მარიამ ვეკუა
06.02.2025

ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მწვავდება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში „რუსული სახლის" დახურვა განიზრახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს შესაძლოა იყოს ოფიციალური ბაქოს პასუხი „აზერბაიჯანის ავიხაზების" („აზალ") კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რადგან ამასთან დაკავშირებით კრემლის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აზერბაიჯანში არასაკმარისად მიიჩნევენ.

„აზალი" კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 25 დეკემბერს რუსეთის საჰაერო სივრცეში დაზიანებები მიიღო. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ქალაქ გროზნოს მიდამოებში მას რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რადგანაც შეცდომით უკრაინულ საბრძოლო დრონად მიიჩნიეს.

აღსანიშნავია, რომ დაზიანებების მიღების შემდეგ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს რომელიმე უახლოეს სათადარიგო რუსულ აეროდრომზე დაშვების უფლება არ მისცეს და ყაზახეთში, აქტაუს აეროდრომისკენ გადაამისამართეს. ტრაგედიაც სწორედ იქ მოხდა - აქტაუს მახლობლად თვითმფრინავმა ავიაკატასრტოფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 28 დაიღუპა.

აზერბაიჯანული მხარე მას შემდეგ ითხოვს რუსეთის ხელისუფლებისაგან სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეების დასჯას და დაღუპულთათვის კომპენსაციის გადახდას.

მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ამ საკითხზე აზერბაიჯანისა და რუსეთის პირველ პირებს, ილჰამ ალიევსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. ალიევის ცნობით, საუბრის ინიციატორი რუსული მხარე იყო და პუტინმა საუბრისას მას პირადად მოუხდა ბოდიში. თუმცა, ამ ინციდენტზე რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად პასუხისმგებლობა აქამდე არ აუღია და შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნების შესრულებაზეც უარს ამბობს.

6 თებერვალს რუსულ სამთავრობო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი ქვეყანაში „როსოტრუდნიჩესტვოს" წარმომადგენლობის დახურვას ითხოვს, რადგან ეს ორგანიზაცია აზერბაიჯანში რეგისტრირებული არ არის.

აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლობა - „რუსული სახლი" - ბაქოში 1997 წლის 3 თებერვალს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე დაარსდა.

„როსსოტრუდნიჩესტვოს" ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა რუსულ მედიას ეს ინფორმაცია დაუდასტურა, მისივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბაქოში რუსეთის საელჩომ და „როსოტრუდნიჩესტვოს" წარმომადგენლობამ „არაერთხელ მიმართეს იუსტიციის სამინისტროს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგისტრაციისთვის დახმარების თხოვნით". თუმცა, ყოველი მიმართა და მცდელობა უპასუხოდ დარჩა,

„ჩვენმა წარმომადგენლობამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს იუსტიციის სამინისტროს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგისტრაციის მოთხოვნით. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამის გასაკეთებლად, მაგრამ ზარები ყოველთვის უპასუხოდ რჩებოდა", - განაცხადა პრიმაკოვმა.

აზერბაიჯანული მედია კი წერს, რომ ოფიციალური ბაქო აქ არ გაჩერდება, მზადაა სიტუაციის ესკალაციისათვის და კვლავ მოსთხოვს რუსეთს საბოლოოდ აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა კატასტროფაზე და აანაზღაუროს ზარალი.

მანამდე გამოცემა „რიპორტმა" თავის წყაროებზე დაყრდნობით გაგაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთს ოფიციალური შეტყობინებაც გაუგზავნა ქვეყანაში „როსსოტრუდნიჩესტვო" სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, სადაც მითითებული იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზიც: „ჩვენი ქვეყანა თავად გახდა დონორი და არ სჭირდება დახმარებები გარედან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×