რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლდოვაში არჩევნები და რეფერენდუმი ჩაეშლა და დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხრა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი სხვადასხვა ხერხებით ეცადა მოლდოვაში სიტუაციის არევას, თუმცა არ გამოუვიდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთი ჩარევას მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც შეეცდება.
„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები და რეფერენდუმი ჩაეშალა და დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა, მათ შორის უკანონო დაფინანსების, ხმების ყიდვის, დეზინფორმაციისა და მავნე კიბერ აქტივობების მეშვეობით.
3 ნოემბერს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ამერიკა კვლავ შეშფოთებულუა იმის გამო, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდბა მოლდოვოლებს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენული უფლების გამოყენებაშ ხელი შეუშალოს", - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფრომაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ 20 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42,25% მიიღო, ხოლო ალექსანდრე სტოიანოგლომ 25,98%.
აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, 3 ნოემბერს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 100%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,39%-მა დაუჭირა.
„რუსეთი ორიგინალურობით ვერ გამოირჩევა და რასაც აკეთებს ყველგან, ის ქნა მოლდოვაშიც", - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან". როგორც მაისაია ამბობს, რეფერენდუმის ამბავი უცხოეთში მცხოვრებმა მოლდოველმა მოქალაქეებმა გადაწყვიტა და მოსკოვის გეგმა ჩაიშალა.
„რუსეთი მაქსიმალურად ცდილობდა ჩარევას: დიდი რაოდენობით მოსყიდვები, პრორუსული ძალების მაქსიმალური მობილიზება, საინფორმაციო ზეწოლა, ასევე, გარკვეულ კობერშეტევებსა და პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი.
„რუსეთი ორიგინალურობით ვერ გამოირჩევა და რასაც აკეთებს ყველგან, ის ქნა მოლდოვაშიც. თუმცაღა, მიზნის მიღწევა ვერ გამოუვიდა, რადგან ბოლო წუთს უცხოეთში მცხოვრები მოლდოველი მოქალაქეების ხმებმა რეფერენდუმის ამბავი გადაწყვიტა.
„მგონი ამას ითვალისწინებს ჩვენი ხელისუფლებაც და ყველგან ბლოკავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ჩვენმა ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. ესეც ერთგვარი საინტერესო მომენტია. მოლდოვაშიც ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო: პრომოსკოვური ძალები მოითხოვდნენ, რომ მოსკოვში გახსნილიყო საარჩევნო უბნები და წინააღმდეგები იყვნენ დასავლეთის ქვეყნებში გახსნაზე. ეს კონსტიტუციის დარღვევა იყო. რა თქმა უნდა, რუსეთი კიდევ შეეცდება, რომ მეორე ტურში ჩაერიოს. მათ თავისი პრორუსი კანდიდატი ჰყავს", - განაცხადა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".
რონდელის ფონდის მკვლევარის, კახა გოგოლაშვილის აზრით, პრორუსული ძალები სიტუაციის შესაცვლელად ბევრ საშუალებას იყენებდნენ. მისივე თქმით, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც შეეცდებიან ჩარევას.
„მოლდოვაში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც უმეტესი რუსულენოვანი მოსახლეობაა, ძალიან ინტენსიურად მუშაობს რუსული გავლენის ინსტრუმენტები, მათ შორის ხალხისთვის ფულის დარიგება. სხვადასხვა სახის პროპაგანდებს ეწევიან.
„საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ძალიან ბევრი საშუალებები გამოიყენეს და საკმაოდ დიდი შედეგიც დადეს პრორუსულმა ძალებმაც. რეფერენდუმში თითქმის 50% მოიპოვეს. პრაქტიკულად, ძალიან ცოტათი მოუგო ევროპულმა არჩევანმა პრორუსულს. როგორც ვიცით, მაია სანდუმ 42% დააგროვა და ლოგიკურად მეორე ტურშიც უნდა მოუგოს, თუმცა, ბუნებრივია, ისევ შეეცდებიან სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, რათა თავიანთ კანდიდატს გაამარჯვებინონ", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".