თამთა ჩაჩანიძე
09.02.2025

უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის პრეზენტაცია 14-16 თებერვალს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე იგეგმება. მანამდე კი მედიაში ამ გეგმასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცი ვრცელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი სამუშაო დასახელებაა „მშვიდობის დამყარების ასდღიანი გეგმა“. მისი მთავარი პუნქტი კი იქნება ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულისათვის - 20 აპრილისათვის და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება.

7 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში სავარაუდოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და შეხვედრის ადგილი შესაძლოა ვაშინგტონი იყოს. თავად ზელენსკი ვაშინგტონში შეხვედრის შესახებ არაფერს ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ შემდგომი კვირები დიპლომატიური შეხვედრების მხრივ „ძალიან ინტენსიური“ იქნება.

რაც შეეხება რუსულ მხარესთან კონტაქტებს, „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საუბრის მთავარი თემა, ბუნებრივია, უკრაინა იყო. თუმცა, მოსკოვში ამას ჯერჯერობით ამას არ ადასტურებენ. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ამერიკელებთან კომუნიკაცია „სხვადასხვა არხებით“ ხდება.

„მაშინ, როცა ვაშინგტონის ადმინისტრაცია ავითარებს თავის მუშაობას, მრავალი განსხვავებული კომუნიკაცია ჩნდება და ეს კომუნიკაციები ხორციელდება სხვადასხვა არხებით. რა თქმა უნდა, ამ კომუნიკაციების სიმრავლის ფონზე, მე პირადად შეიძლება რაღაც არ ვიცოდე, რაღაცის საქმის კურსში არ ვიყო. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“, - განაცხადა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ იმავე „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრისას ტრამპმა ღიად დაასახელა თავისი სამშიდობო გეგმის ერთი პუნქტი - საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის სანაცვლოდ, აშშ მიიღებს წვდომას უკრაინაში არსებულ იშვიათი მინერალების საბადოებზე.

ასეთი გარიგების რეალურობას კიევშიც ადასტურებენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამას „სავსებით სამართლიანი“ უწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მაიხალ პოდოლიაკმა კი დააზუსტა, რომ საუბარია ლითიუმისა და ტიტანის საბადოებზე.

აღსანიშნავია, რომ უკრაინას ლითიუმის, გრაფიტისა და ტიტანის ყველაზე დიდი მარაგები აქვს ეროპაში. „ფორბსის“ ცნობით, მათი საერთო ჯამური ღირებულება 15 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მათზე წვდომის სანაცვლოდ კი აშშ 500 მილიონ დოლარს გადაიხდის.

ამასთან, ამ საბადოების 2/3 ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპორებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. ამაზე საუბრისას ზელენსკი აღნიშნავს, რომ ოფიციალური კიევისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათი წიაღისეული შიმდიდრე რუსების ხელში არ მოხვდეს.

სამშვიდობო გეგმაზე საუბრების პარალელურად, უშალოდ ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები საგრძნობლად გააქტიურდა. ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მექანიზებული შეტევის მორიგი ტალღა წამოიწყეს და ქალაქ სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს და 5 კილომეტრის სიღრმეზე შეაღწიეს. რუსულმა ძალებმა კი დონბასსა და ზაპოროჟიეში წამოიწყეს შეტევა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, რომელიც სამშვიდობო გეგმას პირადად წარუდგენს კონფერენციის მონაწილეებს.

რა ინფორმაციამ გაჟონა მედიაში

ბრიტანული „დეილი მეილის“ ინფორმაციის თანახმად, რომელიც უკრაინულ გამოცემა „სტრანას“ ემყარება, ტრამპის სამშიდობო გეგმა რამდენიმე პუნქტს მოიცავს. მათ შორის იმას, რომ  ცეცხლი 20 აპრილამდე უნდა შეწყდეს, უკრაინამ კურსკის ოლქიდან უნდა გაიყვანოს ჯარები, რუსეთის სუვერენიტეტი აღიაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინა კი საბოლოოდ იტყვის უარს ნატოზე, თუმცა 2030 წლისთვის ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობაგანსხვავებულ მოსაზრებას ავრცელებს ბრიტანული „ტელეგრაფი“, რომელიც წერს,  რომ „პუტინს, სავარაუდოდ მოუწევს დათმოს ათასობით კვადრატული კილომეტრის ფართობის მიწა უკრაინაში, უკრაინელების მიერ კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის სანაცვლოდ. მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი, პუტინთან მოლაპარაკებების ფარგლებში გააძევებს რუსეთს უკრაინის უმეტესი, ან ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, თავის მხრივ ამერიკა და ევროკავშირი იზრუნებს დანგრეული რეგიონების აღდგენაზე. სანაცვლოდ კი რუსეთს სანქციებს მოუხსნიან“.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს ჯერ არ აქვს ოფიციალური გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

„ის, რაც სხვადასხვა პუბლიკაციებში ვრცელდება… დარწმუნებული ვარ, ეს არ არის პრეზიდენტ ტრამპის ოფიციალური გეგმა“, - ციტირებს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს უკრაინული მედია.

