ნატალია ჯვარიძე
16.10.2024

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსული რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების მიზნით უკრაინის სიახლოვეს „ჰაჰედის" ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას არ გეგმავს, როგორც ამას ისრაელისთვის აკეთებს.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგში საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა, თუკი შეერთებული შტატები აგზავნის „ჰაჰედის" სისტემას ისრაელში, ირანიდან თავდასხმების შესაჩერებლად, რატომ არ შეიძლება იგივე უკრაინისთვის გააკეთოს - განათავსოს „ჰაჰედი" პოლონეთში ან რუმინეთში, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. ამ კითხვაში პასუხის გაცემისას სინგმა უპასუხა, რომ ეს არის ორი განსხვავებული სიტუაცია.

„განსხვავებული შესაძლებლობები, განსხვავებული ომები და რეგიონები. ასევე განსხვავებულია ვალდებულებები ისარელსა და უკრაინის მიმართ", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ასევე მან ხაზი გაუსხვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას ისევ აგრძელებს.

„არ მინდა გავაკეთო იმ ყველაფრის მთელი ჩამონათვალი, რასაც ჩვენ უკრაინას, ან ისრაელს ვაწვდით, მაგრამ, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს ადმინისტრაცია, ეს სამინისტრო აგრძელებს ორივეს მხადაჭერას სხვადასხვა საჭიროებებში, რაც მათ სჭირდებათ", - განაცხადა საბრინა სინგიმ.

შავი ზღვის უნივერისტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს, ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ პენტაგონის წარმომადგენელი ხსნის თუ რატომ არ შეუძლია დაეხმაროს უკრაინას ისე, როგორც ისრაელს. მისივე თქმით, ამერიკას უშუალოდ რუსეთთან ბრძოლა არ სურს.

„აქ ლაპარაკი არაა უკრაინის დახმარების შემცირებაზე. აქ უბრალოდ საუბარია სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაზე, რომელსაც აშშ იყენებს ერთი მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში და მეორე მხრივ, ისრაელთან მიმართებაში.

„ამერიკა, როდესაც აპირებს ისარელში განათავსოს შესაბამისი ანტისარაკეტო სისტემები, აქ რუსეთთან დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს. აქ მათ „ჰეზბოლას" წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. უკრაინას კი აწვდის დახმარებას, თუმცა, მათ არ სურთ რუსეთთან ომში ჩართვა. ამიტომ აქ ეს არის მთავარი განმასხვავებელი, თორემ აშშ უკრაინის დახმარებას ისევ გააგრძელებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ექსპერტისა და ანალიტიკოსის გიორგი კობერიძის აზრით კი, დასავლეთი ამით ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობს.

„ეს ამერიკის მხრიდან უფრო თავშეკავებული და მიზანმიმართული ნაბიჯია, რადგან აშშ-ის აზრით, ეს ყველაფერი პოტენციურ ესკალაციას გამოიწვევს. მათი გადასახედიდან, ეს არის ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობა, მაგრამ რამდენად სწორია, ეს კიდევ ცალკე საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა ამბობს, ესკალაციას პირიქით იწვევს, როდესაც დასავლეთი რბილად იქცევა.

„ეს განცხადება უკრაინის დახმარების შემცირებაზე არ მიუთითებს. არც იყო მსგავსი რამის შეპირება. ამიტომაც ეს უფრო უკრაინის მხრიდან დასავლეთზე ჯანსაღი ზეწოლის მცდელობაა, ანუ ისინი ეუბნებიან, რომ რუსეთის დასამარცხებლად აუცილებელია მაქსიმალურად მობილიზებული ძალის გამოყენება. მობილიზებული ძალა კი ნიშნავს, რომ დასავლეთი რაც შეიძლება მეტად უნდა დაეხმაროს უკრაინას", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×