პრეზიდენტ ასადის ადგილმდებარეობა უცნობია - ერთი ვერსიით, დამასკოდან გაქცევის დროს მისი თვითმფრინავი ამბოხებულებმა ჩამოაგდეს, ან ავიაკატასტროფა განიცადა
თამთა ჩაჩანიძე
08.12.2024

სირიაში 14 წელს მიმდინარე სამოქალაქო ომი პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობით დასრულდა. 8 დეკემბერს დილით მეამბოხეთა რაზმები უბრძოლველად შევიდნენ დედაქალაქ დამასკოში. ასადის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ქვეყნის მოქმედი პრემიერი მუჰამად გაზი ალ-ჯალალი დედაქალაქში დარჩა და აცხადებს, რომ მზადაა ითანამშრომლოს ახალი ხელისუფლებასთან, რომელსაც სირიელი ხალხი აირჩევს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამით რუსეთმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე დაკარგა და ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ საქართველოზეც თუნდაც იმის გამო, რომ ასადის რეჟიმი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქვეყნიდა, ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

ამ მომენტისათვის სირიის სამთავრობო ძალები მხოლოდ ზღვისპირა ლატაკიის პროვინციას აკონტროლებენ. სხვადასხვა წყაროების ცნობით, თავად ასადმა კვირას გამთენიისას დამასკო თვითმფრინავით დატოვა, რომელსაც სწორედ ლატაკიას პროვინციისკენ ეჭრა გეზი. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, თვითმფრინავმა ქალაქ ჰომსის მახლობლად, სადაც სამხედრო-საავიაციო ბაზა მდებარეობს, თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და რადარებიდან გაქრა. როგორც სააგენტო „როიტერსი“ სირიის ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდობით წერს, დიდია იმის ალბათობა, რომ თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, ან ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლით ჩამოაგდეს.

ასადის ოჯახი, დასავლური მედიის ცნობით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთს აფარებს თავს.

აღსანიშნავია, რომ ლატაკიას მოსახლეობა შედარებით ლოიალურადაა განწყობილი ასადის მიმართ. გარდა ამისა, სწორედ ამ პროვინციაში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაზე რუსეთის ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელსაც კრემლისთვის კრიტიკული მნიშნელობა აქვს.

ამ ცნობების ფონზე, კვირას ასადის ერთგულმა შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აგრძელებენ ბრძოლას მეამბოხეთა წინააღმდეგ ჰამას, ჰომსისა და დერაას პროვინციებში. თუმცა, დასავლური მედიის ცნობით, მანამდე არმიის სარდლობამ სამხედროებს აცნობა, რომ ასადის ხელისუფლებამ არსებობა შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სირიის სამოქალაქო ომი ერთგვარად მიძინებული იყო. სამთავრობო არმია და სხვადასხვა მიმართულების მეამბოხეთა შენაერთები სხვადასხვა კონკრეტულ ქალაქებსა და პროვინციებს აკონტროლებდნენ და პოზიციური ბრძოლებიც კი საკმაოდ იშვიათი იყო. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 27 ნოემბერს, როდესაც ამბოხებულებმა, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით, მოულოდნელი შეტევა დაიწყეს. რამდენიმე დღეში ამბოხებულებმა დაიკავეს სირიის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო და შეტევის დაწყებიდან მე-10 დღეს უკვე დედაქალაქიც აიღეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ასადის პოზიციების დაკარგვა რუსეთისთვის მოულოდნელი და საკმაოდ მძიმე დარტყმაა. ამით გაიხნა „მეორე ფრონტი“ კრემლისთვის, რომელიც ასადის რეჟიმს ეხმარება სერიოზული რაოდენობის ცოცხალი ძალითა და ავიაციით, რაც თავად რუსეთისთვისაც ახლო მომავალში ნეგატიურად აისახება უკრაინის ფრონტზე.

მაისაიას შეფასებით, ამ ვითარებაში საქართველოსთვისაც მცირდება რუსეთისგან მომავალი საფრთხეები, რადგან თბილისში დაძაბული სიტუაციის ფონზე, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა ამ არეულობით ისარგებლოს. თუმცა დასძენს, რომ არაა გამორიცხული გამწარებულმა კრემლმა სწორედ სამხრეთ კავკასიაში „მოიქნიოს კუდი“.

