ნატალია ჯვარიძე
14.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის „დიდ შვიდეულში" დაბრუნება სურს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი ცდილობს რუსეთის დაშოშმინებას, რადგან დაპირისპირება არ გაგრძელდეს. რაც შეეხება რუსეთის „დიდ შვიდეულში" დაბრუნებას, ისინი ამ ეტაპზე ამას ნაკლებად ელოდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთელ რიგ პროცესებს მოითხოვს.

„როგორც ჩანს, ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე უკეთესი და უსაფრთხოა რუსეთის დაშოშმინება, რათა დაპირისპირება არ გაგრძელდეს, რადგან შეიძლება ამან გაუთვალისწინებელ შემთხვევამდე მიიყვანოს მსოფლიო", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

„მინდა მათი დაბრუნება. ვფიქრობ, შეცდომა იყო მათი გაგდება. შეხედეთ, საქმე იმაში არ არის, მოგწონს თუ არა რუსეთი. ვფიქრობ, პუტინი სიამოვნებით დაბრუნდება", - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ დაუშვებს და რომ ომის დაწყების მიზეზი ეს იყო.

„ვერ ვხედავ ვერანაირ გზას, რომ რუსეთის პოზიციაზე მყოფმა ქვეყანამ მათ ნატო-ში გაწევრიანების საშუალება მისცეს. მჯერა, რომ ეს იყო ომის დაწყების მიზეზი. იმიტომ, რომ ბაიდენი გამოვიდა და თქვა, რომ მათ შეეძლოთ ნატო-ში გაწევრიანება და მას ეს არ უნდა ეთქვა", - განაცხადა ტრამპმა.

„მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ განცხადებაა და ამას „დიდი შვიდეულის" სხვა წევრების თანხმობაც სჭირდება. ასე რომ, ტრამპის ამ განცხადებას მე მაინც და მაინც დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, რადგან ამ გაერთიანებაში რუსეთის დაბრუნებისთვის მთელი რიგი წინაპირებების შესრულებაა აუცილებელი. უპირველეს ყოვლისა უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, თან ისე, რომ არც ერთმა მხარემ თავი წაგებულად არ იგრძნოს, მაგრამ ეს როგორ მოხდება, ძალიან რთული სათქმელია. მე პირადად ვფიქრობ, რომ თუ უკრაინაში ომი მხარეებისთვის ურთერთმისაღები შედეგით არ დასრულდება, ყველანაირი საუბარი „დიდ შვიდეულში" რუსეთის დაბრუნებაზე ზედმეტიც კი იქნება. შესაძლოა ამას შეეწინააღმდეგოს ამ გაერთიანებაში მყოფი სხვა ქვეყნები.

„დონალდ ტრამპის ეს განცხადება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მან აირჩია რუსეთის დაშოშმინების გზა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვიდრე მასთან კონფორნტაციის. როგორც ჩანს, ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, შესაძლოა ტრამპს მრჩევლებმაც ასე ურჩიეს, რომ ამ ეტაპზე უკეთესი და უსაფრთხოა რუსეთის დაშოშმინება, რათა დაპირისპირება არ გაგრძელდეს, რადგან შეიძლება ამან გაუთვალისწინებელ შემთხვევამდე მიიყვანოს მსოფლიო და ბირთვული კატასტროფის წინაშე დააყენოს, რის შესახებაც რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა მსოფლიო. ამიტომ, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა, ყოველშემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

„რუსეთი რა თქმა უნდა, მოხარული იქნება, რომ ის მიღებული იქნას უკან, ცივილიზებულ სამყაროში. მას არანაირად არ აწყობს იზოლაცია, მაგრამ მასაც აქვს თავისი ინტერესები. მას უნდა, რომ დაბრუნდეს ცივილიზებულ სახელმწიფოთა კლუბში, ისეთ პირობებზე, რაც მას აწყობს. თუმცაღა ეს პირობები დიდწილად მიბმულია უკრაინაში ომზე, თუ რა შედეგებით დასრულდება ეს ომი, იქნება თუ არა ეს შედეგები მისაღები მოსკოვისთვის და შეეძლება თუ არა რუსეთს საკუთარი მოსახლეობის წინაშე გაასაღოს ეს, როგორც საკუთარ გამარჯვებად," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×