აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეას ჯარებს საპასუხო დარტყმით უნდა უპასუხოს, თუკი ისინი უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ. „როიტერის" ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეშფოთებული რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნით.
„შეშფოთებული ვარ ამით", - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ჯარების კურსკის ოლქში ყოფნის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ამასთან, კითხვაზე, უნდა განახორციელონ თუ არა უკრაინელებმა საპასუხო დარტყმა მათ წინააღმდეგ, ბაიდენმა უპასუხა: „დიახ, თუ ისინი უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ".
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გუშინ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეას ჯარები რუსეთში იმყოფებიან.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გაიგზავნა რუსეთში და რომ ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ნაწილები განლაგებულია კურსკის ოლქში", - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის 38 კორეელი ჯარისკაცია დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი, რომლის გამოც, მისივე ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის.
მისივე აზრით, უკრაინა ისევე იმოქმედებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებთან მიმართებაში, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ იქცევა.
„ჩრდილოეთ კორეამ უკრაინას ომი გამოუცხადა. მათი შეიარაღებული ძალების კონტიგენტი, 2 ათასი კაცი უკვე მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში. უკრაინაში სამხედრო ექსპერტის სტატუსი მაქვს და მომაწოდეს ზუსტი ინფორმაცია, რომ უკვე დაღუპულია 38 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, 100 - ზე მეტი დაჭრილია და დაახლოებით 2 ათასი კორეელი სამხედრო სპეციალურ წვრთნას გადის ოკუპირებული დონბასის საფრონტო ხაზის მიდამოებში, რომლებიც აქტიური სამხედრო წარმოებისთვის ემზადებიან.
„ნატოს გენერალურმა მდივანმაც დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები მონაწილეობს უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში. ამაზე მეტი დასტური რა შეიძლება იყოს?
„ასე რომ, ეს ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის მიერ შექმნილი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია, სადაც რა თქმა უნდა, ირანიც მოიაზრება. რუსეთმა, ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ შექმნეს ევრაზიული სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, რომელიც რასაკვირველია, დამოუკიდებელ უკრაინას და დასავლეთს უპირისპირდება.
„ვერ გეტყვით, რა შეიძლება უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გააკეთოს. ბუნებრივია, უკრაინა როგორც რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს, იგივეს იზამს ჩრდ.კორეის მიმართაც. სხვათაშორის, მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეებს უხდიან თვეში 2 ათას დოლარს. ისინი დაქირავებული მებრძოლეები არიან.
„ასევე, ახლა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი სასწრაფო წესით რუსეთში ჩადის და ვლადიმერ პუტინს ხვდება, ესეც საინტერესო მომენტია, თუ რატომ გადაწყვიტა ასე უცებ ვიზიტი. როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების მებრძოლების დაღუპვისა და დასახიჩრების ფაქტები არსებობს და ალბათ, უკან დაბრუნებაზე ისაუბრებენ. სავარაუდოდ, ამასთან სხვა საკითხებიც არის განსახილველი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინელების სამხედროებისთვის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ლეგიტიმური სამიზნე ხდება, რომელთა წინააღმდეგ გარკვეულ შეტევებს განახორციელებენ.
„უკრაინას, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეისთვის ომის გამოცხადება შეუძლია, თუკი უკრაინაში შეიჭრება. კორეის ძალები უკვე ნიშნავს იმას, რომ ის ომში რუსეთის მხარეს ჩაება. ომის გამოცხადება ნიშნავს როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურსა და საინფორმაციო ომს, თორემ უკრაინა ჩრდილოეთ კორეას, რომ ვერ დაარტყამს ეს ნათელია, ხომ?
„აქ საუბარია იმაზე, რომ იმ დაჯგუფებებზე მიიტანოს დარტყმები, რომლებიც იმყოფებიან თუნდაც რუსეთის ტერიტორიაზე, ან სადღაც რუსეთის სამხედრო ბაზებზე.
„ჩრდილოეთ კორეის სამხედროები უკვე ხდებიან უკრაინელების ლეგიტიმური სამიზნე. ეს შეიძლება იყოს სპეცოპერაცია, დივერსიული მოქმედება, უშუალო კინეტიკური სამხედრო ზემოქმედება და სხვა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".