ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის დუმის ორ დეპუტატს და გავლენიან დაღესტნელ სენატორს მისი მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი და საჯაროდ გამოუცხადა ე.წ. მოსისხლე მტრობა. ეს ყველაფერი კომპანია „უაილდბერისთან“ დაკავშირებული სკანდალის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთში ზაფხულში აგორდა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. კადიროვის ბრალდების შემდგეგ კი ეს მოვლენები უკვე სულ სხვა სიბრტყეში გადადის, მითუმეტეს, რომ კადიროვის კოლეგამ - დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჩეჩნეთის ლიდერისაგან დადანაშაულებულ თავის თანამემამულეს.
ტრადიციული ჩეჩნური „მოსისხლე მტრობის გამოცხადება“, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო დონეზე მოხდა - გროზნოში გამართულ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა სამუშაო თათბირზე, რომელსაც კადიროვი პირადა უძღვებოდა. მან განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები - რიზვან კურბანოვი და ბეკჰასან ბარახოევი, ასევე სენატორი დაღესტნიდან სულეიმან ქერიმოვი, მისი მოსაკლავად ქილერის დაქირავებას აპირებდნენ.
კადიროვი ამბობს, რომ ამის მოწმეები ჰყავს და შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს. ამიტომ ამის გამო ორ დეპუტატსა და ერთ სენატორს ოფიციალურად უცხადებს „მოსისხლე მტრობას“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩეჩნეთის ლიდერი ღიად აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს სისხლის აღება და ამ სამი პოლიტიკოსის დახოცვა. თუმცა, იმავე თათბირზე კადიროვმა თავისი მოუქარა შეარბილა და განაცხადა, რომ სისხლის აღებაზე უარს იტყვის, თუ მის მიერ დადანაშაულებული დეპუტატები და სენატორები ამ ბრალებაში თავის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.
„არიან მოწმეები, არის ხალხი, ვისაც მაგათ დაუკვეთეს [ჩემი მოკვლა], ჰკითხეს, რამდენად შეასრულებთ შეკვეთასო. თუ საპირისპიროს არ დაამტკიცებენ, ვპირდები, რომ მათ სისხლს ავიღებ”, - თქვა კადიროვმა.
დაღესტნის ხელმძღვანელი და კადიროვის კოლეგა სერგეი მელიკოვი კი სრულ მხადაჭერას უცხადებს სენატორ ქერიმოვს. შაბათს მახაჩყალაში დაღესტნის სახალხო პოეტის, სულეიმან სტალსკის სახელობის რეკონსტრუქციული პარკის გახსნისას სენატორ სულეიმან ქერიმოვს „კეთილი საქმეებისთვის“ მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ დაღესტნელი ხალხი მხარს დაუჭერდა მას, თუ ამის საჭიროება იქნება.
„ჩვენი დიდი კლასიკოსის თანამემამულემ და სეხნიამ, სენატორმა და ქველმოქმედმა სულეიმან აბუსაიდოვიჩ ქერიმოვმა ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დიდი აშუღის სახელი უფრო ხმამაღალი და მნიშვნელოვანი ყოფილიყო ჩვენი დროის რეალობაში, როგორც რესპუბლიკურ, ისე ფედერალურ დონეზე. ეს მშვენიერი პარკი, რომელიც ნამდვილი საჩუქარია მახაჩყალის მცხოვრებლებისა და ქალაქის სტუმრებისათვის, სწორედ სულეიმან აბუსაიდოვიჩის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი კეთილი საქმეა. დაღესტანი მას ყოველთვის დაუჭერს მხარს რთულ დროს, როცა ამის საჭიროება იქნება.“, - განაცხადა დაღესტნის ხელმძღვანელმა.
„უაილდბერის“ სკანდალი
რამ გამოიწვია ჩრდილო კავკასიაში რეგიონალურ პოლიტიკური ლიდერებს შორის ურთიერთობის ასეთი გამწვავება, რამდენად საფუძლიანია კადიროვის ბრალდება და რა მოტივი შეიძლება ჰქონოდათ მის მიერ დადანაშაულებულ პოლიტიკოსებს ჩეჩნეთის ლიდერის მკვლელობის შესაკვეთად? ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, რუსეთის უმდიდრეს ოჯახში დაწყებულ განქორწინების პროცესს და მათ მფლობალობაში არსებულ კომპანიაშ წილების გაყოფას უკავშირდება.
კომპანია „უალდბერი“ ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული კომპანიაა, რომელსაც რუსეთში მარკეტპლეისების ბაზრის 47% უკავია. მისი მფლობელები არიან ცოლ-ქმარი ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკები.
ივნისში გავრცელდა ინფორმაცია „უაილდბერისა“ და კიდევ ერთი მსხვილი კომპანია „რაშის“ შერწყმის შესახებ. ამავდროულად გაირკვა, რომ ტატიანა ბაკალჩუკს (ქალიშილობის გვარი - კიმი) „უალდბერის“ 99% ეკუთვნის, მის მეუღლეს კი - მხოლოდ 1%.
ოფიციალურად კომპანია „რაშის“ მფლობელი ბიზნესმენი რომერ მირზაიანია, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, მის უკან სწორედ დაღესტნელი ბიზნესმენი ცულეიმან ქერიმოვი დგას.
