ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერმა, ასევე ევროკავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებებს მოიცავს. ამას უერთდებიან ამერიკის სხვა მოკავშირეები, მათ შორის ავსტრალია. როგორ წარიმართება ამის შემდგომ პროცესები და აისახება თუ არა ეს ბრძოლის ველზე?
„უკრაინისთვის ფინანსური დახმარება, ლოგისტიკური ახალი ტიპის ნატოს სამხედრო მისიის უკრაინაში შექმნა და გენმდივნის სპეცწარმომადგენლის დანიშვნა, ეს საკმაოდ სერიოზული მხარდამჭერი ღონისძიებებია, ახლა საჭიროა იმ გეოსტრატეგიული ფონის გამოყენება, რაც მათ ამჟამად გააჩნიათ და რუსული ოპერატიული უპირატესობის ნიველირება," - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".
როგორც იგი აღნიშნავს, ბევრი რამე დამოკიდებულია ამერიკის არჩევნებზე, რომელშიც დონალდ ტრამპი მონაწილეობს და გამარჯვების შემდეგ რას გააკეთებს, არავინ იცის.
„წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც უნდა დალაგდეს. გაურკვეველია რამდენად შეასრულებს ტრამპი იმ ვალდებულებას, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტის ფარგლებში აიღო," - ამბობს მაისაია.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს და ეს მათთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა.
„თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, რა თქმა უნდა, ომი დასრულდება, მაგრამ როგორ? უკრაინის კაპიტულაციით. კიევში მარიონეტული ხელისუფლებით და იმით, რომ უკრაინელ ხალხს აგრესორი დაამარცხებს. ეს ის გზაა, რომლითაც ჩვენ ომის დასრულება გვსურს? - არა," - განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, იმისთვის რომ ომი ასეთი სცენარით არ დასრულდეს, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს და ევროკავშირის პოზიციაცს ამა წარმოადგენს.
ვახტანგ მაისაიას თქმით, უკრაინას შეიარაღებისა და ფინანსების მხრივ პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა გეოსტრატეგიული სასწორის პინა მის მხარეს გადაიხარა.
„ზოგადად, გეოსტრატეგიული ფონი უკრაინელების მხარესაა, რადგან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერც ერთ ფრონტზე სერიოზული გარღვევა ვერ შეძლეს. ისინი დარჩნენ მხოლოდ იმ დონეზე, რაც ჩამოყალიბდა უკრანის წარუმატებული კონტრშეტევის შედეგად."
როგორც მაისაია აღნიშნავს, ნატოს გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა, რომელიც ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული, თუმცა ახლა მათ ამ ჩავარდნების მოკლე დროში აღდგენა მოუწევთ.
„ასევე მნიშვნელოვანია ნატოს მიერ შექმნილი ფონდი, რომელშიც 40 მილიარდი დოლარი მოიყრის თავს და უკრაინას გადაეცემა. ეს საკმაოდ სერიოზული თანხაა. პლუს კიდევ არის შეიარაღების ელემენტების გადაცემა, რომელიც დეფიციტურია. ახლა დასავლეთის სახელმწიფოები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს აგროვებენ, რომლებიც ნატოს წვრ სახელმწიფოს გააჩნიათ, რადგან ახალი ტიპის წარმოებას დრო სჭირდება - ნატო არ ემზადებოდა ასეთ ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ომისთვის რუსეთის, ბელორუსიის და ირანის წინააღმდეგ, პლუს ამას აქ ჩინური ინტერესებიც იკვეთება. ამიტომ ეს მათთვის სრული მოულოდნელობა იყო, შესაბამისად ახლა ერთგვარი ტრანსფორმაცია იწყება, რადგან ამ ახალი ტიპის გამოწვევებში ნატომ თავი კარგად გაართვას. აქედან გამომდინარე, ამას სჭირდება ფინანსური ძალების მობილიზაცია და მართვა, ასევე საბრძოლო პოტენციალის გაძლიერება, მათ შორის ახალი ტექნოლოგიის განვითარების კუთხით. ნატოს წევრმა წამყვანმა სახელმწიფოებმა სამწუხაროდ, დრო დაკარგეს, როდესაც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა მიმდინარეობდა. მათ ახლა მოკლე პერიოდში მოუწევთ, აღიდინონ ის ჩავარდნა, რაც მათ ობიექტური მიზეზების გამო მოუწიათ", - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".