
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას სომხეთი „ფაშისტურ სახელმწიფოდ" მოიხსენია და დაემუქრა, თუ ის „ფაშიზმის ბირთვს" არ აღმოფხვრის, ბაქო ამას თავად გააკეთებს. ფაშინიანი ალიევის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს და მშვიდობისკენ მოუწოდებს. გამწვავდება თუ არა პოლიტიკური ფონი და გახდება თუ არა ეს განცხადება ახალი ესკალაციის მიზეზი?
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სომხეთი რეგიონისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, სომხეთი „ფაშისტური სახელმწიფოა", რადგან თითქმის 30 წლის განმავლობაში მართვადნენ ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევრები. ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. შესაბამისად, მას გაანადგურებს ან სომხეთის ხელისუფლება, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს," - განაცხადა ალიევმა.
ალიევმა სომხეთს „ფაშისტური" მას შემდეგ უწოდა, როცა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის არმია 5 იანვარს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე სროლაში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებები უარყო და კვირას გაკეთებულ განცხადებაში დეზინფორმაციაც უწოდა.
ფაშინიანის თქმით, ალიევს ესკალაციის ლეგიტიმაცია სურს. „ჩვენ გამოვიყენებთ არა აგრესიას, არამედ გავაგრძელებთ დიალოგს, ფოკუსირებას დემოკრატიაზე და სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გამოვლენის პრობლემებზეც," - განაცხადა ფაშინიანმა.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი თავის შემადგენლობაში დაიბრუნა, სომხეთში არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ აზერბაიჯანი სომხეთის საერთაშორისოდ აღაირებულ ტერიტორიაზე თავდასხმას აპირებს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ალიევი აპირებს სომხეთიდან მაქსიმალური რესურსის მიღებას, რადგან „გარკვეულ დათმობებზე" ვერ აიძულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ცდილობს მისაღები სცენარის გათამაშებას.
„ალიევი ნერვიულობს და ცდილობს აიძულოს სომხეთი გარკვეულ დათმობებზე წამოიყვანოს. მისი მიზანია ფაშინიანს და სომხეთის მოსახლეობას შეუქმნას საფრთხის განცდა. გავიხსენოთ, ყარაბაღის შემდეგ აზერბაიჯანმა განახორციელა ესკალაცია, და სომხეთი მაინც დაითანხმა კომპრომისზე. ახლა მსგავსი საშიშროება არაა. მგონია, რომ მშვიდობიანი ფორმით გადაწყდება და განცხადებებით დასრულდება ეს ყველაფერი," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
„ამ ყველაფერს ემატება მსოფლიოს გლობალური მოცემულობა, ტრამპის განცხადებები, მუქარა, არ დაგვავიწყდეს, ეს თანამედროვე მსოფლიოს თანმხლევი პროცესია. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ მგონია დიდი ეფექტი ჰქონდეთ. ფაშინიანმა და ალივმა თავად უნდა მოახერხონ საერთო ენის გამონახვა. ბოლო 6 წელია ბაქო და ერევანი პირდაპირ ელაპარაკებიან, შუამავლების გარეშე ერთმანეთს. მგონია, რომ ამჯერადაც თავად შეძლებენ საერთო ენის გამონახვას."
აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, მოლაპარაკებები ხუთშაბათიდან დაიწყება.
„ეს საინტერესო მოცემულობაა, თუმცა ვფიქრობ, ალიევისთვის სომხეთის ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება ესკალაციის დაწყების მიზეზი. ალიევის ამის საბაბად გამოყენებას ვერ შეძლებს. იმავე განცხადებაში, სადაც სომხეთს „ფაშისტურს" უწოდებს, ამბობს რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ერთი ერია, შესაბამისად, თურქეთიც გაცხადებულად მიდის ევროკავშირისთვის.
„ალიევს ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ აზერბაიჯანმა ვერ მიაღწია მიზანს, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პირობებით დასრულდეს. ალიევის გაცხადებული მიზანია, რომ სომხეთმა კონსტიტუციიდან ამოიღოს მითითებები აზერბაიჯანის ტერიტორიების პრეტენზიებზე, სომხეთმა უარი თქვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე სომხეთში, მაგრამ არცერთი პირობა არ ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას," - დასძინა ზაქარეიშვილმა.
ავტორი: მარიამ ვეკუა