ვლადისლავ ბაკალჩუკი ამ გაერთიანების წინააღმდეგი იყო. 23 ივლისს ის ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს შეხვდა. ამ საუბრის შემდეგ კადიროვმა „უაილდბერიში“ მიმდინარე პროცესს „რეიდერული მისაკუთრება“ უწოდა და თავის ქვეშევრდომებს მოუწოდა „ოჯახში დაებრუნებინათ ვლადისლავის მეუღლე და ბიზნესი“.
ამის საპასუხოდ ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რომ იგი განქორწინებას გეგმავდა და ეს მისმა მეუღლემაც წინასწარ იცოდა, ისევე, როგორც „უაილდბერისა“ და „რაშის“ დაგეგმილი შერწყმის შესახებ. 30 ივლისს კი ტატიანა ბაკალჩუკმა ოფიციალურად შეიტანა სასამართლოში განაცხადი განქორწინებაზე.
18 სექტემბერს კი უკვე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოსკოვში, უშალოდ კრემლის მახლობლად მდებარე „უაილდბერის“ ოფისთან ვლადისლავ ბაკალჩუკი მივიდა, რომელსაც თან ახლდა ეროვნებით ჩეჩენი რამდენიმე ათეული შეიარაღებული მამაკაცი. მათსა და ოფისის დაცვას შორის, რომელიც ძირითადად ეთნიკური ინგუშებისგან შედგებოდა, მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება, რის შედეგადაც ოფისის დაცვის 2 წარმომადგენელი დაიღუპა და კიდევ 7 ადამიანი დაიჭრა.
ვლადისლავ ბაკალჩუკმა მომხდარს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა, ტატიანა ბაკალჩუკმა კი - „რეიდერული მისაკუთრების მცდელობა“.
მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პოლიციამ დააკავა ვლადისლავ ბაკალჩუკი და მისი თანმხლები 6 პირი. თუმცა, რუსული მედიის ინფორმაციით, იმ დღეს ვლადისლავ ბაკალჩუკს 30-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანი ახლდა თან.
უკვე მეორე დღეს კი ვლადისლავ ბაკალჩუკი გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით სხვა დეტალები გაურკვეველია. გათავისუფლების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვლადისლავ ბაკალჩუკმა თვად დაპოსტა სოციალურ ქსელში, რომ ის „სახლშია“.
რაც ყველაზე მთავარია, რუსული მედიის ინფორმაციით, „უაილდბერისა“ და „რაშის“ შერწყმის საკითხი კრემში განიხილეს და მოიწონეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.
რა შეიძლება მოხდეს
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ეს პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინი სერიოზულ კონფლიქტში კადიროვის მხარეს არაა. შესაბამისად, მისი ვარაუდით, ჩეჩნეთის ლიდერს არ ეყოფა გამბედაობა რაიმე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირებისათვის. თუმცა, ცალკეული ინციდენტები და შეიარაღებული თავდასხმები მოსალოდნელია.
„დღევანდელი ამბავი შიდა რუსული საქმეა. კონკრეტული ბიზნესმენი, რომელიც რუსული წარმომავლობისაა და კადიროვი მფარველობს, თავის ცოლს დაუპირისპირდა, რომელსაც ისლამ ქარიმოვი მფარველობს. ის წარმოშობით დაღესტნიდანაა, რომელიც მილიარდელია. პრაქტიკულად, კადიროვი დაეჯახა ქარიმოვს ამ ბიზნესის განაწილების საქმეში, მაგრამ ისე მოხდა, რომ თავიდანვე პუტინი ქარიმოვის მხარეს იყო, რადგან მისი მეგობარია პუტინის აპარატის უფროსი ანტონ ვაინო. ანუ ანტონ ვაინო ქარიმოვს მფარველობდა. ესე იგი, პუტინმა ქარიმოვის მხარე დაიჭირა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კადიროვს თავისი არ გაუვიდა, მაგრამ ამას რამდენიმე ადამიანი შეეწირა, რომლებიც ეროვნებით ინგუშები იყვნენ. ფაქტობრივად, კადიროვმა ქამიროვთან ერთად ინგუშებიც გადაიკიდა.
„ეს ორივე დეპუტატი, რომელიც ნახსენები იყო წარმოშობით დაღესტანიდან არიან და რასაკვირველია, ორივემ ქამიროვის მხარე დაიჭირეს.
„ახლა კადიროვი პრევენციას ახდენს, რომ ვითომ ისინი თუ ვერ დაუმტკიცებენ, მისი მოკვლა არ უნდათ, მაშინ სისხლის აღების პროცედურას დავიწყებო. სინამვდილეში ყველაფერი ასე მარტივად არაა, რადგან კადიროვმა ძალიან კარგად იცის, რომ პირველი შემთხვევაა, როცა პუტინი მის მხარეს არაა. აქედან გამომდინარე, მე კადიროვის დაღესტანში შეჭრას არ ვვარაუდობ იმიტომ, რომ ეს მისთვის და საერთოდ ჩეჩნებისთვის ძალიან ცუდად დასრულდება. ამრიგად, არ მგონია შეჭრის დონეზე რამე მოხდეს, თორე ვიღაღა ვიღას, რომ თავს დაესხმევა, ეს მოსალოდნელიცაა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან“.