ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება", - თქვა ლავროვმა ორშაბათს მოსკოვში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარკო ჯურიჩთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუბიომ კი კვირას განაცხადა, რომ ტრამპი არის „ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში", რომელსაც შეუძლია უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლა:
„ერთი სატელეფონო ზარი არ წყვეტს ისეთ რთულ ომს, როგორიც ესაა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ამ პროცესის პოტენციურად დაწყება. „მშვიდობა" არ არის არსებითი სახელი, ეს არის ზმნა, ეს არის მოქმედება. თქვენ უნდა გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები მისკენ."
შეხვედრით აშკარად უკმაყოფილო დარჩა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შაბათს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრის გამო „გაოცებას ვერ მალავდა".
„ვნახე, რომ ვიღაცამ თქვა, რომ საუდის არაბეთში შეხვედრა იქნებოდა. მე არ ვიცი რა არის ეს", - თქვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციზე მყოფმა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ სურს საუდის არაბეთსა და თურქეთში ვიზიტი, მაგრამ არ აპირებს შეხვედრებს აშშ-ის ან რუს ოფიციალურ პირებთან. ცნობილი იყო რომ, ის საუდის არაბეთში ჩასვლას 19 თებერვალს აპირებდა, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, იგი ელ რიადში აღარ ჩავა და ამის ნაცვლად კიევში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელ კით კელოგს უმასპინძლებს.
შეხვედრის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ევროპელი ლიდერებიც. მათი განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებამ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელები არ იქნებიან.
17 თებერვალს პარილზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრაც შედგა. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, დანიისა და ნიდერლანდის ლიდერებმა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე იმსჯელეს. თუმცა, ერთიანი ევროპული ფრონტის იდეა უკრაინაში ჩავარდა.
ელ-რიადის შეხვედრის შემდეგ კი მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „რაღაც ეტაპზე" ევროკავშირის წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებაში.
ორი დელეგაციის ორმხრივი მოლაპარაკება დაახლოებით 4,5 საათს გაგრძელდა და ოთხ მთავარ პრინციპზე შეთნხმდენენ.
რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებებმა „კარგად ჩაიარა". მისი თქმით, ორი ქვეყანა ერთმანეთის ინტერესების გათვალსწინებაზე შეთანხმდა, თუმცა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინისა და ტრამპის შეხვედრის კონკრეტული თარიღის დასახელება რთულია და საეჭვოა, რომ ეს შეხვედრა შემდეგ კვირაში გაიმართოს.
უპირველეს ყოვლისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდა მომლაპარაკებელთა ჯგუფები, რომლებიც უკრაინის საკითხის განხილვას დაიწყებენ.
„დიახ, ჩვენ განვიხილეთ და გამოვკვეთეთ ჩვენი ფუნდამენტური მიდგომები და შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების ცალკეული ჯგუფები ამ თემაზე დროულად დაიწყებენ კომუნიკაციას.
„ჩვენ გვჭირდება მჭიდრო მუშაობა ორი ქვეყნის დელეგაციების მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ რთულია ორი ლიდერის შეხვედრის კონკრეტულ თარიღზე საუბარი", - განაცხადა მან.
შეთანხმების მთავარი პუნქტები
მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაკონკრეტა ოთხი პრინციპი, რომლებზეც რუსულ მხარესთან შეთანხმდენენ.
„ვაშინგტონსა და მოსკოვში ჩვენი შესაბამისი მისიების ფუნქციონირების აღდგენა. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ გავაგრძელოთ მოძრაობა ამ გზით, უნდა გვქონდეს დიპლომატიური ობიექტები, რომლებიც ნორმალურად მუშაობენ და ფუნქციონირებენ.
„ჩვენ ვაპირებთ დავნიშნოთ მაღალი დონის ჯგუფი ჩვენი გუნდიდან, რათა დავეხმაროთ მოლაპარაკებებს და ვიმუშაოთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე ისე, რომ ყველა მხარისთვის მისაღები იყოს.
„დავიწყოთ მსჯელობა, ფიქრი და შესწავლა როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას.
„ჩვენ ხუთნი, რომლებიც დღეს აქ ვიყავით... ვაპირებთ დავრჩეთ ჩართული ამ პროცესში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ნაყოფიერად წარიმართება."
სერგეი ლავროვმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას სამი მთავარი საკითხი ჩამოაყალიბა, რომელზეც, მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ.
მისი თქმით, პირველ რიგში აშშ და რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად დანიშნავენ თავის ელჩებს. გარდა ამისა, ლავროვი იმედოვნებს, რომ ასევე სწრაფად მოიხსნება აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ დიპლომატიური უერთიერთობებისათვის ხელოვნურად დაწესებული ბარიერები, რომელიც „მნიშნელოვნად აბრკოლებდა" საელჩოების მუშაობას აშშ-სა და რუსეთში.
მეორე საკითხად ლავროვმა „უკრაინის მიმართულება" დაასახელა. მისი თქმით, მოსკოვი ელოდება როდის დანიშნავს აშშ თავის მთავარ წარმომადგენელს „მოლაპარაკების ამ მიმართულებაზე", რის შემდეგაც მოსკოვიც დაასახელებს ამ პროცესში თავის მთავარ წარმომადგენელს.
მესამე შეთანხმება კი გახლავთ „უკრაინის კრიზისის დარეგულირების კვალდაკვალ", აშშ-რუსეთის თანამშრომლობის განახლებისთვის პირობების შექმნა, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ „გეოპოლიტიკურ პრობლემებთან" დაკავშირებით.
მარკო რუბიომ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე - რუსეთიც, უკრაინაცა და ევროპაც - უნდა დაეთანხმონ უკრაინასთან დაკავშირებითსამშვიდობო შეთანხმებას. ევროკავშირი კი „გარკვეულ მომენტში" თავადაც უნდა ჩაერთოს პროცესში.
ზელენსკი შესაძლო ულტიმატუმზე ალაპარაკდა
ელ-რიადის შეხვედრით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
„შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ... მაქვს შთაბეჭდილება, რომ ახლა მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკებები და იმავე განწყობით მიმდინარეობს, მაგრამ ისინი მიმდინარეობს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, კვლავ უკრაინის შესახებ და უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ჩვენ ყველაზე რთულ მომენტში არ დავთანხმდით ამ ულტიმატუმებს, საიდან არის ასეთი შეგრძნება, რომ ახლა უკრაინა ამას დათანხმდება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქით, „არანაირი შეთანხმებები არ ყოფილა რუსებთან არც კიევის ოლქის ოკუპაციის დროს, არც ბელარუსში შეხვედრისა და არც თურქეთში შეხვედრის დროს".
„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, არავისთვის არაფრის გარანტია არ მიმიცია, არავისთვის არაფერი არ დამიდასტურებია. მით უმეტეს, რუსეთის ულტიმატუმებზე დათანხმებას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ", - აღნიშნა ზელენსკიმ.