თამთა ჩაჩანიძე
30.09.2024

ვლადიმერ პუტინი რუსეთის მთლიანი მასშტაბით ცოცხალ ძალას გამალებით აგროვებს, მან ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რითაც 133 ათასზე მეტ სამხედროს გაიწვევენ. როგორც კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში ფარულ მობილიზაციას აპირებს, შექმნა სპეციალური კომისია, რასაც დავალებული აქვს ოთხ მილიონამდე ჯარისკაცის მობილზება. ამას კი შესაძლოა რუსეთში მასობრივი უკმაყოფილება მოჰყვეს.

„პუტინმა რაზეც ხელი მოაწერა, ეს საშემოდგომო გეგმიური გაწვევაა, თუმცა სავარაუდოდ ფარულ მობილიზაციას იანვარ-თებერვალში გამოაცხადებს. ამის საფუძველი უკვე ევროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც სათავეში მედვედევი დაუდგა. მიღებულ იქნა ბრძანებულება, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა 3,5 მილიონამდე გაიზარდოს, აქედან 1,5 მილიონი საბრძოლო შემადგენლობის ბირთვია. ასევე კონტრაქტორებისთვის თანხა 400 ათასი რუბლამდე გაიზარდა.

„როგორც ვიცი, ყველას, ვინც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, დეკემბრიდან ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდება. შეიძლება სტუდენტები გაიწვიონ, მათ ტექნიკური ტიპის სამუშაოებზე იყენებენ - დრონების ოპერატორად და ა.შ. ეს ყველაფერი მზადებაა იმისათვის, რომ, როგორც ჩანს, პუტინი მომავალი წლის დასაწყისში ფარულ, ან ნაწილობრივ დიდ მობილიზაციას გამოაცხადებს. რუსები რეზერვებს ორი მიმართულებით ზრდიან, კერძო სამხედრო კომპანიებისა და თავდაცვის სამინისტროს ხაზით.

„როსნეფტს", „გაზპრომს" და სხვა კომპანიებს დაევალათ სპეციალური ფონდის შექმნა, საიდანაც თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ კერძო სამხედრო კომპანიებს არა რუსეთის ბიუჯეტი, არამედ ეს კომპანიები დააფინანსებენ.

„რუსეთში მოსახლეობის განწყობა შეიცვლება, მაგრამ პროპაგანდა კარგად მუშაობს და მგონია, რომ რეალური გამოხატულება არ ექნება, სანამ სრულ მობილიზაციას არ გამოაცხადებს. უკვე დაინახეს, რომ ომი მათ ტერიტორიაზე გადავიდა, მათი ქალაქები ინტენსიურად იბომბება, ტერიტორია ოკუპაციის ქვეშ მოექცა, კურსკის 40% უკრაინის მიერაა ოკუპირებული. იციან, რომ ომი კარზე მიადგათ და, ბუნებრივია, ეს განწყობები არის. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, პუტინი რეჟიმს კიდევ უფრო გაამკაცრებს. შესაბამისად, შეიძლება მიიღოს საბჭოთა კავშირსნაირი ფარული საბოტირება და ფარული პროტესტი. მაშინაც ყველა წინააღმდეგი იყო, მაგრამ ხმას ვერავინ ვერ იღებდა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

პუტინის განკარგულების თანახმად, 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში 133 000-ზე მეტ ადამიანს გაიწვევენ. საუბარია რუსეთის ფედერაციის 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად.

სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა არ შეიცვლება და კვლავ 12 თვე იქნება, შეკრების პუნქტებიდან კი ახალწვეულების გაყვანა 15 ოქტომბრიდან იგეგმება.

ამის პარალელურად პუტინი უკრაინასთან ომს კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, მისი თქმით, ეს „ჭეშმარიტად განმათავისუფლებელი ხასიათისაა" და „ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება".

პუტინის თქმით, დასავლეთმა უკრაინა „კოლონიად და პლაცდარმად აქცია", 2014 წლის შემდეგ კი, „სისტემატურად ნერგავდნენ სიძულვილს და რადიკალურ ნაციონალიზმს, აღძრავდნენ მტრობას ყველაფრის რუსული მიმართ". მისი თქმით, დასავლური ელიტები დაკავებულნი იყვნენ იარაღის მიწოდებით და დაქირავებული ჯარისკაცების და მრჩევლების გაგზავნით იმისთვის, რომ „უკრაინის არმია ახალი ომისთვის მოემზადებინათ და მათი სამიზნე არა მხოლოდ დონბასი, არამედ ყირიმი და რუსეთის სხვა რეგიონებიც იყო".

პუტინის მტკიცებით, მოსკოვი ცდილობდა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მიეღწია.

„იცით, როგორ დასრულდა ეს მოლაპარაკებები: ტყუილი, გაყალბება და მოტყუება დასავლური ელიტის მხრიდან, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში უკრაინა თავიანთ კოლონიად, რუსეთისკენ მიმართული სამხედრო პლაცდარმად აქციეს", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ სრულად დაადასტურა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" აუცილებლობა და მართებულობა, „მისი ჭეშმარიტად განმათავისუფლებელი ხასიათი". ამბობს, რომ სიმართლე რუსეთის მხარესაა და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება.

„სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება", - განაცხადა პუტინმა.

ამის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მაღალჩინოსნებს და საპრეზიდენტო კანდიდატებს „გამარჯვების გეგმას" აცნობს. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქს-ზე ზელენსკისთან ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და ურთავს ტექსტს, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს და აშშ გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე.

„ზელენსკი კი თავის მხრივ მადლობას უხდის ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის და აცხადებს, რომ „რამშტაინის" შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.

„უკვე ვემზადებით „რამშტაინის" ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის. ერთად უნდა მოვიგოთ ეს ომი, უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და მთელმა თავისუფალმა სამყარომ და მოვიგებთ მას", - აცხადებს ზელენსკი.

აშშ-უკრაინის ურთიერთობების საპასუხოდ, კრემლისგან მორიგი ბირთვული მუქარა ისმის, პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ „დასავლეთის მზარდი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში რუსეთისგან განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების განხორციელებისთვის მზადყოფნას მოითხოვს".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×