„მეორე ფრონტი“ რუსებისათვის

ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა რას მოიმოქმედებს რუსეთი თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირის გადასარჩენად. ლატაკიის პროვინციაში, საზღვაოს გარდა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაც მდებარეობს. საერთა ჯამში, დაუდასტურებელი ინფორმაციით, აქ განლაგებულია რუსეთის არმიის 15-ათასიანი კონტიგენტი. გარდა ამისა, კრემლს სირიაში გადასროლილი ჰყავს სხვადასხვა ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიების, მათ შორის „ვაგნერის“ შენაერთებიც.

რუსი სამხედრო ბლოგერები უკვე განიხილავენ რუსული ბაზების ევაკუაციის აუცილებლობას, მათი თქმით, საფრთხე ემუქრება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ფუნქციონირებას ტარტუსში, საიდანაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაიყვანა გემების ნაწილი და ასევე ხმეინის სამხედრო ბაზას.

„ხმეინის აეროდრომი არ არის დიდი ინდუსტრიული ობიექტი. ეს არის გაშლილი ველი პატარა ქოხებით, რომელიც შეწყვეტს ფუნქციონირებას იმ წამსვე, რა წამსაც მოწინააღმდეგე მიუახლოვდება აეროდრომს საარტილერიო ცეცხლის, ან დრონების სამუშაო მანძილზე.

„ბაზების ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, საუკეთესო შემთხვევაში შესაძლებელია პირადი შემადგენლობის, დოკუმენტებისა და გამართული თვითმფრინავების გამოყვანა“, - წერს ბლოგერი“, - წერს რუსი სამხეფრო ბლოგერი „ფლაითბომბერი“.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ რუსეთს არ აქვს ბაშარ ასადის რეჟიმის გადარჩენის გეგმა და მოსალოდნელია, რომ მსგავსი გეგმა არ გაჩნდება, სანამ სამთავრობო ჯარები უკან იხევენ. 

მედიის ცნობით, სირიაში სამხედრო ბაზების დაკარგვა მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთის ოპერაციებს აფრიკაში - ხმეიმინი საკვანძო მნიშვნელობის ლოჯისტიკური ჰაბია, რომლიდანაც შეიარაღება და დანაყოფები მიემართებიან სუდანში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჰომსის დაკავება სტრატეგიულ პრობლემას შეუქმნის ასადის რეჟიმსაც - ეს არის საკვანძო ლოჯისტიკური კვანძი, რომელიც სამთავრობო ჯარების მახლობელ რაიონებთან და ალავიტური უმცირესობით დასახლებულ პუნქტებთან აკავშირებს. 

თურქეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები კატარის შეხვედრისთვის ემზადებიან. ისინი სირიაში სამშვიდობო პროცესის გარანტორებად ითვლებიან.  6 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მან დაურეკა ბაშარ ასადს და ქვეყნის მომავლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა დადებითი პასუხი არ მიუღია. 

რას კარგავს კრემლი ასადის დამხობით

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ასადის ადგილსამყოფელზე რამდენიმე ურთიერთსაწინაარმდეგო ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, ყველა ვარიანტში, ეს ყველაფერი მისი და რუსული რეჟიმისთვის მოულოდნელი და ძლიერი დარტყმაა.

„მოსადის“ (ისრაელის სადაზვერვო სამსახურის) ცნობით, ასადმა და მისმა ოჯახმა სირია დატოვა, თუმცა არის სხვა მონაცემებიც. რუსებისთვის ეს საკმაოდ მოულოდნელი დარტყმაა და ამით რუსებისთვის მეორე ფრონტი იხსნება. ისინი ასადის რეჟიმს სამხედრო ავიაციით და რუსი დაქირავებული მებრძოლებით - „ვაგნერით“, კადიროვის დაჯგუფებით ეხმარებიან. საკმაოდ სერიოზული ძალების გადასროლა მიდის, მაგალითად, ტარტუსის მიმართულებით და ხმეინის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც რუსული ძალების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი რჩება და სადაც დაახლოებით 15 ათასი რუსი სამხედროა კონცენტრირებული. ეს რაც ოფიციალური ცნობაა და ამის გარდა რამდენია დაქირავებული სამხედრო, ეს არავინ იცის.

„ირანიც ცდილობს, რომ ძალები გადაისროლოს და შეტევის ლოკალიზება მოახდინოს, თუმცა ბაშარ ასადმა მეზობელი ქვეყნებისგან - იორდანიასა და ეგვიპტესგან დახმარებაზე უარი მიიღო. მას ერდოღანთანაც ჩაუვარდა მოლაპარაკებები. ამ ეტაპზე რუსეთს შეზღუდული ტიპის დახმარების აღმოჩენა შეუძლია, ერთ-ერთი ირანი რჩება, რომ სერიოზულად დაეხმაროს. ერაყმა ჯერ თქვა, რომ ასადის რეჟიმს დაეხმარებოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და უარი უთხრა დახმარებაზე“, - განაცხადა მაისაიამ. 

