რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგს სამჯერ აღემატება, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც იგი აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიის შემადგენლობა 100-დან 520 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი 690 ათასს მიაღწევს.
„მათი დაღუპილთა რაოდენობა გაცილებით მეტია", - განაცხადა სირსკიმ.
თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
სირსკიმ დანაკარგის კონკრეტული მაჩვენებელი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს „სენსიტიური" თემაა, რომელიც შეიძლება მოსკოვმა გამოიყენოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, მისთვის ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია და არ სურს, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს.
სამხედრო ანალიტიკოსისა და საგარეო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას აზრით, უკრაინას აქვს რამდენიმე ისეთი კოზირი, რომელიც რუსეთს არ გააჩნია. როგორც მან აღნიშნა, ამასთან უკრაინას ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორიც აქვს, მაგალითად კორუფცია, მოსახლეობის დაღლა, მოტივირებული ხალხის გადინება.
„უკრაინას აქვს ისეთი კოზირები, რაც რუსეთს არ გააჩნია. დავიწყებ სამოტივაციო რეზერვით, უკრაინას უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე რუსეთის ფედერაციას. მეორეც ერთი, მოტივირებული ხალხი, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვიან და არა სხვა ტერიტორიების ოკუპაციისათვის. მესამე - დასავლური შეიარაღება, რომელიც უკრაინელებმა აითვისეს, მისი გამოყენება უკვე შეუძლიათ, თან საკმაოდ აქტიურად და ბოლოს - დასავლური დახმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ოთხი ფაქტორი შეიძლება ამ მიმართულებით გავაერთიანოთ.
„თუმცა, ხელისშემშლელი ფაქტორებიც არის. მაგალითად, თუნდაც იმ მოტივირებული ხალხის გადინება, რომელთაც აღარ სურთ საომარ მოქმედებაში მონაწილეობის მიღება და ამ მხრივ რაღაც ჩავარდნები არის.
„ასევე, ჩანს, მოსახლეობაში არის ერთგვარი ომის დაღლის ელემენტები და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. მესამე - არის კორუფცია. ეს 3 მომენტი, რომელიც ამ ეტაპზე უარყოფით კონტექსტში შეიძლება განიხილებოდეს.
„აქ არის კიდევ ერთი ვარიანტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების ოპერატიული მომზადება გაცილებით მაღალ დონეზეა და მათ ოპერატიული ინიციატივა რამდენიმე ფრონტის მიმართულებით გააჩნიათ, ესეც შეიძლება ამ კონტექსტში გავითვალისწინოთ.
„ამ ომის წარმოების დროს რუსებმაც ბევრი რამე ისწავლეს. ბუნებრივია, კორუფცია იქაც დიდია, მაგრამ იქ სისტემური ხასიათისაა, მორგებულია პოლიტიკურ სისტემასთან და იმდენად არ აფერხებს განვითარებას, როგორც უკრაინაში.
„უკრაინა აბსოლუტურად მორგებულია დასავლური პოლიტიკური სისტემის ელემენტებთან და ამიტომ კორუფცია პირიქით არის, მავნე ელეენტი. ეს არის რუსეთისა და უკრაინის პოლიტიკურ სისტემებს შორის განმასხვავებელი ნიშანი", -აღნიშნავს მაისაია.
ვახტანგ მაისაიას პროგნოზით, აგვისტოს ბოლოსკენ მხარეები სტრატეგიულ შეტევებს ერთდროულად დაიწყებენ და მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ვის ეყოფა გამძლეობა.
„უახლოეს პერიოდში ალბათ ორივე მხარე სტრატეგიული შეტევების მზადებას დაიწყებს და გარკველწილად ურთიერთდაჯახების ელემენტები იქნება. თუ აქამდე რუსეთს ჰქონდა სტრატეგიული შეტევები, მერე უკრაინა გადავიდა, ახლა კი ორივე მხარე ერთდროულად დაიწყებს.
„აი, ამ სტრატეგიული შეტევის პირობებში ვის უფრო ეყოფა გამძლეობა და მხნეობა ამ პერიოდშივე გამოჩნდება. ფაქტობრივად, ეს შემიძლია შევადარო მეორე მსოფლიო ომის დროს, კურსკის ბრძოლის ვარიანტს, როდესაც ნაცისტურ გერმანიას და საბჭოთა კავშირს ერთდროული შეტევა ჰქონდათ, დაახლოებით იგივე იქნება აგვისტოს ბოლოსკენ. ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით ვისკენ იქნება უპირატესობა, რადგან ეს ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„ამერიკის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ გამარჯვების შემთხვევაში ომი შეწყდება, უკავშირდება არჩევნებს, წინასაარჩევნოდ რაც აწყობს იმას იძახის. მან უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან ერთად უკვე მოსინჯა სამშვიდობო ინიციატივების განხორციელება, მაგრამ ჩავარდა.
„აქედან გამომდინარე, რა გარანტია აქვს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში კიდევ არ ჩაუვარდება. ალბათ ბევრ რამეს ტრამპის უკრაინაში ვიზიტი და ზელენსკისთან შეხვედრა გადაწყვეტს, არ ვიცი ტრამპი პუტინთან როგორ ფორმატს გამოხატავს, შესაძლოა თვითონ ჩავიდეს კიევში და ორბანი მოსკოვში, ეს ვარიანტიც არ გამოირიცხება, მე ამ შემთხვევას რბოლურ დიპლომატიას დავარქმევდი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".