ნატალია ჯვარიძე
01.10.2024

ისარელი აქამდე ლიბანის ტერიტორიაზე თუ მხოლოდ სარაკეტო დარტყმებსა და საავიაციო შეტევებს ახორციელებდა, 1-ლი ოქტომბრის ღამეს უკვე სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამას საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწედებენ. თურქეთი კი გაეროსაგან ისრაელის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ნებართვას ითხოვს. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი ახალი დიდი დიდი ომის დასაწყისი გახდეს? ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ისრაელმა ჩრდილოეთისკენ, ლიბანის სიღრმეში დაიწყო სვლა, მაშინ მოსალოდნელია ესკალაციის მკვეთრი ზრდა. ისინი ამ ომში გარე ძალების ჩარევაზეც საუბრობენ.

„მართალია, ისრაელი პირდაპირ არ ბომბავს ლიბანის სამხედრო ძალების პოზიციებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ეს საბოლოო ჯამში უშუალოდ ლიბანსა და ისრაელს შორის ომში გადაიზრდება. ესკალაციის მატება იმ შემთხვევაში იქნება უფრო რეალისტური, თუ ისარელმა სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთისკენ - ბეირუთისკენ და ტრიპოლისკენ დაიწყოს სვლა", - განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა და საგარეო ექსპერტმა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას" ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ „წერტილოვანი" და „შეზღუდული" სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

„პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას" ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზუსტი დაზვერვის საფუძველზე", - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამიზნეები განლაგებულია საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში და უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელელ თემებს ჩრდილოეთ ისრაელში.

„ისრაელის საჰაერო ძალები და თავდაცვის ძალების არტილერია მხარს უჭერენ სახმელეთო ძალებს ამ ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე ზუსტი დარტყმებით", - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

მათი თქმით, აღნიშნული ოპერაციები დამტკიცდა და განხორციელდა პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილების შესაბამისად.

„ოპერაცია „ჩრდილოეთის ისრები" გაგრძელდება სიტუაციური შეფასების მიხედვით და ღაზასა და სხვა ასპარეზზე ბრძოლის პარალელურად. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს ოპერაციას ომის მიზნების მისაღწევად და აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ისრაელის მოქალაქეების დასაცავად და ჩრდილოეთ ისრაელის მოქალაქეების სახლებში დასაბრუნებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამის პარალელურად თურქეთი მოითხოვს, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელის შესაჩერებლად ძალის გამოყნების ნებართვა გასცეს

„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სწრაფად უნდა გამოიყენოს უფლებამოსილება და რეკომენდაცია გაუწიოს ძალის გამოყენებას, როგორც ეს გააკეთა 1950 წლის „მშვიდობისთვის გაერთიანების" რეზოლუციით, თუ უშიშროების საბჭო ვერ აჩვენებს საჭირო ნებას", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ხედავს მუსლიმური ქვეყნების უმოქმედობას ისრაელის წინააღმდეგ და მოუწოდა მათ, მიიღონ ეკონომიკური, დიპლომატიური და პოლიტიკური ზომები ისრაელის წინააღმდეგ, რათა აიძულონ იგი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერდოღანის აზრით, ისრაელის თავდასხმები მუსლიმურ ქვეყნებსაც დაემუქრება, თუ მას მალე არ შეაჩერებენ.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მოუწედებს ისარელს შეჩერებისკენ.

„ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ისინი შეჩერდნენ. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას ახლავე უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კი განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიბანში შემდგომი სამხედრო ოპერაციების თავიდან აცილება.

„როგორც ისრაელის, ისე ლიბანის სუვერენიტეტი უნდა იყოს გარანტირებული. ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ჩარევა დრამატულად გაამწვავებს სიტუაციას და ეს თავიდან უნდა ავიცილოთ", - განაცხადა ბორელმა.

იქნება თუ არა დიდი ომი

გიორგი კობერიძე ფიქრობს, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ამ ეტაპზე ეს დიდ ომში არ გადაიზრდება. მისივე თქმით, გარე ჩარევები გარკვეულწილად გავლენას მოახდენს არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ფუნდამენტურს ვერა.

