სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს უკვე აკმაყოფილებს და დაბრკოლებები, რომლებიც რჩება, პოლიტიკურია.
„ეს ევროპისთვის, მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტეგრაციისთვის საკვანძო საკითხია. ევროკავშირის საკეთილდღეოდ განსაკუთრებული აქცენტი სერბეთზე უნდა გავაკეთოთ. სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, ბალკანეთი არასტაბილურ რეგიონად რჩება", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა, მისივე თქმით, აქედან სავარაუდოდ, მხოლოდ სამს აქვს შანსი, რომ ალიანსს შეუერთდეს.
„რთულია საუბარი რომელი ქვეყანა შეიძლება გაერთიანებას შეუერთდეს. ბალკანეთში რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, რომელიც ჯერ არაა ევროკავშირიში გაწევრიანებული, ესენია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, სერბეთი, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს ბალკანური ქვეყნები არიან ამ გაწევრიანების ტალღაში მოყოლილები. სხვები არიან კიდევ: მოლდოვა და უკრაინა. ჩვენ ვიყავით და ჩავეხსენით, სხვა მეტი არაა.
„ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე მეტი შანსი აქედან უფრო სერბეთს და მოლდოვას აქვს. იმის მიუხედავად, რომ უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა, მასაც აქვს შანსი", - განაცხადა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ პირველ ეტაპზე ბალკანეთის დარჩენილი ქვეყნები გაწევრიანდებიან ევროკავშირში და შემდეგ სავარაუდოდ, უკრაინა.
„შედარებით მეტი შანსი ალბათ მონტენეგროს გააჩნია და შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას, რადგან ამ ქვეყნებში ეროვნებათშორის კონფლიქტები მოგვარებულია და შიდა სტაბილურობა უფრო უზრუნველყოფილია.
„ამიტომაც მოხდა, რომ 2017 წელს მონტენეგრო ნატოში მიიღეს და 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონია გახდა ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო. სერბეთს რაც შეეხება, იქ კოსოვოს საკითხია მოსაგვარებელი და შესაძლებელია მათთან ამ პროცესმა გაიწელოს.
„სხვათაშორის შეიძლება ორბანს სერბეთზე თავისი ინტერესებიც ჰქონდეს, რადგან იქ არსებობს ვოევოდინას რეგიონი, სადაც უნგრელები არიან დასახლებული და ისტორიულად ეს ტერიტორია უნგრეთს ეკუთვნოდა.
„ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ, ალბათ უფრო მეტი შანსი უკრაინას ექნება მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისგან განსხვავებით, ნატოში მხარს არ უჭერენ. ერთი შეიძლება უნგრეთი აღმოჩნდეს წინააღმდეგი. იმედია, რომ უნგრეთის ხელისუფლება შეიცვლება.
„მოლდოვასაც აქვს შანსი, თუმცა, მასაც აქვს რაღაც პრობლემები. ეკონომიკური თვალსაზრისით ის გარკვეულ პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებს. იქ ბევრი რამე მოსალოდნელ არჩევნებზეა დამოკიდებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვაში კორუფციის დონე შედარებით მაღალია და საჭიროა ამ პრობლემის მოგვარება.
„არა მგონია უახლოეს მომავალში მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდეს. პირველ ეტაპზე უფრო მგონია, რომ ბალკანეთის დარჩენილი ქვეყნები იქნება დღის წესრიგში შეყვანილი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".