
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხდებით, მზადაა უკრაინაში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად, ბრიტანული ჯარები განათავსოს. ამის შესახებ სტარმერი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში ნებისმიერი როლი ხელს უწყობს მთელი კონტიტენტის უსაფრთხოების გარანტიას.
„გაერთიანებულო სამეფო მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოებოს გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის არმიის შემდგომ მხარდაჭერას - სადაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო ვალდებულება წელიწადში 3 მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე მინიმუმ 2030 წლამდე.
მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას, შევიტანოთ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი ჯარების განთავსებით. ამას მსუბუქად არ ვამბობ. ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურად აფრთხის წინაშე დაყენებას", - წერს სტარმერი.
სტარმერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება „არ შეიძლება გახდეს მხოლოდ დროებითი პაუზა პუტინის ხელახლა თავდასხმამდე".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისიას განცხადებით, ბრიტანეთი ამერიკის ჩანაცვლებას ცდილობს. მისივე თქმით, შესაძლოა ევროპამ და ბრიტანეთმა ერთობლივი გეოპოლიტიკური ალიანსი შექმნან.
„ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, თუ რა შედეგებს მიაღწევენ მხარეები. ტრამპმა და პუტინმა შექმნეს მომლაპარაკებელთა გუნდები, თითოეულში შეყვანილია საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ძალები.
„მაგალითად, რუსულ მხარეში ერთ-ერთი ლიდერი არის პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი - დიმიტრიევი, რომელიც პუტინის ოჯახის პირდაპირი ახლობელია. ასევე, მონაწილეობს უშაკოვი, რომელიც პუტინის მრჩეველია საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, სერგეი ლავროვი და რუსეთის დაზვრევის შეფი ნარიშკინი. ეს არის რუსული მომლაპარაკებელთა გუნდის შემადგენლობა.
„რაც შეეხება ამერიკას, იქ შედის მარკო რუბიო, ვოლცი, კელოგი და ა.შ. თავისთავად ცხადია, რომ პუტინსა და ტრამპს შორის პირდაპირი საუბარი შედგება. სავარაუდოდ, ეს მოლაპარაკებები სულ მცირე სამჯერ გაიმართება და გამოჩნდება, როგორი მიდგომები გააჩნია მხარეებს უკრაინის ომის დასრულებაზე.
„ის მომენტი, რომ ევროპამ გამოთქვა შეშფოთება, რადგან ევროკავშირი არ მონაწილეობს მოლაპარაკებაში, როგორც მხარე და გარკვეულწილად უკრაინის იგნორირებაც ხდება, ეს შეშფოთებას იწვევს. როგორც ჩანს, ბრიტანეთი ცდილობს ამერიკის ჩანაცვლებას და უკრაინის მიმართ საერთო ევროპული გარანტიების წარმოჩინებას.
„სავარაუდოდ, ევროპა და ბრიტანეთი შექმნიან ერთობლივ გეოპოლიტიკურ ალიანსს, რადგან უკრაინის ინტერესები უფრო მეტად დაცული იყოს, ვინაიდან როგორც ჩანს, ამერიკელებს ამ მხრივ თავიანთი „განსკუთრებული" მოსაზრება აქვთ.
„თუნდაც ტრამპისა და დი ვენსის პოზიციები ბევრ კითხვას ტოვებს, მაგალითად, რას ნიშნავს რუსეთის დაბრუნება „დიდ შვიდეულში"? და მეორეც, რუსეთმა დიდი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დასრულებაშიო და ტრამპი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მოსკოვში 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ამასთან, მათი პოზიციები ნატოსთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არ უნდა იყოს ნატოს წევრი, ცოტა უცნაურია.
„აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ბრიტანეთი ცდილობს ამერიკის ჩანაცვლებას და უკრაინის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის გარანტორად და მთავარი აქტორად გახდომას.
„არ ვიცი ამერიკა და რუსეთი უკრაინის და ევროპის ჩართულობის გარეშე თუ მიაღწევენ რაღაც შეთანხმებას და როგორ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ბრიტანეთი და ევროკავშირი არ აპირებენ უკრაინის მიტოვებას და სურთ უკვე რეალური დახმარების აღმოჩენა.
„ასევე, თუ სამშვიდობო ფორმატს ექნება ადგილი, შესაძლოა ევროკავშირის და ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებაში. რასაკვირველია, უკრაინის მიტოვებას არც ტრამპი აპირებს, ასე იძახის თვითონ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".