
უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი" წერს. ინფორმაციას კელოგიც ადასტურებს, ოღონდ მანამდე უკრაინაში ჩავა ბოლო დეტალების შესათანხმებლად. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ტრამპის სამშვიდობო გეგმას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ის რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.
„მე არაერთხელ ვთქვი, რომ დონალდ ტრამპის გეგმა არარეალურია და მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოიტანს. ფაქტია, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
გამოცემა „ბლუმბერგის" წყაროების ცნობით, გეგმის მოსალოდნელ ელემენტებს შორისაა კონფლიქტის პოტენციური გაყინვა და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის გაურკვევლობაში დატოვება. ამავდროულად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, რათა მოსკოვმა ხელახლა შეტევა ვერ შეძლოს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.
თავად კელოგი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სტრატეგია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე (14-16 თებერვალი) იქნება წარმოდგენილი.
„მოუთმენლად ველი დონალდ ტრამპის მიზნების შესახებ საუბარს უკრაინაში სისხლიანი და ძვირადღირებული ომის დასასრულებლად. შევხვდები ამერიკის მოკავშირეებს, რომლებიც მზად არიან, ჩვენთან იმუშაონ", - წერს კელოგი.
მანამდე უკრაინულმა „უნიანმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კით კელოგი კიევს ეწვევა. ვიზიტი უახლოეს მომავალში, 11 თებერვლის შემდეგ იგეგმება. ჟურნალისტების ინფორმაციით, დაგეგმილია მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„ვიზიტის შემდეგ კელოგი ევროპაში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება, შემდეგ კი მონაწილეობა უნდა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში", - განაცხადა წყარომ.
ვახტანგ მაისაიას შეფასებით, დონალდ ტრამპის გეგმიდან არაფერი გამოვა, რადგან მისივე თქმით, მას არ აქვს რეალური წარმოდგენა არსებულ ვითარებაზე.
„მე არაერთხელ ვთქვი, რომ დონალდ ტრამპის გეგმა არარეალურია და მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოიტანს. ფაქტია, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. როგორც ჩანს, მას არ აქვს სრული წარმოდგენა, თუ რა კონტექსტში მიდის საბრძოლო მოქმედებები და როგორია მისი ფორმა.
„ტრამპი საკმაოდ იმპულსური ადამიანია, ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ასე რომ, მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ აქედან რამე გამოვა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".