„მე ნაკლებად ვფიქრობ, რომ ეს დიდი ომის საფუძველი გახდება, რადგან ისრაელის ოპერაციის მიზანი მხოლოდ სამხრეთ ლიბანი იქნება. ამასთანავე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უშალოდ ლიბანის შეიარაღებული ძალები ჩაებან. ისინი შეეცდებიან გვერდზე გადგნენ. ამის ნიშნები უკვე იყო, როდესაც საზღვრებიდან მათ საკუთარი სამხედრო დანაყოფები გაიყვანეს, რადგან თავად ლიბანის სამხედრო ძალებში ნაკლები სურვილი არსებობს, რომ „ჰეზბოლას" მხარდამჭერ ომში ჩაებან.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლიბანის შიიტური მოსახლეობის ძირითადი ნაწილს საკუთარი სამხედრო ძალები ჰყავთ, „ჰეზბოლას" სამხედრო შენაერთების სახით. „ჰეზბოლა" პოლიტიკური და ტერორისტული ორგანიზაციაც ხომ არის, რომელსაც საკუთარი გასამხედროებული შენაერთები ჰყავს, 100 ათასამდე ადამიანით. შიიტების გასამხედროებულ შენაერთებზე მაქვს საუბარი, რომელთა უმრავლესობაც „ჰეზბოლას" წევრია და არა ლიბანის შეიარაღებული ძალების.

„მიუხედავად ამისა, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ქრისტიანია, ცდილობს ესკალაცია მინიმუმამდე დაწიოს და არ იყოს ძალიან მასშტაბური. ისრაელის მხრიდანაც ძალიან საინტერესოა ის გარემოება, როდესაც ლიბანის მთავრობის და სამხედრო ძალების მისამართით აგზავნის ნიშანს, რომ გვერდზე გადგნენ და ამ ომში არ ჩაერიონ.

„ისტორიას თუ გადავხედავთ, გვახსოვს, რომ ისრაელის მხრიდან სამხრეთ ლიბანის მიმართულებით ოპერაცია 1980-იანებში და ორიათასიანებშიც იყო ჩატარებული და ორივე შემთხვევაში ლიბანის სამხედრო ძალებთან კონფლიქტი ლიმიტირებული იყო.

„საინტერესოა კიდევ 2 ფაქტიც: ლიბანის ქრისტიანული და სუნიტური მოსახლეობა ნაკლებად უჭერს მხარს „ჰეზბოლას" და მათი პოზიციები ძალიან ნათელია. ისინი ამბობენ, რომ „ჰეზბოლამ" ლიბანი ომში ჩაითრია. ასევე საინტერესოა ისრაელის მხრიდან განცხადებები. ისრაელი ამბობს, რომ ისინი ებრძვიან არა ლიბანს, არამედ ლიბანში ბაზირებულ „ჰეზბოლას".

„რაც შეეხება რეგიონალურ ესკალაციას, რა თქმა უნდა, ირანი თავის როლს შეასრულებს, ეცდება სიტუაცია გარკვეულწილად არიოს და ხელი მოითბოს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ მოახდენს, რადგან ისრაელის ავიაციას აქვს აბსოლუტური დომინაცია ჰაერში და შესაბამისად, ირანს გაუჭირდება, თუკი პირდაპირ არ ჩაერთვება, რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალურია. შეუძლებელია ირანმა „ჰესბოლას" მიაწოდოს ისეთი შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც ისრაელს გამოეპარება" , - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და საგარეო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასაც ასევე მიაჩნია, რომ ეს არ არის იმ მასშტაბის შეჭრა, როგორც აქამდე გაუკეთებია ისრაელს.

„ისრაელის ოპერაცია „ჩრდილოეთის ისრები" უფრო შეესაბამება 1978 წლის ისრაელის შეჭრას ლიბანის ტერიტორიაზე, რომლის შედეგად სამხრეთი ნაწილი დაიკავა და ბუფერული ზონა შექმნა. რაღაც ასეთი სცენარი მოხდება. ეს არ არის ისეთივე ფართო მასშტაბის შეჭრა, როგორც იყო 1982, 2006 და 2009 წლებში. სხვათა შორის, 2006 წელს ისრაელმა პირველად გამოიყენა ჰიბრიდული ომის ელემენტები. ახლა უფრო შეზღუდული ომის მოდელის ფარგლებში იქნება ყველაფერი და ამიტომ, შესაძლოა, ამან არ გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ომი. ამასთან, ჩემი აზრით, ისრაელს არ გააჩნია იმხელა ძალა, რომ ლიბანის ტერიტორიის სრული ოკუპაცია მოახდინოს და 1982 წლის ომის მოდელი გაიმეოროს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×