მისი შეფასებით, ასადის ხელისუფლება იმ რეჟიმთა სიაშია, რომლებმაც აფხაზეთისა და ცხინვალის „სუვერენიტეტი“ აღიარა და შესაბამისად, მისი პოზიციის შესუსტება საქართველოსთვის დადებითი მომენტია.  

„ასადის რეჟიმს კრიტიკული სიტუაცია აქვს და ეს ჩვენ გვაწყობს, რადგან ეს იმ რეჟიმთა სიაშია, რომელმაც ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. სუვერენიტეტი აღიარა. რუსეთი ფაქტიურად კარგავს სირიაში სამხედრო ბაზების ერთობლიობას, ეს დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტებია, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს - „როსნეფტს“, „გაზპრომს“ და „ნოვიტეკს“ გაუფორმა ენეგროსაბადოებისა და სხვა პროექტების განვითარებისთვის. 

„რუსეთი კარგავს ერთადერთ სამხდრო-საზღვაო ბაზას ხმელთაშუა ზღვაზე, რომელსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სხვადასხვა წვრთნებისა და გეოსტრატეგიული გავლენების გასაფართოვებლად იყენებდა. კარგავს პირდაპირ ბერკეტებს ერაყზე. ასადის რეჟიმის დამხობამ შესაძლოა გამოიწვიოს ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაც. გარდა ამისა, ეს იმ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ჩაშლის წინაპირობაა, რომელიც 2015 წელს გაფორმდა და სადაც შედიოდა სირია, ლიბანი, ერაყი, ირანი და რუსეთი. 

„რუსეთი აღმოსავლეთში გეოსტრატეგიული გავლენის ზონას სერიოზულად კარგავს, ეს დასავლეთან მიმართებაში გეოპოლიტიკურადაც დიდად წამგებიანია. არაა გამორიცხული, რომ გამწარებულმა კრემლმა ჩვენს რეგიონზე „კუდი მოიქნიოს“, თუმცა, ამ ეტაპზე მას შეზღუდული აქვს პოზიციები, რადგან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ახალ ეტაპზე გადადის, ცენტრალურ აზიაშიც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს - როცა ეგონა, რომ ყაზახეთი მისი მოკავშირე იყო, ქვეყნის პრეზიდენტმა კარგი გაკვეთილი ჩაუტარა პუტინს. 

„სომხეთმაც „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციასთან“ („ოდეკაბე“) თანამშრომლობა შეაჩერა. რუსეთს კავკასიაშიც საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს და საქართველოში მიმდინარე პროცესები ამას ადასტურებს. როგორც რუსულ პროპაგანდისტიულ გადაცემაში ერთ-ერთმა რუსმა პოლიტოლოგმა თქვა, „რუსეთი ალყაშემორტყმულიაო“. 

„ასადის რეჟიმი აგონიაშია, სერიოზულ ეროზიას განიცდის. მისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აჯანყებულების მხარეს გადადიან. აქ თურქეთის ხელი აშკარად ჩანს და არაა გამორიცხული, რომ ამის გამო ანკარა-მოსკოვს შორის ურთიერთობა დაიძაბოს, ეს დაძაბულობა კავკასიის რეგიონზეც იქონიებს გავლენას. ქართველმა რაშისტებმა იმდენი იძახეს „მეორე ფრონტიო“, რომ რუსეთს მართლა გაეხსნა მეორე ფრონტი, ოღონდ საქართველო ნაცვლად სირიაში. თუ ქართველ რაშისტებს პუტინის დახმარების რაღაც იმედი მაინც ჰქონდათ, ამით ფაქტიურად გამოეცალათ. 

„ეს უკრაინისთვის შვებაა, რადგან რუსეთს თავისი სამხედრო კონტინგენტის სირიაში გადასროლა მოუწევს, რაც უკრაინაში რუსების ბრძოლის დინამიკაზეც აისახელა უახლოეს დღეებში. 

„სირიაში სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ასადის რეჟიმს მცირე შანსები 20%/80%-ზე დარჩა, ფაქტიურად განწირულია, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ რას იზამს რუსეთი“, - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×