
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ ამერიკას მზა გეგმა აქვს ომის დასასრულებლად. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მ შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს, თუ პუტინი მშვიდობას არ დათანხმდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპის გეგმის განხორციელება სათუოა, თუმცა შეიძლება დროებით ზავს მოეწეროს ხელი.
„დღევანდელ ვითარებაში მშვიდობის მიღწევა ვერ მოხერხდება. უკეთეს ვარიანტში კი შესაძლებელია მხარეები დროებით დაზავდნენ", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპთან მისი საუბარი საკმარისია გარკვეული დეტალების გასარკვევად, მაგრამ არა გეგმის შესამუშავებლად.
„მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, მზად ვარ ნებისმიერ დროს, არაფერი მჭირდება ამისთვის, არც რიცხვები, არც არაფერი, მე ყველაფერი ვიცი. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ნებისმიერ დროს. მზად ვართ ვისაუბროთ ყველაფერზე, დაწყებული (სამხედრო) კონტინგენტიდან უსაფრთხოების გარანტიებამდე, ნატო-ზე, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, თუ ნატო იქნება უკრაინაში.
„ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ძალიან პოზიტიურად ვისაუბრეთ. ეს მართლაც კარგი საუბარი იყო. ვისაუბრეთ ფრონტზე არსებული სიტუაციის დეტალებზე, რა არის რეალური დანაკარგები", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება სურს და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებენ.
„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსების ტერიტორიად. ჩვენ გვინდა ვიყოთ ნატო-ში, დიახ. ჩვენ ვენდობით ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე იაფი ვარიანტი ყველასთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ აპირებს შეხვედრაზე თვალდახუჭული წასვლას.
„არსებობს ბერკეტების სისტემის ეკონომიკური ინსტრუმენტები და, რა თქმა უნდა, არსებობს სამხედრო ინსტრუმენტები. არსებობს მრავალი ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა. ის აპირებს თქვას: „ყველაფერი მაგიდაზეა, მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ", - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალთან" ინტერვიუში.
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, ტრამპის გეგმა არარეალისტურად გამოიყურება, რადგან არ ჩანს, როგორ უნდა დასრულდეს ომი.
„დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ვერ განხორციელდება, ვინაიდან ის მხოლოდ იძახის, რომ მშვიდობა მინდა, ომი უნდა შეწყდეს და ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ, მაგრამ კონკრეტულად როგორ უნდა დასულდეს ეს საომარი მოქმედებები, ვინ უნდა დათმოს, ან ორივე მხარე თუ თმობს, რას თმობენ, ან პირიქით, რას არა და ა.შ. ამაზე საერთოდ არაა საუბარი. ამიტომ მე ასე მგონია, რომ ტრამპი რაღაცნაირად ახდენს იმის იმიტაციას, რომ როგორი მშვიდობის მოყვარულია და ცდილობს პრესტიჟის ამაღლებას, კონფლიქტის მოგვარებაში თითქოს რაღაც შუამავლის როლს ირგებს. თუმცაღა გეგმა, როგორც ასეთი არ არსებობს.
„არ მგონია უკრაინა დათანხმდეს კოპრომისს, რომელიც მისთვის წამგებიანი იქნება. ისინი არ დაუშვებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიის ერთი მტკაველიც კი დაიკარგოს. მოითხოვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, უკრაინა არ დათანხმდება იმას, რომ მშვიდობის სანაცვლოდ ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიები რუსეთს დარჩეს.
„თავის მხრივ, დათმობაზე არც რუსეთი წავა, იტყვის, რომ ყირიმი არის მათი შემადგენელი ნაწილი და ჯარს არ გავიყვანო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მშვიდობის მიღწევა ვერ მოხერხდება. უკეთეს ვარიანტში კი შესაძლებელია მხარეები დროებით დაზავდნენ, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო ხელშეკრულებას შორის მსგავსება არის, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ განსხვავებაცაა, რადგან სამშვიდობო ხელშეკრულება საბოლოო ჯამში ნიშნავს, ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ინტერესს და ცნობს არსებულ რეალობას. ამ ფონზე, ტრამპის ინიციატივა არარეალურად გამოიყურება, მითუმეტეს, რომ მას არაფერი აქვს ნათქვამი, თუ როგორ უნდა შეწყდეს ეს ომი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".