
„შეერთებული შტატები ღაზას სექტორს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს",- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრაპმა გამოთქვა ინიციატივა, რომ ამ რეგიონს ეკონომიკური თვალსაზრისით, განავითარებს.
ტრამპმა, კითხვაზე, რა უფლებამოსილება აქვს სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის დასაწესებლად, უპასუხა, რომ ამ საკითხს თვეების განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა.
„აშშ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს ღაზას დ ჩვენ შევასრულებთ სამუშაოს. პასუხისმგებელი ვიქნებით ადგილზე არსებული ყველა საშიში აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის დემონტაჟზე, მოვაშორებთ დანგრეულ შენობებს. შევქმნით ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს შეუზღუდვი რაოდენობის სამუშაო ადგილებს და საცხოვრებელს ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის.
„ჩავატარებთ ნამდვილ სამუშაოს. ვხედავ გრძელვადინი მფლობელობის პოზიციას და ვხედავ, რომ ეს დიდ სტაბილურობას მოუტანს ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილს და შესაძლო მთელ ახლო აღმოსავლეთს", - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ღაზას სექტორი სიკვდილისა და განადგურების სიმბოლოა და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხალხი იქ ცხოვრობს ისაა, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. ტრამპის განცხადებით, პალესტინელი ხალხი ეგვიპტესა და იორდანიაში უნდა გადასახლდეს და რომ მათ სხვა ქვეყანაშიც მიიღებენ.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „სხვა ადამიანების, ძალიან მდიდარი ქვეყნების მიერ მიწოდებული უზარმაზარი თანხა" საშუალებას მისცემს პალესტინელებს ექვს სხვადასხვა ადგილას გადასახლდნენ. კითხვაზე, თუ ვინ იცხოვრებს საბოლოოდ ღაზაში, როდესაც მას აღადგენენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ადგილი. „ჩემი წარმოდგენით, იქ ცხოვრობს მსოფლიო ხალხი", - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ „ახლო აღმოსავლეთი რივიერა" გახდება.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო „ტვიტერზე" წერს, რომ ამერიკა მზადაა ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს.
„ღაზა „ჰამასისგან" თავისუფალი უნდა იყოს. როგორც დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ მზადაა ეს პროცესი წარმართოს და ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს. ჩვენ რეგიონში ყველასთვის ხანგრძლივი მშვიდობისკენ ვისწრაფვით", - წერს მარკო რუბიო.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმღღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ტრამპის მიდგომა ღაზასთან მიმართებაში განსხვავებულია და ამერიკას მსგავსი რამ სხვა ქვეყნებთან გაკეთებული აქვს.
„ამერიკა არ აპირებს იქ თავისი ლეგიტიმაციის გავრცელებას. მან თქვა, რომ ის ისრაელთან შეთანხმების შემდეგ პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ეკონომიკურად ააღორძინოს აღნიშნული მხარე. ამაზე ჰქონდა ისრაელის პრემიერთან საუბარი. ეს არ არის იგივე, რაც გრენალდისა და პანამაზე განაცხადა. ღაზასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომაა.
„ტრამპმა ნეთანიაჰუს შესთავაზა, რომ ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ასეთი მიდგომები აშშ-ს ჰქონდა თურქეთთან, სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან მიმართებაში, ცივი ომის პერიოდში, როდესაც ამერიკამ საკუთარ თავზე აიღო მათი ეკონომიკური თვალსაზრისით, გაჯანსაღება, რის შედეგადაც ეს ქვეყნები განვითარდნენ და საერთოდ, იაპონია დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფო გახდა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
საგარეო პოლიტიკის ექსპერტი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ მთავარი გაურკვეველი სკითხია, თუ რა ბედი ეწევა პალესტინელ ხალხს.
„სიმართლე გითხრათ, ცოტა გაურკვეველია ეს, რადგან იმდენად ახალი განცხადებაა, რომ არ ჩანს რას შეიძლება მოიცავდეს. თუმცა, ფაქტია, რომ ტრამპს ახალი ინიციატივა აქვს, ღაზის სექტორი გახდეს სინგაპურის მსგავსი სავაჭრო ცენტრი, თუ რაღაც ადგილი, სადაც ამერიკას შეეძლება განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა და ამ მხარის განვითარებას ხელს შეუწყობს.
„თუმცა, რაც გაურკვეველია და შეკითხვები არსებობს, არის ის, რომ რა ბედი ეწევა პალესტინელებს, რადგან არის სხვადასხვა მოსაზრებები, რომ შესაძლოა ვისაც სურვილი აქვს დარჩეს, ვისაც ენდომება კი უახლოეს მეზობელ სახელმწოფოებში გადავიდეს. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა არსებობს, მაგრამ ფაქტია, ასეთი გეგმა გაჟღერდა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ იკვეთება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რესზონანსთან".