
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე ევროპულ დემოკრატიებზე ღია და მწვავე შეტევა დაიწყო. განაცხადა, რომ კონტინენტს ყველაზე დიდი საფრთხე არა რუსეთიდან და ჩინეთიდან, არამედ „შიდა სტრუქტურებიდან" ემუქრება. ვენსის ოცწუთიანმა მონოლოგმა ევროპელი ლიდერების მწვავე კრიტიკა, „ქართული ოცნების" აღფრთოვანება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შექებაც დაიმსახურა.
ვენსმა ისტებლიშმენტის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა, მოუწოდა ევროპას შეეზღუდა მიგრაცია და ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ, საბჭოთა კომისრებს შეადარა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ენების ლაყბობამ ევროპის უსაფრთხოების ელიტაში შიში დანერგა".
როდესაც ჟურნალისტებმა ვენსის გამოსვლასთან დაკავშირებით ტრამპს ჰკითხეს, მან თქვა, რომ ეს იყო „ძალიან კარგი გამოსვლა" და ევროპას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„მე მოვისმინე მისი გამოსვლა, მან ისაუბრა სიტყვის თავისუფლებაზე და ვფიქრობ, ეს სიმართლეა - ისინი კარგავენ სიტყვის თავისუფლების შესანიშნავ უფლებას ევროპაში. მან ძალიან კარგი სიტყვა წარმოთქვა, რეალურად ძალიან ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. ევროპა ფრთხილად უნდა იყოს. მან ისაუბრა მიგრაციაზე და ევროპას მიგრაციის დიდი პრობლემა აქვს. უბრალოდ შეხედეთ რა ხდება დანაშაულთან დაკავშირებით, შეხედეთ რა ვითარებაა ევროპის სხვადასხვა ნაწილში", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ვენსმა გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა, რომ ევროპამ „დიდი ნაბიჯი უნდა გადადგას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით".
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლაში ნახსენები იყო უკრაინის ომი, თუმცა მან ამ საკითხს მოსალოდნელზე ნაკლები დრო დაუთმო. ვენსმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს „გონივრული გადაწყვეტილება" უახლოეს მომავალში მიიღება.
განსაკუთრებით მწვავე იყო გერმანელი ლიდერების მიმართ გაკეთებული განცხადებები. გერმანიაში დაძაბულ ეროვნულ არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე, ვენსი შეეხო ქვეყანაში გამართულ ცხარე დებატებს იმ პოლიტიკური პარტიების გარშემო, რომლებიც ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის" არ თანამშრომლობდნენ.
ნაცისტების დამარცხების შემდეგ, გერმანიაში დემოკრატიის აღდგენიდან გასული ათწლეულების განმავლობაში, მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის იყო კონსენსუსი, რომ არ ემუშავათ ულტრამემარჯვენე პარტიებთან.
„დემოკრატია ეყრდნობა წმინდა პრინციპს, რომ ხალხის ხმას აქვს მნიშვნელობა. თქვენ ან იცავთ ამ პრინციპს, ან არა", - თქვა ვენსმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჯეი დი ვენსმა სხვა პარტიებსა და „ალტერნატივა გერმანიისთვის" შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა პოპულისტური პარტიების დეპუტატები დაბლოკეს.
„ალტერნატივა გერმანიისთვის" კანცლერობის კანდიდატმა ალისა ვეიდელმა მოგვიანებით გააზიარა თავისი გამოსვლის ნაწილი სოციალურ ქსელში და ვენსის გამოსვლას „შესანიშნავი" უწოდა.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვენსი და ვეიდელი ერთმანეთს შეხვდნენ. მათი შეხვედრა 30 წუთს გაგრძელდა და მიუნხენის კონფერენციის მიღმა შედგა, რადგან აღნიშნული პარტია კონფერენციაზე მიწვეული არ იყო.
ვენსის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ კატეგორიულად უარყოფს ვენსის ბრალდებებს:
„ნაციონალ-სოციალიზმის გამოცდილებიდან გამომდინარე, გერმანიაში დემოკრატიულ პარტიებს აქვთ საერთო კონსენსუსი - ეს არის დამცავი ბარიერი ულტრამემარჯვენე პარტიების წინააღმდეგ", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
„ეს რა იყო..."
მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, ვენსის განცხადებებს „შეურაცხმყოფელი" უწოდა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები „უბრალოდ ემპირიულად არ შეესაბამება სინამდვილეს".
„პოლიტიკო" ფორუმზე კონფერენციის 14 მონაწილეს ესაუბრა, მათგან რამდენიმეს ანონიმურობის პირობით, რათა გულწრფელად განეხილათ მათი რეაქცია ვენსის გამოსვლაზე.
მთავარი საკონფერენციო დარბაზი სავსე იყო - დამსწრეები ირონიულად იცინოდნენ, როდესაც ვენსმა ახსენა „საერთო ღირებულებები".
„ეს ყველაფერი ძალიან გიჟური და შემაშფოთებელია", - თქვა ერთ-ერთმა გერმანელმა ოფიციალურმა პირმა.
„რა ჯანდაბა იყო ეს? პირი ღია მქონდა. გაბრაზებული ვიყავი", - თქვა კონფერენციაზე ყოფილმა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კი თავის გამოსვლაში პირდაპირ მიმართა ვენსს და თქვა:
„ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მთელ ევროპაში დემოკრატია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ეს მიუღებელია".
„ოცნება" ვენსის მონოლოგით მოხიბლულია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლამ „ქართული ოცნების" წევრები აღაფრთოვანა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება:
„კარმა... კარმა..." - წერს შალვა პაპუაშვილი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„სიტყვის თავისუფლება ევროპის მასშტაბით, ვშიშობ, უკუსვლას განიცდის".
მანამდე კი „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია:
„ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ტრამპს „დიფ სთეითის" განადგურების საქმეში. ჩვენი მხრივ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი" გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის" გავლენას".