
14-16 თებერვლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დაპირების მიუხედავად, უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა, სპეცწარმომადგენელმა კით კელოგმა რამდენიმე საკითხი გახადა საჯარო. პირველ რიგში ცნობილი გახდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება ჭიანურდება და ადრე დაგეგმილი 100 დღის ნაცვლად მის მომზედაბეს 6 თვე დასჭირდება, ომი კი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კით კელოგმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა იყო ის, რომ ევროპა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი აღარ იქნება. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მათი მხრიდან ამერიკულ გეგმას საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ამ შეშფოთების ფონზე ევროპელმა ლიდერებმა პარიზში საგანგებო სამიტიც დააანონსეს.
კელოგმა ისაუბრა ომის დასასრულებლად კონფლიქტის ორივე მხარის მიერ დათმობებზე წასვლის აუცილებლობაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ კერძოდ რა სახის დათმობებს გულისხმობდა. მისივე შეფასებით, რუსეთი ძალაზე დაყრდნობით და დანაკარგებზე თვალის დახუჭვით ომში წარმატებას ვერ მიაღწევს, უკრაინასთან ომის დასასრულებლად კი მოსკოვს დათმობაზე წასვლა დასჭირდება. ამ კონტექსტში კელოგმა შესაძლო ტერიტორიული დათმობებიც ახსენა.
„ჩემი აზრით, ტერიტორიული დათმობები უნდა იყოს... ეს შეიძლება იყოს ძალის გამოყენებაზე უარის თქმა, მომავალში ძალის გამოყენებაზე უარის თქმის დეკლარაცია", - თქვა კელოგმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონს სურს, რომ მოსკოვმა უარი თქვას ალიანსზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი. კელოგმა აღნიშნა, რომ თუ მოსკოვს არ სურს დათმობაზე წასვლა, აშშ-ს შეუძლია დაუწესდეს დამატებითი სანქციები, მათ შორის ნავთობის მრეწველობაზე.
კელოგის მთავარი გზავნილები
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინა რუსეთის საკითხებში შემდეგი მთავარი საკითხები გახადა ნათელი:
„უკრაინაში ომი ერთ წელზე ნაკლებ დროში უნდა დასრულდეს. მე საჯაროდ 180 დღეს ვითხოვ ყველა მხარის ჩასართავად.
„აშშ იმოქმედებს როგორც შუამავალი უკრაინელებსა და რუსებს შორის. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როგორი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები.
„უკრაინა იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ევროპა იქ არ იქნება.
„განიხილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზე იქნება.
„ჩვენ (ტრამპის ადმინისტრაციამ) 30 დღეში უფრო მეტი პროგრესს მივაღწიეთ კონფლიქტის გადაწყვეტაში, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციამ სამ წელიწადში.
„მოლაპარაკებებში მე ვარ პასუხისმგებელი უკრაინის მიმართულებაზე, ხოლო სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი პასუხისმგებელია რუსეთის მიმართულებაზე".
კელოგმა ასევე განაცხადა, რომ მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი და ასევე უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი.
კითხვაზე, არის თუ არა „სუსტი შეთანხმების" რისკი, სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არ დათმობს მნიშვნელოვან ინტერესებს".
„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ შეთანხმების ეტაპებს. პირველი არის ცეცხლის შეწყვეტა, რასაც მეორე, მესამე და ა.შ. ეტაპები მოჰყვება, ჩვენ კი ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა კელოგმა და დაადასტურა, რომ მომავალ კვირას ეწვევა უკრაინას.
მისი ვიზიტი მოსკოვში არ იგეგმება - კელოგის თქმით, რუსეთთან კონტაქტებს, დონალდ ტრამპის სახელით, კიდევ ერთი სპეციალური წარმომადგენელი, სტივენ უიტკოფი გააგრძელებს.
ამასთან, კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამორიცხვა მოლაპარაკებებიდან არასდროს ყოფილა განხილვის საგანი.
„როდის გვითქვამს, რომ უკრაინელები გამოირიცხებიან დისკუსიიდან? ეს არასდროს თქმულა. პრეზიდენტი ტრამპი ამის შესახებ ძალიან ღიად საუბრობს", - განაცხცადა კელოგმა.
„როიტერსი" წერს, რომ კითხვაზე, რატომ არ უნდა იყვნენ ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან მაშინ, როცა მათ ამერიკელებზე მეტი დახმარებაც კი გაუწიეს უკრაინას, კელოგმა მინსკის შეთანხმების მაგალითი მოიყვანა.
„მინსკი 2-ის პრობლემა იყო ის, რომ მაგიდასთან ბევრი ისეთი ადამიანი იჯდა, ვისაც რეალურად არ ჰქონდა სამშვიდობო პროცესის განხორციელების უნარი და ის ჩაიშალა. ჩვენ აღარ წავალთ ამ გზით. ჩვენი ფილოსოფია არ არის ამ ომის გაგრძელება ბოლო უკრაინელის სიკვდილამდე. მიზანია შევაჩეროთ ხოცვა-ჟლეტა, შევაჩეროთ ომი და დავრწმუნდეთ, რომ სუვერენიტეტი ხელშეუხებელი რჩება", - განაცხადა კელოგმა.
რას აცხადებს ევროპა
„ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, იმ შეშფოთების ფონზე, რომ აშშ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ევროპის მონაწილეობის გარეშე აგრძელებს, ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის ომითან დაკავშრებით საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. შეხვედრას პარიზში, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც დაესწრება.
გამოცემა წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა სწორედ კით კელოგის განცხადება, რომ ევროპელი ლიდერები ჩართული იქნებიან კონსულტაციებში, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლები და მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინაც არის მიწვეული, თუმცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ასეთი მიწვევა არ მიუღია.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ შაბათს განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში სამიტზე მიიწვია.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გარკვევით განუცხადოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ ევროპა და აშშ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ამ ინფორმაციას „ბლუმბერგი" ავრცელებს.
შოლცმა გამოცემასთან ინტერვიუში შილც ფაქტიურად არც დაუმალავს უკმაყოფილება მოლაპარაკებიდან ევროპის გამოთიშვასთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება. ცხადია, თუ ვინმეს სურს, რომ ევროპა სამომავლოდ იყოს ჩართული სამშვიდობო სტრუქტურებში, აუცილებელია ამის განხილვა ევროპასთან და ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - აღნიშნა შოლცმა.
მისი მტკიცებით, ევროპის ქვეყნები ერთად უფრო მეტს ხარჯავენ უკრაინისთვის, ვიდრე აშშ.
„ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ყველამ ანგარიში გაგვიწიოს", - აღნიშნა შოლცმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ „ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს".
„ჩვენს ზურგს უკან და ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით. არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, არავითარი გადაწყვეტილება ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს. თუ ჩვენ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაშინ დავმარცხდებით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე ვერ დათანხმდება.
„გვჯერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის საფუძველი ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს. ან, თუ ეს არა, მაშინ ისეთი პირობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სხვა ნატო შევქმნათ აქ, უკრაინაში", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.