
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა განიხილოს ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივა, რომელიც შეიარაღების სანაცვლოდ უკრაინისგან მინერალებს ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი ტრამპს მოუწოდა, რომ ვაშინგტონმა კიევს არანაირი დახმარება არ გაუწიოს და „მინერალებისგან ხელი აიღოს".
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ფირმებს უკრაინის იშვიათ ლითონებში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სამხედრო დახმარებას უკრაინაში არსებული მინერალების სანაცვლოდ გასცემს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამერიკის ტექნიკური, ენერგეტიკისა და თავდაცვის ინდუსტრიისთვის. ზელენსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეს იდეა ჯერ კიდევ გასულ წელს რეპუბლიკელებს წარუდგინა.
„მე ტრამპს, ჯერ კიდევ სექტემბერში, ვუთხარი, რომ დიახ, ჩვენ ღია ვართ, რომ ამერიკული კომპანიების ინვესტიციები შემოდიოდეს", - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ სასარგებლო მინერალებზე რუსეთის კონტროლის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ „იქ შევლენ" ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
„ღია ვართ იმისთვის, რომ გეგმა შეიძლება შემუშავებულ იქნას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში, მტერს უკან ხევენ თავისი იარაღით, თავისი ყოფნით, სასანქციო პაკეტებით", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკვე მზადდება შეხვედრის დეტალები, რათა ამერიკელი ბიზნესპარტნიორები უკრაინაში ჩამოვიდნენ.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ დავადგინოთ ამერიკელი პარტნიორების ჩამოსვლის თარიღები. ახლა ვთანხმდებით თარიღებსა და დეტალებზე, მოუთმენლად ველით მათ გუნდთან შეხვედრას. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ორშაბათს კაბინეტიდან ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინაში მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნის იდეა იშვიათი მინერალების სანაცვლოდ.
„ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვდებთ", - თქვა ტრამპმა.
„მათ აქვთ იშვიათი მინერალების მრავალფეროვანი არჩევანი და მსურს ვუზრუნველყო ჩემი ინვესტიციების უსაფრთხოებაც უკრაინაში, რა თქმა უნდა, თუ ისინი მზად არიან ამისთვის".
ტრამპის თქმით ამერიკას სჭირდება კონკრეტული გარანტიები.
„უკან დაიხიეთ, აიღეთ ხელი უკრაინის მინერალებისგან"
ტრამპისა და ზელენსკის შეთანხმებას ნეგატიურად ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. აშშ- სპრეზიდენტის ინიციატივას „კომერციული წინადადება" უწოდა და აღნიშნა, რომ ასე უკრაინა-რუსეთის ომს ვერ დაასრულებს.
სამშაბათს კრემლმა ამერიკას გეგმების შეცვლისკენ მოუწოდა.
„მოდი ყვავს ყვავი ვუწოდოთ, ეს არის დახმარების ყიდვის შეთავაზება, ანუ არა უსასყიდლო ან სხვაგვარად მიწოდების გაგრძელება, არამედ კომერციულ საფუძველზე", - განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს მოსკოვში.
„უმჯობესია, რა თქმა უნდა, საერთოდ არ გავუწიოთ დახმარება და ამით ხელი შევუწყოთ კონფლიქტის დასრულებას", - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპის იდეების არსი უკრაინაში მოგვარების თაობაზე გაურკვეველია, მაგრამ აშკარაა, რომ აშშ-ის შეიარაღების მიწოდება კიევისთვის გაგრძელდება, რადგან არცერთს სხვა რამ არ განუცხადებია.
პესკოვმა დასძინა, რომ ევროპის თავდაცვის ხარჯების ზრდა რეგიონის ეკონომიკას „კრიზისამდელ მდგომარეობაში" აყენებს და რომ დანახარჯების შემდგომი ზრდა „იმოქმედებს ყველა ევროპელზე".
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი ხაზგასმით ამბობს, რომ მოსკოვი მიიღებს საპასუხო ზომებს, ტრამპს კი მოუწოდებს შეუწყვიტოს უკრაინას ყველანარი დახმარება.
აღსანიშნავია, უკრაინის გეოლოგიის ინსტიტუტის სტატიის მიხედვით, იშვიათი მინერალები, როგორიცაა ცერიუმი, ლანთანი, ნეოდიმი, ერბიუმი, სამარიუმი, ლუტეტიუმი და იტრიუმი, აღმოაჩინეს აზოვის საბადოში - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - თუმცა მარაგების რაოდენობა ჯერჯერობით გაურკვეველია.
„რეზონასნთან" ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეიარაღებას უკრაინის ფრონტზე წარმატების მოტანა შეუძლია.
საბადოებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს კონტროლი, რათა ტრამპის ინიციატივა განხორციელდეს.
„ამერიკას აქვს უკიდურესი ინსტრუმენტი - შეიარაღება, რომელიც უნდა გადასცეს უკრაინას, დანარჩენი, ვფიქრობ, უკრაინაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიცით რომ როცა ამერიკა რეგულარულად აწოდებდა და აწოდებს დახმარებებს უკრაინას, ის წარმატებებს აღწევდა ფრონტზე და იმედია მომავალშიც მიაღწევს.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საბადოებს, რასაკვირველია, უნდა დაბრუნდეს, თუმცა ეს უნდა დაიბრუნოს უკრაინამ, ჯერ მასზე კონტროლის მოპოვებაა საჭირო და სწორედ ამას სთავაზობს ტრამპიც რომ ეს საბადოები საერთო სარგებლობაში გამოყენონ, თუმცა საბადოებზე კონტროლი, რასაკვირველი, ჯერ უკრაინამ უნდა მოიპოვოს."
ინფორმაციაზე, რომ ტრამპმა ომის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა რუსეთსაც გაუზარდოს ტარიფები, ირაკლი მენაღარიშილი ფიქრობს, რომ ამერიკის ეკონომიკისთვის მნიშნელოვანი გამოწვევა იქნება.
„რაც შეეხება ტარიფების გაზრდას, ამერიკის ეკონომიკას ეს საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, ტრამპს იმედი აქვს რომ გაუძლებს ამერიკის ეკონომიკა ამ პროცესს, არა მარტო გაუძლებს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს აიძულებს, რომ დათმობაზე წავდეს ამერიკის წინაშე" - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.