ნატალია ჯვარიძე
10.02.2025

თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია - სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში გენერირდება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის ოფიციალური რიტორიკა სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული თეზისზე, რომ სომხეთი ახორციელებს შეიარაღებას, ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის და შესაბამისად, აზერბაიჯანს უფლება აქვს თავი დაიცვას და პრევენციული ზომები მიიღოს.

„თუ აზერბაიჯანული რიტორიკის ამ თეზისებს უფრო კომპაქტურად და მარტივად განვიხილავთ, მაშინ ყველაფერი შედეგამდე დადის: სომხეთი ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის, ამიტომ უკეთესი იქნება, რომ აზერბაიჯანმა განახორციელოს სომხეთზე შეტევა, როგორც პრევენციული ზომა.

ამ თეზისების წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: ან აზერბაიჯანი ნამდვილად თვლის, რომ სომხეთი აპირებს თავდასხმას, ან თვითონ აპირებს თავდასხმას და ცდილობს ამისთვის საფუძვლის შექმნას. ორივე შემთხვევაში, ძირითადი წინაპირობაა ის, რომ აზერბაიჯანი ამტკიცებს, სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს", - აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის სტატიაში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკა ახორციელებს არმიის რეფორმირებას გარკვეული პრინციპის ფარგლებში, ანუ, რათა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ.

„ეს, სხვათა შორის, ნებისმიერი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებაა და მისი გამოწვევა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. აქვს თუ არა რაიმე კავშირი სომხეთის არმიის რეფორმებს აზერბაიჯანთან? დიახ თან არა. არა, რადგან სომხეთს არ აქვს არანაირი გეგმა, განზრახვა ან მიზანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ქმედება განახორციელოს. დიახ, რადგან სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში განერირდება", - წერს ფაშინიანი.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აზერბაიჯანი ცდილობს ტემპერატურის აწევას, ვინაიდან მისივე თქმით, სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ თავდასხის წინაპირობა და შესაძლებლობა არ არსებობს.

„აზერბაიჯანი სომხეთს გარკვეულ პირობებს კარნახობს, მაგალითად იმას, რომ სომხეთმა ხელი მოაწეროს შეთანხმებების იმ ვარიანტს, რომელიც აზერბაიჯანისთვის მისაღებია. თუნდაც იმას, რომ აზერბაიჯანმა უწილობელი უპირატესობა უნდა მიიღოს „ზანგეზური დერეფნის" ექსპულატაციის დროს, სადაც აზერბაიჯანული და თურქული ტვირთები ყოველეგვარი წინასწარი მომზადების და საბაჟო შემოწმების გარეშე გადალახავს სომხეთის სახელმწიფო საზღვარს.

„დერეფნით იმოძრავებენ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის და მერე თურქეთი ნახიჩევანი-აზერბაიჯანის მიმართულებით. ასევე, არის რამდენიმე საკითხი, ანუ აზერბაიჯანის მოთხოვნაა, რომ სომხეთმა უარი თქვას ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაზე, რომელიც განთავსებულია სომხეთის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც ჩვენთან. ჩვენთანაც ასეთი ტიპისაა ზუსტად.

„ასე რომ, არის რაღაც საკითხები, რაც აზერბაიჯანს თავისი მოთხოვნები აქვს.ვინაიდან სომხეთი ამას არ ეთანხმება, აზერბაიჯანი მიმართავს ოფიციალური განცხადებების ფორმას, რათა სომხეთი დაავალდებულოს და აიძულოს თავის პირობებს დაეთანხმოს.

„მე ეჭვი მეპარება სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის ემზადებოდეს, რადგან ამის წინაპირობა არ ჩანს, ამის შესაბამისი შეიარაღებაც არ აქვთ, არც განწყობაა ხალხში და ჯარში, რომ მსგავსი ტიპის ქმედება განახორციელონ. ამასთან, არც ფაშინიანს ეტყობა, რომ ამაზე ფიქრობს. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ტემპერატურის აწევას აქვს ადგილი, რათა სომხური მხარე რაღაც გარკვეულ დათმობებზე წაიყვანონ. მე სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაღაც თავდასხმებს არ ველოდები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×