ზელენსკის პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს - აქვს თუ არა უკრაინას ხედვა, როგორი უნდა იყოს პოტენციური სამშვიდობო გეგმა, რაზეც ზელენსკიმ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ხედვა. არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ამერიკულ მხარესთან ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციამდე განვიხილეთ. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოგვესმინა ერთმანეთისთვის“.

უკრაინის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ პოტენციურ გეგმასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდება „კიევში თუ კიევს გარეთ“, რომელთაგან ზოგი შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს, თუმცა უმეტესობა – არა.

„ჩვენ კვლავ დაველოდებით ჩვენს ოფიციალურ მოლაპარაკებებს და ოფიციალურ შედეგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რაც შეეხება „დეილი მეილის“ მიერ „სტრანაზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, მათი ვერსიით, ტრამპის სამშვიდობო გეგმა მოიცავს შემდეგ პუნქტებს: 

- საომარი მოქმედებების შეწყვეტა 2025 წლის 20 აპრილამდე, ანუ აღდგომის დღესასწაულამდე. 

- უკრაინის ჯარების გაყვანა კურსკის ოლქიდან. 

- უკრაინის მიერ რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

- უკრაინის არგაწევრიანება ნატო-ში.

- უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული (ევროკავშირის და ბრიტანეთის) სამხედრო კონტინგენტის შეყვანა და დემილიტარიზებული ზონის პატრულირება, რაშიც ამერიკული ჯარები არ ჩაერთვებიან.

- 2030 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა.

- უკრაინის აღდგენა რუსული და ევროკავშირის ფინანსების ხარჯზე ათი წლის განმავლობაში. 

- რამდენიმე წლის განმავლობაში რუსულ ენერგოსექტორზე სანქციების ეტაპობრივი მოხსნა.

- ამერიკა გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას“, - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, ევროკავშირს უახლოესი ათი წლის განმავლობაში უკრაინის აღდგენის პროცესში ინვესტიციის ჩადება მოუწევს. გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, ამ ამოცანის განხორციელებას დაახლოებით 486 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

სამშვიდობო გეგმის ამ ვერსიაში ნახსენებია კიდევ ერთი საიმბოლური თარიღი - აღგდომის დღეს, 20 აპრილს ცეცხსლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების შემდეგ, 9 მაისს მხარეებმა უნდა მიიღონ ერთობლივი მემორანდუმი, სადაც საზავო შეთანხმების მთავარი პრონციპები იქნება ჩამოყალიბებული.

ტრამპის სავარაუდო გეგმაზე “ბლუმბერგიც” წერს თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, მედიის ცნობით, აშშ-ის გეგმა მოიცავს კონფლიქტის პოტენციურ გაყინვას და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვებას, ასევე უკრაინის უზრუნველყოფას უსაფრთხოების გარანტიებით, მაგრამ დაზუსტებული არ არის, თუ როგორი იქნება ეს გარანტიები.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმზღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამზე“ წერს, რომ „რეალობაში ასეთი გეგმები არ არსებობს“. თავის მხრივ რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ს ჯერ არ შეუთავაზებია რაიმე არსებითი დეტალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.

„ახლა ბევრი სიტყვაა, ბევრი განცხადება. არ არსებობს სიცხადე, ან დარწმუნება გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამიტომ, ამ კონტექსტში მოლაპარაკებისა თუ სხვა რაიმე პერსპექტივის განხილვა ნაადრევი იქნებოდა... ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე და ქმედებებზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ევროპელ ლიდერებს ომის სწრაფად დასრულებაში ეჭვი შეაქვთ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ უკრაინაში არამც თუ სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნა, არამედ ამ საკითხზე დებატების დაწყებაც კი ჯერჯერობით ნაადრევია.

„მსგავსი დებატები უადგილო და ნაადრევია. ეს იმის დაშვებაა, რომ უკრაინა რუსეთისგან თავისი ტერიტორიის ნაწილს ვერ დაიბრუნებს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, უკრაინელების მონაწილეობის გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს.

„პირველ რიგში, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს რეალური მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმის გაგება, თუ როგორი შეიძლება იყოს უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას ვერ ხედავს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. ლემის თქმით, ამის მიზეზი რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტით არ არის დაინტერესებული.

როგორც „გარდიანი“ წერს, ლემს ეჭვი ეპარება რომ უკრაინას და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებამდე კვირები აშორებს.

„პუტინს აბსოლუტურად არ გამოუჩენია მოლაპარაკებისა და ომის დასრულების სურვილი“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლემმა ასევე არგუმენტად მოიყვანა უკრაინის მოსაზრება, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მოლაპარაკებებამდე.

„მე არ ველოდები ამ ომში ცეცხლის შეწყვეტას უახლოეს დროში. ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, რომ პუტინს ჯერ კიდევ არ გამოუთქვამს სურვილი მოლაპარაკებების დაწყების და, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ეს ომი კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება“, - განაცხადა ლემმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×