
ლიეტუვის თავდაცვის მინსტრის, დოვილე შაკალიენეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს პოტენციური ომისთვის იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ შეიცვლება. უკრაინული მედიის ცნობით, შაკალიენის ამ განცხადებას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა სრულად მოვემზადოთ ევროპაში ომისთვის. ნატო 100%-ით მზად უნდა იყოს ნებისმიერ მომენტში ომისთვის იმიტომ, რომ ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის სრული მზადყოფნა. აღარ შეიძლება უსაფრთხოების ილუზიები გვქონდეს", - აღნიშნა დოვილე შაკალიენემ.
რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპას კარგად ესმის რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეები და სწორედ, ამიტომ მისივე ვარაუდით, ევროპას სურს ევროკავშირის გაერთიანება, რათა თავიდან აირიდოს პუტინის აგრესია.
„ის უფრო სწორი იქნებოდა, რომ ეთქვა, თუ გვინდა დიდი ომი თავიდან ავიცილოთ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთო, რადგან პუტინი 3-4 წელში დააგროვებს იმდენ იარაღს და თან იმხელა თავხედობაც ჰყოფნის, რომ ევროპას თავს დაესხას. აქ საუბარია იმაზე, რომ ევროპას სჭირდება ერთიანი არმია.
„რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის კარგი პარტნიორი იყო, თუმცა ჩვენ არ ვიცით ახლა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში რამდენად შეიძლება ევროპა შეერთებული შტატების მსგავს დახმარებას ენდოს აგრესიის შემთხვევაში. ამიტომ ამ საფრთხის გამო ის თვლის, რომ ევროკავშირის გაერთიანება აუცილებელია, რათა აქტიურად დაიწყოს თავისი სამხედრო ინდუსტრიისა და სამხედრო ძალების მშენებლობა", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".
საგარეო ექსპერტის ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ შეზღუდვები აღარ არსებობს და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც რეალობასთან კავშირშია:
„ცოტა უცნაური განცხადებაა, მაგრამ რეალობას მოკლებული ნამდვილად არ არის. ის, რაც რუსეთმა 2022 წელს დაიწყო, უკრაინის ომს ვგულისხმობ, ეს აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ყოველგვარ შეზღუდვებს ხსნის", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".